მეფეთა ა 29
1ფილისტიმელთა წინამძღოლნი თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი უკან მოდიოდნენ აქიშთან ერთად.
2თქვეს ფილისტიმელთა სარდლებმა: რა უნდათ ამ ებრაელებს? მიუგო აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.
3გაუბრაზდნენ მას ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი, დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაცგაგიწესებია; ნუ წამოვა ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რათა ომის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?
4ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?
5უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: ცხოველ არს უფალი! რიგიანი კაცი ხარ და მახარებს შენი მისვლა-მოსვლა, ჩემს ბანაკში. რადგან ცუდი არაფერა შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან. მაგრამ წინამძღოლებს არ მოუდიხარ თვალში.
6ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ წინამძღოლებს.
7უთხრა დავითმა აქიშს: რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მორჩილს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ ამეკრძალოს ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა?
8მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო საბრძოლველად.
9ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მორჩილნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.
10ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ ავიდნენ.
11ვიდრე მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს.
საქართველოს საპატრიარქო