ფსალმუნი 49
1გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,
2უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
3ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
5რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?
6თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
7ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
8ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.
9რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.
10რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
11გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
12ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
13ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.
14ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
15ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.
16არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
17რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.
18თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.
19მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
20ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
საქართველოს საპატრიარქო