გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 56

1გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.

2ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.

3საშიშროების დღეს შენ გესავ.

4ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?

5ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემ მიმართ.

6გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.

7ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!

8ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.

9მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.

10ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას;

11ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?

12ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.

13რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.

საქართველოს საპატრიარქო