გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 48

1ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.

2ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.

3ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.

4რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.

5ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.

6ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.

7აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.

8როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.

9ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.

10ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.

11დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;

12ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.

13გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.

14რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.

საქართველოს საპატრიარქო