გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 69

1გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.

2ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.

3მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.

4ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.

5ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.

6ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.

7რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.

8შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.

9რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.

10და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.

11და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის.

12ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.

13და მე ვლოცულობ შენ მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.

14მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.

15ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.

16მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.

17ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.

18მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი.

19შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები.

20დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.

21და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.

22იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.

23დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.

24გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.

25სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი.

26ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ.

27დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში.

28ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.

29ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.

30ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.

31და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.

32რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.

33ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა.

34განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი.

35რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.

36მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.

საქართველოს საპატრიარქო