
ფილიპელთა მიმართ 2:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
ფილიპელთა მიმართ 2:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 მაისი, 2027, ბრწყინვალე პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფილიპელთა მიმართ 2:6
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(ღირსება) ღმერთის ტოლი ყოფილიყო, მას ჰქონდა არა მოპარული, არამედ ბუნებრივი; და ამიტომაც ‘თავი თჳსი დაიმდაბლა’.”
მთელი განმარტება
აჰა, წმინდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “რამეთუ თქუენ შორის იგივე ზრახვაჲ იყოფოდენ, რომელიცა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელმან ხატად ღმრთისა ყოფაჲ არა ავნებად შეირაცხა ყოფაჲ ღმრთისა თანა. Თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისა მიიღო” (ფილ. 2:5-7).
ყურად იღეთ და განიღვიძეთ! ვითარცა მახვილი ორპირა, სადაცა მიმართო, თუნდაც მრავალრიცხოვან ლაშქარზე, ადვილად განგმირავს და მოსრავს მათ, რამეთუ ყოველი მხრიდან ბასრია და ვერარაჲ ძალუძს წინ აღუდგეს მის სიმკვეთრეს, სწორედ ასეთივეა სულიწმიდის სიტყვები. ამ სიტყვებით მან დაამხო არიოზი ალექსანდრიელი, პავლე სამოტატელი, მარკელი გალატელი, საველი ლივიელი, მარკიონე პონტოელი, ვალენტინე, მანესი, აპოლინარი ლაოდიკიელი, ფოტინი, სოფრონი და საერთოდ, ყველა ერესი. მაშ, მოელით რა ამ სანახაობას და ამდენი წყობის დაცემას ერთი დარტყმით, განიღვიძეთ, რათა არ მოკლდეთ სიამოვნება ამ სანახაობით.
თუკი ეტლების დოღის დროს, იპოდრომზე, ყველაზე სასიამოვნო სანახავია, როდესაც ვინმე, დარტყმით, სრულიად ამხობს ეტლებს მეეტლეებიანად და მრავალ ცხენოთხიან ეტლს ამხობს ზედ მდგომ მეეტლეებიანად. Ერთი მიქრის საწყისი ბოძიდან საბოლოო ბოძამდე, მრავალი ტაში და შეძახილი ცას აღწევს. Ის, თითქოს ფრთაშესხმული ამ სიხარულითა და ტაშით, მიაქროლებს ცხენებს მთელს ასპარეზზე, განა რამდენად მეტი არ იქნება სიამოვნება აქ. Ჩვენ, ღვთის მადლით, ერთბაშად და ერთადერთხელ შემოვამხობთ ყველა ერეტიკულ სისტემას და ეშმაკისეულ ხრიკებს მათ მეეტლეებიანად?
და თუ გნებავთ, ჯერ წარმოვიდგინოთ თვით ერესები თანმიმდევრობით. როგორი წესრიგით გსურთ, უღმერთოების მიხედვით, თუ დროის მიხედვით? დროის მიხედვით წესრიგი ჩვენ ვიცით, ხოლო უღმერთოების მიხედვით წესრიგის გაგება ძნელია. მაშ, პირველად წარდგეს საველი ლივიელი. რას ამბობს იგი? იმას, რომ მამა, ძე და სულიწმიდა მხოლოდ სახელებია, რომლებიც ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის. ხოლო მარკიონე პონტოელი ამბობს, რომ ღმერთი, რომელმაც ყველაფერი მოაწყო, არ არის კეთილი; რომ ის არ არის კეთილი ქრისტეს მამა, არამედ სხვა ვინმე მართალი, და რომ ძემ ხორცი არ მიიღო ჩვენთვის. მარკელი, ფოტინი და სოფრონი კი ამბობენ, რომ სიტყვა არ არის იპოსტასური არსება, არამედ ძალა, და რომ ეს ძალა ცხოვრობდა დავითის ერთ-ერთ შთამომავალში. არიოზი აღიარებს ძედ (იესუ ქრისტეს), მაგრამ მხოლოდ სახელით, ამბობს, რომ ის არის ქმნილება და მამაზე ბევრად დაბლა დგას. სხვები ამბობენ, რომ მას (იესუ ქრისტეს) სული არ აქვს.
ხედავთ მომზადებულ ეტლებს? შეხედეთ მათ დაცემასაც, როგორ ამსხვრევს დამამხობელი ყველაფერს ერთად, ერთი დარტყმით, უეცრად. როგორ ამსხვრევს? “რამეთუ თქუენ შორის იგივე ზრახვაჲ იყოფოდენ, ამბობს, რომელიცა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელმან ხატად ღმრთისა ყოფაჲ არა ავნებად შეირაცხა ყოფაჲ ღმრთისა თანა”. ამისგან დაეცნენ პავლე სამოტატელიც, მარკელიც და საველიც. “რომელმან ხატად ღმრთისა ყოფაჲ”, ამბობს (მოციქული). თუ ხატად, მაშ, როგორ ამბობ შენ, უღმერთოვ, რომ მან მარიამისგან მიიღო დასაბამი, და მანამდე არ არსებობდა? კვლავ, როგორ ამბობ, რომ ის იყო ძალა? ნათქვამია: “რომელმან ხატად ღმრთისა ყოფაჲ, ხატი მონისა მიიღო”. მითხარი: მონის ხატი მონის ძალაა, თუ მონის ბუნება? რასაკვირველია, იტყვი, მონის ბუნება. მაშასადამე, ღმერთის ხატიც ღვთის ბუნებაა და არა ძალა. აჰა, დაეცა მარკელი გალატელიც, სოფრონიც და ფოტინიც!
აჰა, საველიც (გამტყუნებულია). ნათქვამია: “არა ავნებად შეირაცხა ყოფაჲ ღმრთისა თანა”. ხოლო ერთსა და იმავე პირზე არ ითქმის, რომ ის თავის თავს უდრის: თანასწორი რაღაცის ტოლია. ხედავთ ორ პირთა ჰიპოსტასს და არა მხოლოდ სახელებს საგნების გარეშე? გსმენიათ მხოლოდშობილის წინარე არსებობის შესახებ? და ეს მათ წინააღმდეგაა.
მაშ, ახლა რას ვიტყვით არიოზის წინააღმდეგ, რომელიც ამბობს, რომ ძეს სხვა არსი აქვს? მითხარი, რას ნიშნავს სიტყვები: “ხატი მონისა მიიღო”? ისინი ნიშნავს, პასუხობ, რომ ის გახდა ადამიანი. მაშასადამე, სიტყვები, “ხატად ღმრთისა ყოფაჲ” ნიშნავს: იყო ღმერთი. იქაც და აქაც ერთი და იგივე სიტყვა დგას: “ხატი”. თუ პირველი ჭეშმარიტია, მაშინ უკანასკნელიც. მონის ხატად ყოფნა ნიშნავს ადამიანად ყოფნას ბუნებით, და ღმერთის ხატად ყოფნა ნიშნავს ღმერთად ყოფნას ბუნებით. და არა მხოლოდ ეს მტკიცდება (ნათქვამით), არამედ თანასწორობაც (ღმერთთან), ისევე, როგორც იოანესთან. და ისიც, რომ ძე არაფრით ჩამოუვარდება მამას: “არა ავნებად შეირაცხა, ამბობს, ყოფაჲ ღმრთისა თანა”.
მაგრამ როგორია ერეტიკოსთა სიბრძნე? ისინი ამბობენ, რომ (ეს სიტყვები) საწინააღმდეგოს გამოხატავს. თითქოს ასე ეთქვა (მოციქულს): მან (იესუ ქრისტემ), ღვთის ხატად მყოფმა, არ მიიტაცა ის, რომ ყოფილიყო ღმერთის ტოლი. მაგრამ თუ ის ჭეშმარიტად იყო ღმერთი, მაშინ როგორ შეეძლო მიეტაცა? და როგორ შეიძლებოდა ამის გაგება? ვინ იტყვის, რომ ამა და ამან, ადამიანად მყოფმა, არ მიიტაცა ის, რომ ყოფილიყო ადამიანი? როგორ მიიტაცოს ვინმემ ის, ვინც ის არის? არა, ამბობენ ისინი. არამედ, მცირე ღმერთად მყოფმა, არ მიიტაცა ის, რომ გათანაბრებოდა დიდ, უმეტეს ღმერთს. გამოდის, არსებობს მცირე და დიდი ღმერთი? ასე თქვენ საეკლესიო დოგმატებში წარმართულს შემოიტანთ? წარმართებს მართლაც ჰყავთ დიდი და მცირე ღმერთი, თქვენ თუ გყავთ, არ ვიცი. მაგრამ წერილებში ვერსად იპოვით; დიდს ყველგან იპოვით, ხოლო მცირეს, ვერსად. და მართლაც, თუ ის მცირეა, მაშ, რა ღმერთია ის? თუ არ არსებობს მცირე ადამიანი და დიდი ადამიანი, არამედ ერთი ბუნება. Რაც არ არის ერთი და იმავე ბუნებისა, ის არც ადამიანია, მაშინ როგორ შეიძლება მცირედ და დიდ ღმერთად ჩათვალო ის, ვისაც არ აქვს ღვთიური ბუნება? ვინც მცირეა, ის არ არის ღმერთი, რადგან წერილში ღმერთი ყველგან დიდებულად იწოდება: “დიდ არს უფალი, ამბობს (დავითი), და დიდად საქებელ” (ფს. 47:2). იგივე ძეზეც, ყველგან უფლად იხსენიებს მას. კიდევ: “დიდ არს უფალი ჩუენი და დიდი ძალაჲ მისი, და გონიერებასა მისსა არა აქვს საზღვარი” (ფს. 146:5). და კიდევ: “დიდ არს უფალი და ქებულ არს ფრიად, და სიდიადესა მისსა არა აქვს გამოძიებაჲ” (ფს. 144:3).
მაგრამ ამბობენ: ეს მამაზეა ნათქვამი, ხოლო ძე მცირეა (ღმერთი). ეს შენ ამბობ ასე, ხოლო წერილი პირიქით: ის ძეზეც ისევე ამბობს, როგორც მამაზე. ისმინე, რას ამბობს პავლე: “მოელით რა სანატრელსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდისა ღმრთისა” (ტიტ. 2:13). ნუთუ მამაზე თქვა მან: “მოელით... გამოჩინებასა”? და რომ კიდევ უფრო ამხილოს თქვენი თავი, მან დაამატა: “გამოჩინებასა დიდისა ღმრთისა”. მამაზეა ეს ნათქვამი? არანაირად. ამის დაშვებას არ იძლევა (მოციქულის) მიერ დამატებული სიტყვები: “და გამოჩინებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა”. აჰა, ძეც დიდია.
მაშ, რატომ ლაპარაკობ მცირესა და დიდზე? იცოდე, რომ წინასწარმეტყველი მას “დიდი ზრახვის ანგელოზსაც” უწოდებს (ეს. 9:6). დიდი ზრახვის ანგელოზი ნუთუ დიდი არ არის? “ღმერთი დიდი”, ნუთუ დიდი არ არის, არამედ მცირე? როგორღა ამის შემდეგ ამბობენ უსირცხვილო და თავხედი ადამიანები, რომ ის მცირე ღმერთია? მე ხშირად ვიმეორებ მათ სიტყვებს, რათა თქვენ უფრო განეშოროთ მათ. მცირე ღმერთად მყოფმა, ამბობენ, არ მიიტაცა ის, რომ ყოფილიყო (თანაბარ ხარისხში) დიდთან. რა არის ეს, მითხარი? (თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ეს ჩვენი სიტყვებია). თუ ძე, მათი აზრით, მცირეა და ძალითაც ბევრად ჩამოუვარდება მამას, მაშინ როგორ შეეძლო მას მიეტაცა ის, რომ ყოფილიყო ღმერთის ტოლი? ბუნებით მცირეს არ შეეძლო მიეტაცა დიდი ბუნება. მაგალითად, ადამიანს არ შეუძლია მიიტაცოს ის, რომ ბუნებით გაუთანაბრდეს ანგელოზს; ცხენს, თუნდაც მოინდომოს, არ შეუძლია მიიტაცოს ის, რომ ბუნებით გაუთანაბრდეს ადამიანს. ამის გარდა, იმასაც ვიტყვი: რას ასწავლის პავლე ამ მაგალითით? უეჭველად, იტყვი, მას სურს ფილიპელები თავმდაბლობისკენ აღძრას. მაშ, რისთვის მოიყვანა მან ეს მაგალითი, მითხარი? არავინ, ვისაც თავმდაბლობისკენ აღძვრა სურს, არ ამბობს ასე: იყავი თავმდაბალი და ჩათვალე შენი თავი შენს თანასწორებთან შედარებით მცირედ, რადგან ამა და ამა მონამ წინააღმდეგობა არ გაუწია თავის ბატონს. მაშ, მიბაძე მას. დიახ, ეს ხომ, იტყოდა სხვა, არა თავმდაბლობა, არამედ ამპარტავნებაა! თქვენ, ეშმაკისეული ამპარტავნების მქონენო, ისწავლეთ, თუ რა არის თავმდაბლობა. რა არის თავმდაბლობა? თავმდაბლად ფიქრი საკუთარ თავზე; ხოლო თავმდაბლად არ ფიქრობს ის, ვინც აუცილებლობით არის დამცირებული, არამედ ის, ვინც თავად იმცირებს საკუთარ თავს. მე მაგალითს მოვიყვან, თქვენ კი ისმინეთ. როდესაც ვინმეს, აქვს რა შესაძლებლობა იფიქროს საკუთარ თავზე ამაღლებულად, ფიქრობს თავმდაბლად, მაშინ ის თავმდაბალია. ხოლო თუ ვინმე, ვისაც ასეთი შესაძლებლობა არ აქვს, ფიქრობს თავმდაბლად, ის ჯერ კიდევ არ არის თავმდაბალი. მაგალითად, თუ მეფე ემორჩილება ეპარქოსს, ის თავმდაბალია, რადგან სიმაღლიდან ეშვება; მაგრამ როდესაც ეპარქოსი ამას აკეთებს, ის ჯერ კიდევ არ არის თავმდაბალი. რატომ? იმიტომ, რომ მას თავად არ ჩამოუყვანია საკუთარი თავი სიმაღლიდან. თავმდაბლობა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ძალაუფლება აქვს. თუ აუცილებლობა აიძულებს დაემორჩილო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ ეს, არა გონებისა და ნების, არამედ აუცილებლობის საქმეა; თავმდაბლობა კი იმიტომაც ეწოდება ასე, რომ ის არის გონების დამშვიდება.
მითხარი: თუ ვინმეს, არ აქვს რა გამდიდრების შესაძლებლობა (სხვების ხარჯზე), რჩება იმასთან, რაც შეიძინა, შევაქებთ მას სამართლიანობისთვის? არანაირად. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებლობამ წაართვა ქება მის კეთილ ნებას. კიდევ მითხარი: თუ ვინმეს, არ აქვს რა ბატონობისა და მეფობის შესაძლებლობა, რჩება კერძო ადამიანად, შევაქებთ მას, როგორც არმაძიებელს? არანაირად. ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაშიც. ოჰ, თქვენ ყველაზე უგუნურნო! აქებენ არა მხოლოდ ამისგან თავშეკავებისთვის, არამედ კეთილი საქმეების აღსრულებისთვის. პირველი, თუმცა არ იმსახურებს საყვედურს, მაგრამ არც ქებად ღირს; ხოლო უკანასკნელი ქების ღირსია. შეხედე, როგორ აქებს ქრისტეც ამ თვალსაზრისით, როდესაც ამბობს: “მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, გამზადებული თქუენთვის დასაბამითგან სოფლისა. რამეთუ მშიოდა მე, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა მე, და მასუთ მე” (მათ. 25:34-35). არ უთქვამს: იმიტომ, რომ სხვისი არ მიგითვისებიათ, იმიტომ, რომ არ გიძარცვიათ (ეს უმნიშვნელოა); არამედ, იმიტომ, რომ მიხილეთ მშიერი და მაჭამეთ. და ვინ დაიწყებდა ასე მეგობრების ან მტრების ქებას? არავინ, თვით პავლეც კი. მაგრამ რას ვამბობ, პავლე? თვით არც ერთ სხვა ადამიანს არ დაიწყებდა ქებას ისე, როგორც შენ აქებ ქრისტეს, ე.ი. იმისთვის, რომ მას არ მიუთვისებია მისთვის შეუფერებელი ძალაუფლება. ამის გაკვირვება ნიშნავს საკუთარ თავში დიდი მანკიერების აღმოჩენას. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ქება მანკიერებს შეშვენით, მაგალითად, ქურდს, იმისთვის, რომ ის უკვე აღარ იპარავს. ხოლო კეთილებთან მიმართებაში ასე არ არის: მას ჯერ კიდევ არ აქებენ, ვინც არ მიიტაცა მისთვის შეუფერებელი ძალაუფლება და პატივი. და რაოდენ უგუნურია ეს! და ვინ, გთხოვთ, ყურადღებით იყავით, თუმცა გრძელია სიტყვა, ვინ შეძლებდა ასე თავმდაბლობისკენ აღძვრას? მაგალითები გაცილებით მაღლა უნდა იდგეს იმ საგანზე, რომლისკენაც ვარწმუნებთ, და ძნელად თუ ვინმე დარწმუნდება (მაგალითებით) შორეულიდან. ასე, ქრისტემ, როდესაც მტრებისთვის სიკეთის კეთებისკენ არწმუნებდა, წარმოადგინა დიდი მაგალითი საკუთარ მამაში: “რამეთუ მზე თჳსი აღმოუბრწყინებს უკეთურთა და კეთილთა და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა” (მათ. 5:45). ხოლო როდესაც სულგრძელებისკენ არწმუნებდა, მაგალითად საკუთარი თავი წარმოადგინა: “ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათ. 11:29); და კიდევ: “უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დაგბანენ თქუენ ფერჴნი, თქუენცა თანა-გაც თჳთეულად ბანად” (იოან. 13:14). ხედავ, როგორ არ არის მაგალითები დაბლა? და ისინი არც უნდა იყვნენ დაბლა; ასე ვაკეთებთ ჩვენც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითი აქ ახლოს არ იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ თუ მონაა, ის უფრო მცირეცაა და უფრო მეტად ექვემდებარება უმეტესს. და ეს, არა თავმდაბლობაა. საჭირო იყო, პირიქით, წარმოედგინათ ვინმე უმეტესი, რომელიც უმცირეს ემორჩილება. მაგრამ რადგან (მოციქულმა) ღმერთში ეს ვერ იპოვა, ე.ი. უმეტესი და უმცირესი, ამიტომ წარმოადგინა თანასწორი. თუ ძე ნაკლებია (მამაზე), მაშინ თავმდაბლობისკენ აღძვრა არასაკმარისია. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის თავმდაბლობა, როდესაც მცირე არ აღდგება დიდის წინააღმდეგ, არ მიიტაცებს ძალაუფლებას, მორჩილია თვით სიკვდილამდე.
თუმცა, შეხედე, რას ამბობს (მოციქული) მაგალითის გარდა: “არამედ თავმდაბლობითა თჳთეული თჳსისა უზეშთაესად შეჰრაცხენით” (ფილ. 2:3). ამბობს: “შეჰრაცხენით” (ჩათვალეთ). რადგან თქვენ ერთი ხართ არსებით და ღვთისგან მიღებული პატივით, ეს საქმე თქვენს განსჯას ექვემდებარება. ხოლო ქვედათა მიმართებაზე ზედათადმი, ის არ ამბობს, “შეჰრაცხენით”; არამედ: პატივი ეცით თქვენზე ზემდგომთ, როგორც სხვა ადგილას: “ერჩდით წინამძღუართა თქუენთა და ემორჩილებოდეთ” (ებრ. 13:17). იქ მორჩილება, საგანთა ბუნებაშია, ხოლო აქ ის ჩვენს განსჯაზე უნდა იყოს დამოკიდებული. “თავმდაბლობითა, ამბობს, თჳთეული თჳსისა უზეშთაესად შეჰრაცხენით”, როგორც მოიქცა ქრისტეც. ამგვარად, (ერეტიკოსთა სიბრძნე) დამხობილია. მას შემდეგ, რაც ჯერ მოკლედ გამოვთქვით მათი მოსაზრებები, რჩება შემდეგ ვთქვათ ჩვენიც, კერძოდ: რატომ (პავლემ), როდესაც თავმდაბლობისკენ არწმუნებდა, არ წარმოადგინა მცირე, რომელიც ემორჩილება დიდს. მონების ბატონებისადმი მორჩილებისკენ რომ არწმუნებდა, ეს მიზანშეწონილი იქნებოდა; მაგრამ რადგან თავისუფლების თავისუფლებისადმი მორჩილებისკენ არწმუნებდა, რისთვის იყო მონის ბატონისადმი მორჩილების, მცირეს დიდისადმი მორჩილების წარმოდგენა? მას არ უთქვამს: მცირენი დაემორჩილენით დიდთა; არამედ: თანასწორნი ერთმანეთს შორის, დაემორჩილენით, “თჳთეული თჳსისა უზეშთაესად შეჰრაცხენით”. რატომ არ მოიყვანა მან მაგალითად ცოლის (ქმრისადმი) დამოკიდებულება, (არ თქვა): როგორც ცოლი ემორჩილება ქმარს, ისე თქვენც დაემორჩილეთ? თუ თანასწორისა და თავისუფლის მაგალითი მან იმიტომ არ მოიყვანა, რომ აქ არის გარკვეული, თუმცა მცირე, დაქვემდებარება, მაშინ მით უფრო არ შეეძლო მას მონის ურთიერთობის მაგალითად წარმოდგენა?
ადრე მე ვთქვი, რომ არავინ ასე არ აქებს არავის მანკიერებისგან თავშეკავებისთვის, თვით არც კი ახსენებს ასეთ რამეს. მაგალითად, ვისაც სურს შეაქოს კეთილმსახური, არ იტყვის, რომ ის არ იმრუშებდა, არამედ იტყვის, რომ ის თავს იკავებდა საკუთარი ცოლისგან. და არასდროს არ ვაყენებთ (ქებად) მხოლოდ მანკიერებისგან თავშეკავებას: ეს სასაცილო იქნებოდა. მე ასევე ვთქვი, რომ მონის ხატი ჭეშმარიტია და არაფრით ჩამოუვარდება: ასევე ღმერთის ხატი სრულყოფილია და არაფრით ჩამოუვარდება. ამიტომ (მოციქულმა) არ თქვა: “ხატად ღმრთისა” მყოფი, არამედ, “მყოფი”. ეს გამოთქმა სიტყვების ტოლფასია: “მე ვარ, რომელი ვარ” (გამოს. 3:14). ხატი, როგორც ხატი, სრულ მსგავსებას აჩვენებს. არ შეიძლება, რომ ვინმეს ჰქონდეს ერთის არსი, ხოლო მეორის ხატი. მაგალითად, არც ერთ ადამიანს არ აქვს ანგელოზის ხატი, არც ერთ უსულოს არ აქვს ადამიანის ხატი. მაშ, ძე?
გარდა ამისა: რადგან ჩვენ რთულნი ვართ, ამიტომ ხატი ჩვენში სხეულს მიეკუთვნება; ხოლო მარტივსა და სრულიად არარ თულში ის არსს მიეკუთვნება. თუ შენ იტყვი, რომ სიტყვა არტიკლის გარეშე არ ნიშნავს მამა ღმერთს, მაშინ შეიძლება მრავალი ადგილის მითითება, სადაც ეს სიტყვა არტიკლის გარეშე გამოიყენება. და რას ვამბობ, მრავალი ადგილის? ამავე ადგილას, სადაც ნათქვამია: “არა ავნებად შეირაცხა ყოფაჲ ღმრთისა თანა”, (მოციქულმა) არტიკლის გარეშე თქვა, და ამასობაში მამა ღმერთზე საუბრობს. მე მსურს დავამატო ჩემიც; მაგრამ მეშინია, რომ თქვენს გონებას დავამძიმებ. დაიხსომეთ თუნდაც აქამდე თქვენთვის ნათქვამი ერეტიკოსთა გასაბათილებლად.
ახლა კი, ჩემო საყვარელნო, ყურადღება მიაქციეთ ჩემს სიტყვებს. რადგან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი, თავმდაბლები რომ გახდებიან, საკუთარ ღირსებას დაკარგავენ, დაპატარავდებიან და დამცირდებიან, ამიტომ (მოციქული), ამ შიშის აღმოფხვრისას და იმის ჩვენებისას. Ასე არ უნდა იფიქრო, ღმერთზე ამბობს, რომ ღმერთი, მამის მხოლოდშობილი ძე, “რომელმან ხატად ღმრთისა ყოფაჲ”, რომელსაც არაფრით არანაკლები აქვს, ვიდრე მამას, მისი ტოლია, “არა ავნებად შეირაცხა ყოფაჲ ღმრთისა თანა”. და რას ნიშნავს ეს, ისმინე: თუ ვინმე რამეს მიიტაცებს და საკუთარ თავს მიითვისებს არა კანონიერად, ის ვერ ბედავს ამის დატოვებას, იმის შიშით. Არ დაკარგოს და არ დაიღუპოს, არამედ მუდმივად იკავებს მას. პირიქით, ვისაც ბუნებრივი რაიმე ღირსება აქვს, მას არ ეშინია ამ ღირსებაზე დაბლა დადგომის, რადგან იცის, რომ ის არაფერს მსგავსს არ განიცდის. მაგალითს მოვიყვან: აბესალომმა მიიტაცა ძალაუფლება და შემდეგ ვერ გაბედა მისი საკუთარი თავიდან ჩამოშორება. სხვა მაგალითსაც მოვიყვანთ. და თუ მაგალითები სრულად ვერ ხსნიან ყველაფერს, ნუ გამრისხდებით: ასეთია უკვე მაგალითების თვისება, რომ უმეტესი ნაწილი გონებას დასაფიქრებლად რჩება. აჯანყდა მეფის წინააღმდეგ და მიიტაცა სამეფო; მას უკვე არ შეუძლია გაბედოს ამ საქმის დატოვება და დამალვა, და ერთხელ მაინც რომ დაემალა ის, მაშინვე დაიღუპებოდა. კიდევ მივმართოთ სხვა რაიმე მაგალითს. დავუშვათ, ვინმემ რამე მოიპარა; ის უკვე მუდმივად იკავებს მას და, როგორც კი ხელიდან გაუშვებს, მაშინვე დაკარგავს. და საერთოდ, ვინც რამეს ძარცვით დაეუფლა, ეშინია ამის დატოვებისა და დამალვის, ეშინია თუნდაც ერთი წუთით განშორდეს იმას, რაც მიიტაცა. მაგრამ ასე არ ხდება იმათთან, რომლებიც რამეს ძარცვის გარეშე ფლობენ. მაგალითად, ადამიანს აქვს ღირსება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ის გონიერია. (თუმცა) მაგალითს ვერ ვპოულობ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი ძალაუფლება, არც ერთი სიკეთე არ არის დამოკიდებული ჩვენს ბუნებაზე, არამედ ყველა ისინი ღვთის ბუნებას ეკუთვნის. მაშ, რას ვიტყვით? იმას, რომ ძე ღვთისა არ შეუშინდა საკუთარ ღირსებაზე დაბლა დადგომას. მას არ მიუჩნევია ღვთაებრიობა ძარცვად და არ შეშინებია, რომ ვინმე წაართმევდა მას მის ბუნებას ან მის ღირსებას. ამიტომაც უარყო ის, მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ კვლავ მიიღებდა მას; დამალა ის, არც კი უფიქრია ამის გამო დამცირება. ამიტომაც (მოციქულმა) არ თქვა: არ მიიტაცა, არამედ: “არა ავნებად შეირაცხა”, ე.ი. ჰქონდა ძალაუფლება არა მოპარული, არამედ ბუნებრივი, არა მოცემული, არამედ მუდმივად და განუყოფლად მის კუთვნილებაში მყოფი. ამიტომ არ ამბობს უარს მცველის სახის მიღებაზეც კი. ტირანს ეშინია ომში პორფირის ჩამოხსნის, ხოლო მეფე ამას ყოველგვარი შიშის გარეშე აკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს ძალაუფლება არა მოპარული. მაშ, მან არ ჩამოხსნა ის, რადგან არ მოუპარავს; არამედ დამალა, რადგან ჰქონდა ის, როგორც ბუნებრივი და სამუდამოდ განუყოფელი. (ღირსება) ღმერთის ტოლი ყოფილიყო, მას ჰქონდა არა მოპარული, არამედ ბუნებრივი; და ამიტომაც “თავი თჳსი დაიმდაბლა”.
გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე იუსტინიანე დიდი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ამბროსი ოპტინელი19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მაკარი (ბულგაკოვი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ფილიპელთა მიმართ 2:6 კონტექსტში
2:4მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თითოეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
2:5იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
2:6რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
2:7მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
2:8თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
პარალელური ადგილები: ფილიპელთა მიმართ 2:6
- იოანე 5:18მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:4რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.
- ებრაელთა მიმართ 1:3რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,
- იოანე 17:5ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.
- კოლასელთა მიმართ 1:15ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
- კოლასელთა მიმართ 1:16რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
- გამოცხადება 21:6კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს.
- იოანე 10:30მე და მამა ერთი ვართ.
განაგრძე კითხვა: ფილიპელთა მიმართ 2
სრულად წაიკითხე: ფილიპელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


