გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 38

1ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი. უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.

2რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.

3არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.

4რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.

5აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.

6წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.

7რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.

8დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.

9უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.

10ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან.

11ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ.

12მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.

13მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.

14და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.

15რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.

16რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.

17რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.

18რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე.

19ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.

20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.

21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.

22გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!

საქართველოს საპატრიარქო