გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 88

1გალობა.ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდისლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.

2მოვიდეს შენ წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.

3რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.

4შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.

5მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.

6მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.

7მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.

8შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.

9თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენკენ ვიწვდიდი ხელებს.

10ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.

11განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?

12შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?

13მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.

14რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?

15ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.

16თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.

17გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.

18შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.

საქართველოს საპატრიარქო