ფსალმუნი 59
1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემ წინააღმდეგ აღმდგართაგან.
2მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
3რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემ წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
4უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
5ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
6დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
7აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
8ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
9მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
10ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
11ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
12მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
13მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
14დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
15დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
16ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
17სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
საქართველოს საპატრიარქო