გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 58

1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?

2არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.

3გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.

4მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.

5რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.

6ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!

7გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.

8ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.

9ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.

10გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.

11და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.

საქართველოს საპატრიარქო