გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 39

1გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემ პირდაპირ.

2დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.

3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:

4მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.

5აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენ წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.

6ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

7და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.

8ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.

9დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.

10ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.

11თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.

12მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.

13განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.

საქართველოს საპატრიარქო