ფსალმუნი 21
1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
2შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
3რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
4სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
5დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
6შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენ წინაშე.
7რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
8შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
9ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
10შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
11რადგან სიავე განიზრახეს შენ წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
12ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
13ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
საქართველოს საპატრიარქო