ფსალმუნი 46
1გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.
2ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
3იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.
4მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
5ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
6ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
7ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
8მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
9შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
10შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
11ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
საქართველოს საპატრიარქო