
რომაელთა მიმართ 4:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
რომაელთა მიმართ 4:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 4:21
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “და არა უბრალოდ თქვა (მოციქულმა), ‘ირწმუნა’, არამედ, ‘უწყებულ იქმნა’. აი, როგორია რწმენის ბუნება: იგი გონებისეულ მტკიცებულებებზე უფრო ნათელია და უფრო მეტად არწმუნებს. შეუძლებელია, სხვა რაიმე ზრახვამ, რწმენის სფეროში შეღწევის შემდეგ, იგი შეარყიოს. ვინც გონებისეულ მტკიცებულებებს მიჰყვება, შესაძლოა, საკუთარი მრწამსი შეიცვალოს, ხოლო ვინც რწმენაზე მტკიცდება, მან უკვე ყური დაუხშო რწმენის დამანგრეველ არგუმენტებს. ამიტომაც, როდესაც თქვა, რომ აბრაამი რწმენით გამართლდა, (მოციქული) ამტკიცებს, რომ მან რწმენითვე განადიდა ღმერთი. ეს უმთავრესად ახასიათებს ცხოვრებას, როგორც ნათქვამია: ‘ეგრე ბრწყინავდინ ნათელნი თქუენნი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა’ (მათ. 5:16). აი, ამაში ვლინდება რწმენა.”
მთელი განმარტება
და არა უბრალოდ თქვა (მოციქულმა), “ირწმუნა”, არამედ, “უწყებულ იქმნა”. აი, როგორია რწმენის ბუნება: იგი გონებისეულ მტკიცებულებებზე უფრო ნათელია და უფრო მეტად არწმუნებს. შეუძლებელია, სხვა რაიმე ზრახვამ, რწმენის სფეროში შეღწევის შემდეგ, იგი შეარყიოს. ვინც გონებისეულ მტკიცებულებებს მიჰყვება, შესაძლოა, საკუთარი მრწამსი შეიცვალოს, ხოლო ვინც რწმენაზე მტკიცდება, მან უკვე ყური დაუხშო რწმენის დამანგრეველ არგუმენტებს. ამიტომაც, როდესაც თქვა, რომ აბრაამი რწმენით გამართლდა, (მოციქული) ამტკიცებს, რომ მან რწმენითვე განადიდა ღმერთი. ეს უმთავრესად ახასიათებს ცხოვრებას, როგორც ნათქვამია: “ეგრე ბრწყინავდინ ნათელნი თქუენნი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა” (მათ. 5:16). აი, ამაში ვლინდება რწმენა.
მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც საქმეებს სჭირდება ძალა, ასევე რწმენასაც. აქ (საქმეებში) ხშირად სხეულიც იზიარებს შრომას, ხოლო იქ (რწმენაში) ერთი სულის წარმატება ვლინდება. ამგვარად, მისი შრომა უფრო დიდია, რამდენადაც მასთან არავინ იზიარებს ღვაწლს. ხედავ კი, როგორ დაამტკიცა (მოციქულმა), რომ ყველაფერი, რაც საქმეებს ახასიათებს, როგორებიცაა: ღვთისგან ქება, ძალისა და შრომის საჭიროება და კვლავ ღვთის განდიდება, უფრო მეტად რწმენას ეკუთვნის?
იმის თქმის შემდეგ, რომ (ღმერთი) ძლიერია აღასრულოს ის, რაც აღუთქვა, მოციქული, როგორც ჩანს, მომავალზე გვაუწყებს, ვინაიდან ღმერთმა არა მხოლოდ აწმყო აღგვითქვა, არამედ მომავალიც, რომლის სახეც აწმყოა. მაშასადამე, ურწმუნოება სუსტი, მცირე და ღარიბი გონებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, როდესაც ვინმე რწმენის გამო ჩვენს გმობას დაიწყებს, ჩვენც, თავის მხრივ, უიმედო, მცირედმორწმუნე, უგუნურ და სუსტ ადამიანებად დავგმოთ ისინი, რომლებიც სახედრებზე უკეთესნი არ არიან. როგორც რწმენაა ამაღლებული და კეთილშობილი სულისთვის დამახასიათებელი, ასევე ურწმუნოება უგუნურესი, დაბალი სულის ნიშანია, რომელიც ცხოველთა სიგიჟემდეა დაცემული. ამიტომ, დავტოვოთ ისინი (ურწმუნოები), მივბაძოთ პატრიარქს და ვადიდოთ ღმერთი, როგორც მან მიაგო მას დიდება.
რას ნიშნავს “მიაგო დიდება ღმერთს”? ეს ნიშნავს: შეიცნო მისი სიმართლე, მისი უსასრულო ძლიერება და, ღმერთზე სათანადო წარმოდგენის შექმნის შემდეგ, სრულიად დარწმუნდა (ღვთის) აღთქმებში. მაშ, ჩვენც ვადიდოთ ღმერთი რწმენითა და საქმეებით, რათა ჩვენც მივიღოთ მისგან საზღაურად დიდება, როგორც მან თქვა: “მადიდებელთა ჩემთა ვაქებ” (1 მეფ. 2:30). მაგრამ, საზღაური რომ არც ყოფილიყო აღთქმული, ღვთის დიდების ღირსად გახდომა თავისთავად დიდება იქნებოდა. თუკი ადამიანები, რომლებიც მეფეების წინაშე დიდების შესხმას აღავლენენ, მხოლოდ ამით ტრაბახობენ, თუნდაც ამით სხვა რაიმე სარგებელი არ მიიღონ, მაშინ განსაჯე, რაოდენ დიდია ჩვენი ქება, როდესაც ჩვენი მეშვეობით დიდდება ჩვენი მეუფე. მეორე მხრივ, რა სასჯელია ისე მოქცევა, რომ იგი ჩვენი მეშვეობით იგმობოდეს, მით უმეტეს, რომ დიდებას იგი ჩვენთვისვე ისურვებს, ვინაიდან თავად მას ამ საქმეში არავითარი საჭიროება არ აქვს.
როგორია, შენი აზრით, მანძილი ღმერთსა და ადამიანს შორის? განა არა ისეთივე, როგორიც ადამიანებსა და მატლებს შორის? თუმცა, ამ მანძილის მითითებით, ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს და, საერთოდ, ამის შესახებ რაიმეს განსაზღვრულად თქმა შეუძლებელია. ნუთუ ისურვებდი მატლისგან დიდი და ხმაურიანი დიდების მიღებას? მაშასადამე, თუკი დიდების ძლიერი სწრაფვის მიუხედავად, ამას არ ისურვებდი, დასჭირდება კი შენი განდიდება მას, ვინც ამგვარი სურვილისგან თავისუფალია და უსასრულოდ აღემატება შენ? თუმცა, შენი განდიდების საჭიროება რომ არ ჰქონდეს, იგი ამბობს, რომ ამას შენთვისვე ისურვებს. და თუკი შენთვის მონად გახდომა არ დაიწუნა, რატომ გაკვირვებს, რომ იმავე აღძვრით სხვა რამესაც იღებს? იგი არაფერს თვლის საკუთარი თავისთვის შეუფერებლად, რაც ჩვენს ხსნას შეუწყობს ხელს.
მაშასადამე, ამის ცოდნით, თავს ვარიდოთ ყოველგვარ ცოდვას, რომლითაც ღმერთი იგმობა. “ვითარცა პირსა გველისასა, თქმულა, ეგრე ივლტოდე ცოდვისაგან” (სიბრ. ზირ. 21:2). ცოდვას თუ მიუახლოვდები, იგი გიკბენს, მაგრამ იგი თავად არ გვიახლოვდება, არამედ ჩვენ ნებით მივრბივართ მისკენ. ასე მოაწყო ღმერთმა, რომ ეშმაკის მფლობელობაში არ მოვექცეთ, ვინაიდან სხვაგვარად ვერავინ შეძლებდა მის ძალას წინ აღდგომოდა. ამიტომ, ღმერთმა იგი განდევნა, როგორც რაიმე ავაზაკი და მტანჯველი. მას არ აქვს თავდასხმის უფლება, თუკი ვინმეს თავის სამფლობელოში უიარაღოსა და მარტოს არ წააწყდება. იგი ვერ ბედავს მოახლოებას, თუკი არ დაინახავს, რომ უდაბნოში მივდივართ. ეს უდაბნო და ეშმაკის სამყოფელი სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა. მაშასადამე, ჩვენ გვჭირდება რწმენის ფარი, ხსნის მუზარადი და სულიერი მახვილი, რათა არა მხოლოდ ბოროტება არ დავიტანოთ, არამედ, თუკი ეშმაკი ჩვენზე თავდასხმას მოისურვებს, თავი მოვკვეთოთ მას. ჩვენ გვჭირდება დაუცხრომელი ლოცვები, რათა ფეხებით გავთელოთ იგი.
ეშმაკი უსირცხვილო და თავხედია. ამასთან, ქვემოდან ესხმის თავს, თუმცა, ამგვარი ხერხითაც იმარჯვებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ თავად არ ვცდილობთ მის დარტყმებზე მაღლა აღმოვჩნდეთ. მას ხომ არ შეუძლია მაღლა აფრენა, არამედ მიწაზე ხოხავს და, ამიტომაც, გველი მისი სახეა. თუკი ღმერთმა მას თავიდანვე ასეთი ადგილი მიუჩინა, მით უმეტეს, ასეთია იგი ახლა. თუკი არ იცი, რას ნიშნავს ქვემოდან თავდასხმა, შევეცდები აგიხსნა ამგვარი ბრძოლის ხერხი. მაშასადამე, რას ნიშნავს ქვემოდან თავდასხმა? მიწიერი საგნების, სიამოვნებების, სიმდიდრისა და ყოველივე ამქვეყნიურის მეშვეობით დაძლევას. ამიტომ, თუკი ეშმაკი დაინახავს, რომ ვინმე ზეცისკენ მიისწრაფვის, პირველ რიგში, მასზე ვერ შეძლებს შეხტომას, ხოლო მეორე მხრივ, თუკი გადაწყვეტს კიდეც, სწრაფად თავადვე დაეცემა, მას ხომ ფეხები არ აქვს. ნუ გეშინია, ფრთებიც არ აქვს. იგი მხოლოდ მიწაზე დახოხავს და მიწიერ საქმეებში ილაქლაქებს. შენ კი ნურაფერი გექნება საერთო მიწასთან, მაშინ შრომაც არ დაგჭირდება.
ეშმაკმა ღია ბრძოლა არ იცის, არამედ, როგორც გველი, ეკლებში იმალება, ხშირად სიმდიდრის ხიბლში იმალება. ამ ეკლებს თუ გადაბუგავ, იგი, შეშინებული, მაშინვე გაიქცევა, ხოლო თუკი მისი ღვთაებრივი შელოცვებით დამშვიდობაც შეგიძლია, მაშინვე დაჭრი მას. ჩვენ გვაქვს სულიერი შელოცვები, უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს სახელი და ჯვრის ძალა. ეს შელოცვა არა მხოლოდ დრაკონს დევნის თავისი ბუნაგიდან და ცეცხლში აგდებს, არამედ ჭრილობებსაც კი კურნავს. თუკი ბევრმა, თუმცა წარმოთქვა (ეს შელოცვა), მაგრამ არ განიკურნა, ეს მათი მცირედმორწმუნეობის გამო მოხდა და არა წარმოთქმულის უძლურების გამო. ასევე, ბევრი ეხებოდა იესუს და აწვებოდა მას, მაგრამ არავითარი სარგებელი არ მიუღია, ხოლო სისხლისმდინარე დედაკაცმა, რომელმაც მის სხეულს კი არა, არამედ მისი სამოსის კიდეს შეეხო, სისხლის ხანგრძლივი დენა შეაჩერა.
იესუ ქრისტეს სახელი საშინელია დემონებისთვის, ვნებებისა და სნეულებებისთვის. მაშასადამე, მისით შევიმოსოთ, მისით დავიცვათ თავი. ასე გახდა პავლე დიდი, თუმცა იგი ჩვენნაირი ბუნებისა იყო, მაგრამ რწმენამ იგი სრულიად შეცვალა და იმდენად დიდი იყო მასში ნიჭთა სიმრავლე, რომ მის სამოსსაც კი დიდი ძალა ჰქონდა. რა გამართლებას იმსახურებენ ისინი, ვისაც მოციქულთა აჩრდილი და სამოსელი კი არა, ლოცვებიც კი ვერ აცხრობენ ვნებებს? რა არის ამის მიზეზი? დიდი განსხვავება სულში. ბუნებრივი უნარები პავლესთან საერთო და თანაბარი გვაქვს: ჩვენს მსგავსად დაიბადა და აღიზარდა, იმავე მიწაზე ცხოვრობდა და იმავე ჰაერს სუნთქავდა. მაგრამ დანარჩენში იგი ჩვენზე ბევრად უკეთესი და სრულყოფილი იყო, კერძოდ, მოშურნეობის, რწმენის, სიყვარულის მხრივ. მაშ, მივბაძოთ მას, ქრისტეს მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობითაც იქადაგოს, იგი ხომ ამას ჩვენზე მეტად ისურვებს და, ამიტომაც, სიტყვის ორგანო მოაწყო და არ სურს. Იგი უსარგებლო და უმოქმედო დარჩეს, არამედ სურს, რომ იგი ყოველთვის ხელთ ჰქონდეს. რატომ არ გაქვს იგი მხატვრის ხელისთვის მზად. Ასუსტებ სიმებს, არბილებ მათ ფუფუნებით ცხოვრებით და მისთვის ქნარს სრულიად უვარგისს ხდი, მაშინ როდესაც სიმების დაჭიმვა და აწყობა, სულიერი მარილით მოზელვა იყო საჭირო? თუკი ქრისტე დაინახავს, რომ ჩვენი სული ასეა აწყობილი, მისგან ხმებს ამოიღებს. როდესაც ეს მოხდება, იხილავ ანგელოზებს, მთავარანგელოზებსა და ქერუბიმებს.
მაშასადამე, გავხდეთ წმინდა ხელების ღირსნი. ვთხოვოთ უფალს, რომ ჩვენს გულს შეეხოს. მაგრამ, უკეთ რომ ვთქვათ, თხოვნაც არ არის საჭირო: მხოლოდ გახადე შენი გული ამგვარი შეხების ღირსი და უფალი პირველი მოვა შენთან. თუკი იგი მათთან მიდის, ვისაც მასთან მისვლა სურს (ასე შეაქო მან პავლე, რომელიც ჯერ კიდევ ასეთი არ იყო), რას არ გააკეთებს, როდესაც დაინახავს, რომ სრულიად მოემზადე? როდესაც ქრისტე ჩვენი სულიდან ხმებს ამოიღებს, უეჭველად გარდამოვა ჩვენზე სული და ჩვენ ცაზე უკეთესნი ვიქნებით, ჩვენს სხეულზე მზისა და მთვარის ანაბეჭდები კი არა. Თვით მზის, მთვარისა და ანგელოზების მეუფე გვეყოლება ჩვენში დამკვიდრებული და მოგზაური. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ მკვდრები აღვადგინოთ, კეთროვნები განვწმინდოთ, არამედ იმისთვის, რომ ის სასწაული ვაჩვენოთ, რომელიც ამ ყველაფერზე დიდია, კერძოდ, სიყვარული. სადაც ეს სიკეთეა, იქ მაშინვე ჩნდება ძე მამასთან ერთად და სულის მადლი გარდამოედინება. “ვინაჲცა, ამბობს ქრისტე, იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა” (მათ. 18:20). გარშემო საყვარელი ადამიანების ყოლა ძლიერ მიჯაჭვულობას ნიშნავს, რაც ძლიერ მოყვარულთათვისაა დამახასიათებელი. მაგრამ ვინ არის, იკითხავ, იმდენად უმნიშვნელო, რომ ქრისტესთან ყოფნა არ ისურვოს? ჩვენ, ერთმანეთის მოქიშპეები. შესაძლოა, ვინმემ დამცინოს და თქვას: რას ამბობ? ხედავ, რომ ყველანი ერთი და იმავე კედლების ქვეშ, ერთი და იმავე საეკლესიო გალავანში შევიკრიბეთ, ერთ თანხმოვან სამწყსოს წარმოვადგენთ, არავისთან არ ვდავობთ. Ყველანი ერთი მწყემსით ვხელმძღვანელობთ, ყველანი ერთად ვუსმენთ იმას, რასაც გვეუბნებიან, საერთო ლოცვებს აღვავლენთ და შენ ბრძოლასა და მტრობას ახსენებ? დიახ, ბრძოლას ვახსენებ და ამას სრული გონებით ვამბობ, ჭკუა არ დამიკარგავს. მე იმას ვხედავ, რასაც ვხედავ და ვიცი, რომ ერთ საერთო გალავანში, ერთი მწყემსის ხელქვეით ვიმყოფებით. მაგრამ, სწორედ ამიტომ ვტირი განსაკუთრებით, რომ ერთსულოვნებისკენ ამდენი აღმძვრელის მიუხედავად, ერთმანეთის წინააღმდეგ აღვდგებით. კვლავ იკითხავ: რა დაპირისპირებას ხედავ აქ? აქ, არავითარს, მაგრამ როდესაც დავიშლებით, ერთი მეორეს ადანაშაულებს, სხვა აშკარად შეურაცხყოფს, ეს შურს, მექრთამეობს და ძარცვავს, ის ჩაგრავს, სხვა სამარცხვინო სიყვარულს ეძლევა, სხვა ათასგვარ ბოროტებას ქსოვს. ჩვენი სულები რომ შესაძლებელი ყოფილიყო გახსნა, მაშინ ამ ყველაფერს ზუსტად დაინახავდით და დამეთანხმებოდით, რომ არ ვბოდავ.
არ ხედავთ სამხედრო ბანაკებში, რომ მეომრები, ზავის დადების შემდეგ, იარაღის დაყრით, ყოველგვარი საფარველისა და დაცვის გარეშე შედიან მტრის ბანაკში? ხოლო როდესაც იარაღით არიან დაცულნი, ყველგან დარაჯებია, პატრული, უძილო ღამეები და გამუდმებით კოცონები გიზგიზებს, ეს უკვე აღარ არის ზავი, არამედ ომია. ამის დაკვირვება ჩვენშიც შეიძლება: ერთმანეთს ვუფრთხილდებით და გვეშინია, ყოველი მეზობელს ყურში ჩურჩულებს, ხოლო როდესაც დავინახავთ, რომ უცხო მოდის, გავჩუმდებით და ყველაფერს თვალთმაქცურად დავფარავთ. ეს არა მენდოთ, არამედ ზედმეტად ფრთხილ ადამიანებს ახასიათებთ. მაგრამ, იტყვი, ამას იმისთვის არ ვაკეთებთ, რომ ვაწყენინოთ, არამედ იმისთვის, რომ შეურაცხყოფა არ მივიღოთ. სწორედ ამიტომ ვწუხვარ, რომ ძმებს შორის ცხოვრებისას, შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად, დაცვა გვჭირდება, ამდენ კოცონს ვანთებთ და დარაჯებსა და პატრულს ვაყენებთ. ამის მიზეზი ხშირი ტყუილი, ხშირი მოტყუება, სიყვარულის საერთო ნაკლებობა და შეურიგებელი მტრობაა. ამის გამო, რა თქმა უნდა, ისიც ხდება, რომ ბევრი წარმართებს უფრო ენდობა, ვიდრე ქრისტიანებს. რა სირცხვილს იმსახურებს ეს, რამდენი ცრემლი, რამდენი გოდება! რა ვქნა, იტყვი, ეს ადამიანი უხეში და აუტანელია. სად არის შენი სიბრძნე? სად არის მოციქულთა დადგენილებები, რომლებიც გვიბრძანებენ ერთმანეთის ტვირთის ტარებას? თუკი ძმასთან ურთიერთობა არ შეგიძლია, როგორ შეგიძლია უცხოსთან კარგად ცხოვრება? თუკი საკუთარ წევრთან მოწყობა არ შეგიძლია, როგორ შეგიძლია უცხოს მიზიდვა და მორგება? მაგრამ, რა ვქნა? ვხედავ ცრემლების ღვრის უკიდურეს უხერხულობას, რადგან, წინასწარმეტყველის მსგავსად, თვალებიდან უხვი წყაროები უნდა გადმოვღვარო, ამ ველზე ათასობით ბრძოლას რომ ვხედავ, რომლებიც წინასწარმეტყველის მიერ ნანახ ბრძოლებზე საშინელია. იგი, ბარბაროსების შემოჭრის დანახვისას, ამბობდა: “მუცელი ჩემი მტკივა” (იერ. 4:19), მე კი ვხედავ, რომ ერთი მთავარსარდლის დაქვემდებარებულნი ერთმანეთის წინააღმდეგ აღდგებიან, ერთმანეთის წევრებს კბენენ და გლეჯენ, ზოგი ფულის გამო, ზოგი დიდების გამო. Სხვები უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე იცინიან და დასცინიან ერთმანეთს, ერთმანეთს ათასობით ჭრილობას აყენებენ, მკვდრებსაც ვხედავ, ომში დაღუპულებზე უფრო დამახინჯებულებს, ვხედავ. Ძმობის მხოლოდ ცარიელი სახელიღა დარჩა და ვერ მოვიფიქრე, როგორ შევღონდე ამ სამწუხარო სანახაობას.
მაშასადამე, შეგრცხვეთ, შეგრცხვეთ იმ ტრაპეზის, რომელსაც ყველანი ვეზიარებით. შეგრცხვეთ ქრისტესი, ჩვენთვის დაკლულის და აქ შეწირული მსხვერპლის. ავაზაკებიც კი, საჭმლის მიღებისას, წყვეტენ ავაზაკობას მათთვის, ვისაც თანამესუფრეებად ხდიან: ტრაპეზი მათ ზნეებს ცვლის და კრავებზე უფრო თვინიერებს ხდის მათ, ვინც სხვა დროს მხეცებზე უფრო სასტიკნი არიან. ჩვენ კი, ამ ტრაპეზში მონაწილეობით, ამ საზრდოს ზიარებით, ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაშინ როდესაც ეს ყველასთან მებრძოლი ეშმაკის წინააღმდეგ უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვსუსტდებით, ხოლო იგი ძლიერდება. ჩვენ მასთან ერთად კი არ ვეომებით ერთმანეთს, არამედ მასთან ერთად აღვდგებით ერთმანეთის წინააღმდეგ და ამ ბრძოლებში მას მხედართმთავრად ვიყენებთ, მაშინ როდესაც ყველას მის წინააღმდეგ ბრძოლა გვმართებდა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მას მოსვენებას ვანიჭებთ და ისრებს ძმების წინააღმდეგ მივმართავთ. რა ისრებს? იკითხავ. ენისა და ბაგეების ისრებს. ხომ მხოლოდ ისრები და შუბები კი არა, სიტყვებიც აყენებენ ჭრილობებს, რომლებიც ისრებით მიყენებულ ჭრილობებზე უფრო მტკივნეულია. როგორ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა? იკითხავ. თუკი გაიგებ, რომ ძმაზე ცუდის თქმით, პირიდან ჭუჭყს აფრქვევ, თუკი წარმოიდგენ, რომ ცილს სწამებ მას, ვინც ქრისტეს ერთ-ერთ წევრს შეადგენს, რომ საკუთარ ხორცს ჭამ. Საშინელ და მიუკერძოებელ სამსჯავროს საკუთარი თავისთვის კიდევ უფრო მკაცრს ხდი, რომ შენი ისარი მას კი არა, ვინც მას ესროლა, არამედ შენ გკლავს. მაგრამ მან რაღაცით გაწყენინა და ბოროტება ჩაიდინა? იდარდე, მაგრამ ცუდი არ თქვა. იტირე, მაგრამ არა საკუთარი წყენის გამო, არამედ შემცოდველის დაღუპვის გამო, როგორც შენი მეუფე ტიროდა იუდაზე არა იმიტომ, რომ თავად ჯვარს აცვეს, არამედ იმიტომ, რომ იუდამ გასცა იგი. მან შეგაგინა და გაგკიცხა? ევედრე ღმერთს, რომ მასზე მალე შეგვეწიოს. იგი შენი ძმაა, რომელმაც შენნაირი დაბადების სნეულებები გადაიტანა, იგი შენი თანაწევრია, ერთსა და იმავე ტრაპეზზე ხარ მოწვეული. მაგრამ იგი ძალიან ხშირად მესხმის თავს, იტყვი. ე.ი. შენ უმაღლესი და დიდი საზღაური გელის და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სამართლიანია შენი რისხვის გადადება, ვინაიდან მან სასიკვდილო დარტყმა მიიღო, იგი ეშმაკმა დაჭრა. მაშასადამე, ჭრილობა შენც ნუ მიაყენებ, მასთან ერთად თავადაც ნუ დაეცემი. სანამ დგახარ, მისი გადარჩენა შეგიძლია, ხოლო თუკი შეურაცხყოფის მიყენებით საკუთარ თავსაც დაამხობ, მერე ვინ აგაყენებთ? ის, დაჭრილი (აგაყენებს)? მაგრამ იგი წევს და არ შეუძლია. თუ შენ, მასთან ერთად დაცემული? მაგრამ როგორ დაეხმარები სხვას, როდესაც საკუთარი თავისთვის დახმარების გაწევა არ შეგიძლია? მაშასადამე, მტკიცედ იდექი და ფარის წინ დაჭერით, შენი სულგრძელებით ბრძოლიდან შენი მკვდარი ძმა გამოიხსენი. იგი რისხვამ დაჭრა? მაგრამ შენც ნუ დაჭრი, არამედ უპირველეს ყოვლისა ისარი ამოიღე. თუკი ერთმანეთს ასე მოვექცევით, მაშინ მალე ყველანი ჯანმრთელები გავხდებით, ხოლო თუკი ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, მაშინ, საბოლოოდ, ჩვენს დასაღუპად ეშმაკიც აღარ იქნება საჭირო.
ყოველი ომი მძიმეა, განსაკუთრებით კი შინაომი. მაგრამ ეს ბრძოლა შინაომზე უფრო მძიმეა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული საზოგადოების უფლებები, ან, უკეთ რომ ვთქვათ, თვით ჩვენი ნათესაობის უფლებები. ოდესღაც ძმამ მოკლა აბელი და ნათესაური სისხლი დაღვარა, მაგრამ ეს მკვლელობა იმდენად უკანონოა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნათესაობა და რამდენადაც საშინელია ეს სიკვდილი. კაენმა სხეული დააზიანა, შენ კი მახვილი სულის წინააღმდეგ აღმართე. მაგრამ შენ პირველმა ივნე ბოროტება? ბოროტების ატანა კი არა, ბოროტების ჩადენა ნიშნავს ბოროტების დატანას. შეხედე: კაენმა მოკლა, აბელი მოკლეს, მაგრამ ვინ აღმოჩნდა მკვდარი? ის, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღაღადებს და რომლის შესახებაც ნათქვამია: “ხმა სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩემდამო” (დაბ. 4:10), თუ ის, რომელიც სიცოცხლეში კანკალებდა და ეშინოდა? რა თქმა უნდა, კაენი, რომელიც ყოველგვარ მკვდარზე უფრო საცოდავია. ხედავ კი, რამდენად უკეთესია შეურაცხყოფის ატანა, თუნდაც (შეურაცხყოფა) მკვლელობამდეც კი აღწევდეს? გაიგე, რომ გაცილებით უარესია უსამართლობის ჩადენა, თუნდაც ვინმე მკვლელობამდეც კი მივიდეს. კაენმა ძმა დააზიანა და მოკლა, მაგრამ უკანასკნელი გვირგვინით შეიმკო, ხოლო პირველი დაისაჯა. აბელი უსამართლოდ მოკლეს და გაანადგურეს, მაგრამ იგი, სიკვდილისას, ადანაშაულებდა, იმარჯვებდა და ამდაბლებდა, ხოლო ცოცხლად დარჩენილი დუმდა, სირცხვილით იფარებოდა, იძულებული იყო და ყველაფერს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთებდა. მან ძმა მოკლა, რადგან ხედავდა, რომ უყვარდათ, იმ იმედით, რომ სიყვარულსაც წაართმევდა. Მხოლოდ გაზარდა მისდამი სიყვარული და ღმერთი, მისი სიკვდილის შემდეგ, უფრო მეტად ეძებდა მას და ამბობდა: “სად არის აბელი, ძმა შენი” (დაბ. 4:9)? შენ შურით სიყვარული ვერ ჩააქრე, არამედ უფრო მეტად აანთე იგი. მკვლელობით პატივი ვერ შეამცირე, არამედ გაზარდე იგი. უწინ თავად ღმერთი გიმორჩილებდა ძმას, მაგრამ, რადგან შენ მოკალი იგი, სიკვდილის შემდეგ შენი მსაჯული იქნება: ასეთია ჩემი სიყვარული მისდამი. მაშასადამე, ვინ მათგანი დაისაჯა: დამსჯელი თუ დასჯილი? ის, ვინც ღვთისგან ამხელა პატივი მიიღო, თუ ის, ვინც ახალ და არაჩვეულებრივ სატანჯველს მიეცა? მისი ცოცხლის არ შეგეშინდა, ამბობს (ღმერთი), ამიტომ მისი მკვდრის შეგეშინდეს. არ გიკანკალებდა, როდესაც მახვილის მიახლოებას აპირებდი, ამიტომ, სისხლის დაღვრის შემდეგ, განუწყვეტელი შიში მოგიცავს. სიცოცხლეში შენი მონა იყო და ვერ იტანდი მას, სამაგიეროდ, სიკვდილის შემდეგ შენთვის საშინელ მბრძანებლად იქცა.
მაშასადამე, ამაზე ფიქრით, საყვარელნო, თავს ვარიდოთ შურს, ჩავაქროთ ბოროტება, ერთმანეთს სიყვარული მივაგოთ, რათა მისი კეთილი ნაყოფები მივიღოთ, როგორც ამჟამინდელ. Მომავალ ცხოვრებაში, უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 4:21 კონტექსტში
4:19არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;
4:20არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.
4:21რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 4:21
- ლუკას სახარება 1:37რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
- ებრაელთა მიმართ 11:19რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.
- იერემია 32:17ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი.
- შესაქმე 18:14რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.
- ლუკას სახარება 1:45ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
- იერემია 32:27აჰა, მე ვარ უფალი, ყოველი ხორციელის ღმერთი! განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:12ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.
- მათეს სახარება 19:26შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

