მეფეთა ა 30
1ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
2მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ, გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი.
3გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ ვიდრე ძალი შესწევდათ.
4ტყვედ იყვნენ წაყვანილნი დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყაბი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
5დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა; გამწარებული იყო მთელი ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლის, თავისი ღვთის იმედით გაიმხნევა დავითმა თავი.
6უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: მომიტანე ეფოდი! მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს.
7დაეკითხა დავითი უფალს: დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი? მიუგო: დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და წაართმევ ნადავლს.
8წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ და მიადგნენ ბესორის ხევს. ერთი ნაწილი დარჩა.
9დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ; დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა.
10ნახეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც დაალევინეს.
11მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო.
12ჰკითხა დავითმა: ვისი ხარ და სადაური ხარ. მიუგო: ეგვიპტელი კაცი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა პატრონმა, რადგან ეს მესამე დღეა, რაც ავად ვარ.
13თავს დავესხით ქერეთის სამხრეთს, იუდას, ქალების სამხრეთს და ციკლაგს და გადავწვით.
14უთხრა დავითმა: თუ მიმიყვან იმ ურდომდე? მიუგო: ღმერთი დაიფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს პატრონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.
15ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელ არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
16მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ.
17უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
18არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
19წამოასხა დავითმა მთელი ცხვარ-ძროხა; ერეკებოდნენ ამ საქონელს და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს.
20მივიდა დავითი ორას კაცთან, რომელთაც დაეზარათ გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დარჩნენ. გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა.
21ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ მათ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთო უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლშვილი წაასხან და წავიდნენო.
22თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
23ვინ მოგცემთ დასტურს ამ საქმეში? რადგან რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკში დარჩენილს, ყველას უნდა ხვდეს წილი.
24ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის მისგან დადგენილი წესად და რჯულად დღესამომდე.
25მივიდა დავითი ციკლაგში, ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: აჰა, თქვენი მოსაკითხავი უფლის მტრების ნადავლიდან,
26იმათი ბეთილში რომ არიან, სამხრეთ რაბოთში რომ არიან, იათერში რომ არიან;
27იმათი, ყაროყერში რომ არიან, შიმფოთში რომ არიან, ეშთემოყში რომ არიან,
28რაქალში რომ არიან, იერახმეელთა ქალაქებში რომ არიან, კინელთა ქალაქებში რომ არიან,
29ხორმაში რომ არიან, ქორიყაშანში რომ არიან, ყათაქში რომ არიან;
30ხებრონში რომ არიან, და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ.
31გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს; გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი.
საქართველოს საპატრიარქო