გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 55

1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.

2ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,

3მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.

4ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.

5შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.

6და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.

7აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.

8ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.

9მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.

10დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით.

11ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.

12რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;

13შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.

14ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.

15დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.

16ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.

17საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.

18მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემ წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.

19მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.

20ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს აღთქმა.

21ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.

22მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.

23ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.

საქართველოს საპატრიარქო