ფსალმუნი 68
1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.
2როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.
3ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.
4აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
5მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
6ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
7ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,
8დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.
9ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
10შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.
11უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.
12ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.
13თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.
14როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.
15მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
16რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
17ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
18შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
19კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა.
20ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.
21მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.
22თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,
23რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას;
24ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
25წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
26კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
27იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
28შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
29შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.
30შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.
31მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
32ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.
33ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
34მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.
35საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
საქართველოს საპატრიარქო