გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 5:19: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 5:19

რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.

კორინთელთა მიმართ ბ 5:19 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 5:19

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ახლა კი ყველაფერი ახალია. ‘ესე ყოველი ახალ იქმნა და ყოველივე ღმრთისაგან არს’ (2 კორ. 5:17-18). ჩვენგან კი, არაფერი. ცოდვათა შენდობაც, შვილობაც და წარუვალი დიდებაც, ყოველივე მისგანაა ჩვენთვის ბოძებული.”

    მთელი განმარტება

    ახლა კი ყველაფერი ახალია. “ესე ყოველი ახალ იქმნა და ყოველივე ღმრთისაგან არს” (2 კორ. 5:17-18). ჩვენგან კი, არაფერი. ცოდვათა შენდობაც, შვილობაც და წარუვალი დიდებაც, ყოველივე მისგანაა ჩვენთვის ბოძებული.

    აჰა, როგორ აღგვძრავს იგი სათნოებისკენ არა მხოლოდ მომავალი კეთილდღეობით, არამედ აწმყოთიც. ჩვენ ხომ ოდესმე აღვდგებით, ხრწნილებისაგან განვთავისუფლდებით და საუკუნო სავანეს მივიღებთ. მაგრამ იმათთვის, ვისაც მომავლის ისე არ სწამს, როგორც საჭიროა, აწმყოს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მომავალს. ამიტომაც გვიჩვენებს იმას, რაც უკვე მივიღეთ და იმას, თუ ვინ ვიყავით, როდესაც ეს მივიღეთ.

    ვინ ვიყავით, როდესაც მივიღეთ? მკვდრები ვიყავით. “ყველანი, ამბობს, მოვკვდით და ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რამეთუ ყველანი თანაბრად შეიყვარა”. ყველანი დავბერდით და სიბერემდე მივაღწიეთ უკეთურებაში. ახლა კი სული ახალია, რადგან განწმენდილია. სხეული ახალია. მსახურება ახალია. აღთქმები ახალია. აღთქმა ახალია. ცხოვრება ახალია. ტრაპეზი ახალია. სამოსელი ახალია და საერთოდ, ყველაფერი ახალია.

    მართლაც, მიწიერი იერუსალიმის ნაცვლად, ზეციური საყდრის ქალაქი მივიღეთ. გრძნობადი ტაძრის ნაცვლად, სულიერი ტაძარი ვიხილეთ. ქვის ფილების ნაცვლად, ხორციელი ფილები მივიღეთ. წინადაცვეთის ნაცვლად, ნათლისღება. მანანის ნაცვლად, უფლის სხეული. კლდიდან აღმოცენებული წყლის ნაცვლად, გვერდიდან გადმოსული სისხლი. მოსეს ან აარონის კვერთხის ნაცვლად, ჯვარი. აღთქმული მიწის ნაცვლად, ცათა სასუფეველი. ურიცხვი მღვდლის ნაცვლად, ერთი მთავარმღვდელი. უსიტყვო კრავის ნაცვლად, სულიერი კრავი.

    აი, ამგვარი სიკეთეები წარმოგვიდგინა მოციქულმა და თქვა: “ესე ყოველი ახალ იქმნა”. და ეს ყოველი ღვთისაგანაა ქრისტეს მიერ და მისი მადლით. ამიტომაც დაუმატა: “რომელმან შეგვარიგნა ჩუენ თჳსა თჳსისა მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ” (2 კორ. 5:18), რადგან ყოველი სიკეთე ქრისტეს მიერ მოგვეცა.

    ვინც თავის მეგობრებად გაგვხადა, იგია ყველა სხვა სიკეთის მიზეზიც, რომელიც ღმერთმა თავის მეგობრებს უბოძა. მან ხომ მტრებად არ დაგვტოვა, არამედ ასეთი ნიჭებით დაგვაჯილდოვა და თავის მეგობრებად გაგვხადა. მაგრამ როდესაც ქრისტეს ჩვენი შერიგების მიზეზად ვასახელებ, მამასაც ვგულისხმობ. როდესაც ვამბობ, რომ მამამ მოგვანიჭა ეს შერიგება, კვლავ ძეს ვგულისხმობ. “ყოველი მის მიერ იქმნა” (იოან. 1:3). მაშასადამე, იგია ამის მიზეზიც. ჩვენ კი არ მივბრუნდით მას, არამედ მან მოგვიწოდა თავისთან. როგორ მოგვიწოდა? ქრისტეს სიკვდილით.

    “და მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ”. აქ მოციქული კვლავ მოციქულებრივი წოდების ღირსებაზე მიუთითებს და გვიჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ღვთის სიყვარული ჩვენდამი. მართლაც, მას შემდეგაც კი, რაც ადამიანებმა არ ისმინეს მოსული შუამდგომლისა, ღმერთს არ უარვყავართ და არ მივუტოვებივართ, არამედ აგრძელებს ჩვენს მოწოდებას როგორც თავად, ისე სხვების მეშვეობით. ვინ შესძლებს ღირსეულად გაოცებას ჩვენდამი ასეთი ზრუნვით?! ძე, რომელიც შერიგებისთვის მოვიდა, უსაყვარლესი და მხოლოდშობილი ძე მოკლეს. Მამამ ამის მიუხედავად არ უარყო მისი მკვლელები და არ თქვა: “მე გავგზავნე ჩემი ძე ჩემი ელჩობის აღსასრულებლად, მათ კი არა თუ არ ისურვეს მისი მოსმენა. Მოკლეს და ჯვარს აცვეს, ამიტომაც სამართლიანად უნდა უარვყო ისინი”. არამედ სრულიად პირიქით მოიქცა: ძის ჩვენგან წასვლის შემდეგ, მან ჩვენ გვიბოძა შერიგების საქმე: “მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ. Რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს მიერ, შემარიგებელი სოფლისა თჳსა თჳსისა მიმართ და არა შეჰრაცხა მათ ცოდვანი მათნი” (2 კორ. 5:19).

    ხედავ სიყვარულს, რომელიც აღემატება ყოველგვარ სიტყვასა და გონებას? ვინ იყო შეურაცხყოფილი? თავად ღმერთი. ვინ მივიდა პირველი შერიგებისთვის? იგივე. “მაგრამ, იტყვი, მან ძე გამოგზავნა და არა თავად მოვიდა”. დიახ, მან ძე გამოგზავნა, მაგრამ არა მხოლოდ ძე მოგვიწოდებდა ჩვენ, არამედ მასთან ერთად და მისი მეშვეობით მოქმედებდა მამაც. ამიტომაც თქვა მოციქულმა, რომ “ღმერთი იყო ქრისტეს მიერ, შემარიგებელი სოფლისა თჳსა თჳსისა მიმართ”, ე.ი. ქრისტეს მეშვეობით. ამ სიტყვებით იგი განმარტავს ზემოთ თქმულ სიტყვებს: “მომცა ჩუენ მსახურებაჲ შერიგებისაჲ” და თითქოს ამბობს: “ნუ იფიქრებთ. Ჩვენ ვართ ამ საქმის მიზეზი, ჩვენ მხოლოდ მსახურები ვართ, ყოველივეს მიზეზი კი ღმერთია, რომელმაც შეარიგა სამყარო თავისთან მხოლოდშობილის მეშვეობით”.

    როგორ შეარიგა? საკვირველია არა მხოლოდ ის, რომ იგი მეგობრად იქცა, არამედ უფრო მეტად ის, თუ როგორ იქცა მეგობრად. როგორ? მიუტევა მათ ცოდვები, სხვაგვარად იგი მეგობარი ვერც იქნებოდა. ამიტომაც თქვა მოციქულმა შემდგომ: “არა შეჰრაცხა მათ ცოდვანი მათნი”. მართლაც, თუკი იგი მოინდომებდა ჩვენს ცოდვებში პასუხის მოთხოვნას, მაშინ ყველა დავიღუპებოდით, რადგან ყველა მოვკვდით. მაგრამ ჩვენი ცოდვების ასეთი სიმრავლის მიუხედავად, მას არა თუ არ მოუთხოვია ჩვენთვის სასჯელი, არამედ შეგვარიგდა კიდეც. არა თუ მიგვიტევა ცოდვები, არამედ არც კი შეგვინახა ისინი გულში. ასე უნდა ვაპატიოთ ჩვენც ჩვენს მტრებს, რათა თავადაც მივიღოთ იგივე პატიება.

    “და მომცა ჩუენ სიტყუაჲ შერიგებისაჲ”. “და ჩვენ, ამბობს, ახლა იმიტომ არ მოვსულვართ, რომ რაიმე მძიმე გვაუწყოთ, არამედ იმისთვის, რომ ყველანი ღვთის მეგობრებად ვაქციოთ”. “თუ მე, ამბობს უფალი, არ მიწამეს, თქვენ ნუ შეწყვეტთ მათ შეგონებას, სანამ არ დაარწმუნებთ”.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 5:19 კონტექსტში

5:17ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.

5:18ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.

5:19რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.

5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,

5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 5:19

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 5

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში