მეფეთა ა 23
1დაეკითხა დავითი უფალს: თუ წავედი, დავამარცხებ ამ ფილისტიმელებს? მიუგო უფალმა დავითს: წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.
2უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: ჩვენ აქ, იუდაშიც შიშით აღარა ვართ და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?
3კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
4წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. ასე იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი.
5როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო.
6აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.
7საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
8შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი!
9თქვა დავითმა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მორჩილმა, რომ კეყილისკენ მოდის საული, რათა ჩემ გამო გაანადგუროს ქალაქი.
10თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.
11თქვა დავითმა: თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს ხელში? თქვა უფალმა: მიგცემენ.
12აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან. დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად.
13ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და მთაში, ზიფის უდაბნოში. მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო იგი.
14დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა ზიფის უდაბნოში, ხორშაში.
15ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით.
16უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
17შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა.
18მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
19ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.
20თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!
21წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო.
22ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, მხოლოდ ამის მერე წამოგყვებით. თუ ჩვენს ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა სამთავროში დავუწყებ ძებნას.
23ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ.
24წავიდა საული საძებრად თავისი კაცებითურთ. შეატყობინეს დავითს და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში.
25მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი.
26ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: იჩქარე, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.
27მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელა ჰამახალკოთ (კლდე გაყრათა).
28აიყარა დავითი იქიდან და ენგადის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა.
საქართველოს საპატრიარქო