ფსალმუნი 40
1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
2და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.
3და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.
4ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
5ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენ მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
6მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;
7მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
9სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
10შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
11შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.
12რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
13ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
14დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს;
15დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!
16გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.
17ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
საქართველოს საპატრიარქო