ფსალმუნი 89
1მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
2რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
3დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
4უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა.
5განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.
6რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
7ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
8უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
9შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
10შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
11შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
12ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
13შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
14სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
15ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
16შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
17რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
18რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
19მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
20ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
21რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
22ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
23მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
24ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
25ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
26ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
27მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
28უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
29და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
30თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
31თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
32კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
33მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
34არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
35ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს?
36მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
37მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
38მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
39უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი.
40მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.
41გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
42მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
43თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
44გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
45შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
46როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
47გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
48ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა.
49სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
50გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
51როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
52კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
საქართველოს საპატრიარქო