ფსალმუნი 22
1გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
2ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
3შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
4შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
5შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
6მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
7ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
8ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
9რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
10შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
11ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
12ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
13პირი დააღეს ჩემ წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
14ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
15გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
16რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
17მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
18ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
19და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
20გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
21მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
23უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
24რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
25შენ გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
26ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
27გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
28რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
29ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
30შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
31მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
საქართველოს საპატრიარქო