ფსალმუნი 80
1გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
2ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.
3ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
4უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
5აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
6დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
7უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
8ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
9გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.
10მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.
11ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
12რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?
13ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.
14ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
15გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
16დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
17იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
18და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
19უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
საქართველოს საპატრიარქო