გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 81

1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.

2ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.

3დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.

4რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.

5დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.

6მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.

7გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.

8ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.

9არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.

10მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.

11არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.

12და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.

13ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.

14მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.

15უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.

16გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.

საქართველოს საპატრიარქო