გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 8:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

5 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 8:6

ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენ შორის.

კორინთელთა მიმართ ბ 8:6 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 8:6

5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “რა კავშირია ამ სიტყვებსა და წინამორბედ ნათქვამს შორის? უდიდესი და უახლოესი. რას ამბობს პავლე მოციქული? ‘ვინაიდან შევიტყვეთ მაკედონელთა სიმტკიცე და გულმოდგინება ყველაფერში, განსაცდელებში, მოწყალებაში, სიყვარულში ჩვენდამი, მათი ცხოვრების უმწიკვლოებაში, ამიტომაც გავგზავნეთ თქვენთან ტიტე, რათა თქვენც შეგეძლოთ მათთან შედარება’. თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, აზრს სწორედ ამას გამოხატავს.”

    მთელი განმარტება

    რა კავშირია ამ სიტყვებსა და წინამორბედ ნათქვამს შორის? უდიდესი და უახლოესი. რას ამბობს პავლე მოციქული? “ვინაიდან შევიტყვეთ მაკედონელთა სიმტკიცე და გულმოდგინება ყველაფერში, განსაცდელებში, მოწყალებაში, სიყვარულში ჩვენდამი, მათი ცხოვრების უმწიკვლოებაში, ამიტომაც გავგზავნეთ თქვენთან ტიტე, რათა თქვენც შეგეძლოთ მათთან შედარება”. თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, აზრს სწორედ ამას გამოხატავს.

    ყურადღება მიაქციეთ მის უხვი სიყვარულს. ამბობს: “როდესაც ისინი გვთხოვდნენ და გვევედრებოდნენ, ჩვენ თქვენზე ვზრუნავდით, რათა არ ჩამორჩენოდით მათ. ამიტომაც გავგზავნეთ ტიტე, რათა თქვენ, წახალისებულნი და ამაზე დაფიქრებულნი, შეჯიბრებოდით მაკედონელებს”. ტიტე ხომ იქ იყო, როდესაც ეს ეპისტოლე იწერებოდა. ამასთან, გვიჩვენებს, რომ ტიტემ პავლეს დარიგებამდე დაიწყო ეს საქმე, როგორც ეს სიტყვებიდან ჩანს: “რათა მან. Როგორც დაიწყო...” ამიტომაც გამოთქვამს ტიტეს მიმართ დიდ ქებას, როგორც ეპისტოლეს დასაწყისში ამბობს: “არ ჰქონდა სიმშვიდე ჩემს სულს. Ვერ ვპოვე ჩემი ძმა ტიტე” (2 კორ. 2:13), ასევე აქ, ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ამ უკანასკნელ სიტყვებსაც ამატებს. განა მცირე ქებაა ის, რომ მან პირველმა დაიწყო? ეს ხომ ცხელი და გულმოდგინე სულის ნიშანი იყო. ამისთვის გაგზავნა ტიტე, რათა მისი უბრალო თანდასწრება ყოფილიყო კორინთელთათვის მოწყალების გაცემისკენ წახალისება. აქებს მას იმისთვის, რომ უფრო მეტად განაწყოს კორინთელები მის მიმართ, რადგან დიდ დამარწმუნებელ ძალას ფლობს ის, თუ დარიგებულნი კეთილად არიან განწყობილნი დამრიგებლის მიმართ.

    მოციქული მოწყალებაზე საუბრობს პირველად, მეორედ და მესამედ და მას მადლს უწოდებს: “გაცნობებთ თქვენ, ძმებო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს”; და კვლავ: “გულითად... ძალზე დაგვევედრნენ, რომ მიგვეღო მათი შესაწირი და მონაწილეობა წმინდანთა მსახურებაში”; და კიდევ: “რათა მან, როგორც დაიწყო, ასევე დაასრულოს თქვენში ეს კეთილი საქმე”. ჭეშმარიტად, მოწყალება კეთილი საქმეა და ღვთის საჩუქარი. მოწყალების გაცემა კი, შესაძლებლობის ფარგლებში, თვით ღმერთს გვამსგავსებს. სწორედ ეს აქცევს ადამიანს ადამიანად. ამიტომაც წარმოაჩინა ერთმა ადამიანის სახე და თქვა: “მრავალი აქებს კაცს გულმოწყალებისათვის, მაგრამ ვინ ჰპოვებს ჭეშმარიტ კაცს?” (იგავ. 20:6).

    ეს მადლი მკვდრების აღდგენის ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანია. მშიერი ქრისტეს დაპურება იესოს სახელით მკვდრების აღდგენაზე უფრო მნიშვნელოვანია. იქ შენ ქრისტეს ემსახურები, აქ კი, ის შენ. ჯილდო მას ეკუთვნის, ვინც თავად აკეთებს სიკეთეს და არა მას, ვინც მას სხვისგან იღებს. სასწაულების აღსრულებისას შენ თავად ხდები ღვთის მოვალე, მოწყალების საქმეში კი შენ ასესხებ ღმერთს. მოწყალება კი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როდესაც მას ნებით, გულუხვად გასცემ, როდესაც ფიქრობ, რომ არ გასცემ, არამედ თავად იღებ, როდესაც მას საკუთარ კეთილდღეობად და შენაძენად თვლი და არა დანაკარგად. სხვა შემთხვევაში ის მადლი არ არის.

    ის, ვინც სხვას წყალობას უწევს, უნდა ხარობდეს და არა წუხდეს. განა უგუნურება არ არის, სხვისი მწუხარების შემსუბუქებისას თავად წუხდე? მაშინ შენი გაცემა უკვე აღარ არის მოწყალება. თუ წუხხარ იმის გამო, რომ სხვას მწუხარება მოაშორე, მაშინ უკიდურესი სისასტიკისა და არაადამიანურობის მაგალითს აძლევ. სჯობს, საერთოდ არ იხსნა, ვიდრე ასე იხსნა. და რაზე წუხხარ, ადამიანო? იმაზე, რომ ოქრო შეგაკლდა? თუ ასეთი განწყობა გაქვს, საერთოდ ნუ გასცემ. თუ არ გჯერა, რომ ზეცაში დიდი საუნჯე გიმზადდება, მაშინ ნუ გაიღებ. მაგრამ შენ აქ გინდა საზღაური. რატომ? მიეცი მოწყალებას მოწყალების სახე და არა ყიდვა-გაყიდვის. მართალია, ბევრმა მიიღო საზღაური აქაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იმაზე მეტს მიიღებენ, ვინც აქ არ მიიღო. პირიქით, ზოგიერთმა მათგანმა (საზღაური აქ მიიღო), როგორც უძლურმა, რადგან ჯერ კიდევ ძლიერად არ მოიწადინა მომავალი კეთილდღეობა.

    როგორც ხარბი ადამიანები, რომლებმაც არ იციან ზომიერება და მუცლის მონები, სამეფო ტრაპეზზე მიწვეულნი და სათანადო დროის მოლოდინის გარეშე, პატარა ბავშვებივით, თავს ართმევენ ჭეშმარიტ სიამოვნებას. Წინ იტაცებენ და მუცელს უვარგისი საკვებით ივსებენ, ასევე ისინიც, ვინც აქ ეძებენ ჯილდოს და იღებენ მას, ამცირებენ მომავალ ჯილდოს. სესხის გაცემისას შენ გსურს უკან მიიღო გაცემული დიდი ხნის შემდეგ და არა მალე, რათა ამ დაყოვნებამ მოგება გაზარდოს. მოწყალების საქმეში კი მაშინვე ითხოვ საზღაურს და თან იცი, რომ არა აქ, არამედ იქ იცხოვრებ მარადიულად, რომ არა აქ გაგასამართლებენ, არამედ იქ აგებ პასუხს.

    თუ ვინმემ სახლი აგიშენა იქ, სადაც ცხოვრებას არ აპირებ, ამ საქმეს დანაკარგად ჩათვლიდი. როგორ გინდა იყო მდიდარი აქ, საიდანაც დამდეგ საღამომდე არაერთხელ შეგიძლია წახვიდე? ნუთუ არ იცი, რომ ჩვენ, როგორც ხიზნები და მწირები, უცხო მხარეში ვცხოვრობთ? ნუთუ არ იცი, რომ ხიზნებს აძევებენ, როდესაც არ ელიან და არ ფიქრობენ? ასეთ ბედს განვიცდით ყველა დედამიწაზე. ამიტომაც, რასაც აქ ვამზადებთ, აქვე ვტოვებთ. ავაშენებთ სახლებს, ვიყიდით მინდვრებს, მონებს, ჭურჭელს თუ სხვა მსგავსს, ყოველივე ამის წაღების უფლებას არ გვაძლევს მეუფე აქედან წასვლისას. და არა მხოლოდ არ გვაძლევს თან წაღების უფლებას, არამედ არც საზღაურს გვაძლევს ამაში, რადგან წინასწარ გითხრა: ნუ აგროვებ და ნუ ხარჯავ სხვისას, არამედ აგროვე და ხარჯე მხოლოდ შენი. რატომ, საკუთარის მიტოვების შემდეგ, სხვისაზე შრომობ და სხვისას ხარჯავ, რათა შრომაც და ჯილდოც გაანადგურო და შემდეგ უკიდურეს სასჯელს დაექვემდებარო? ნუ იზამ ამას, გევედრები.

    თუ ჩვენ ბუნებით ხიზნები ვართ, მაშინ ნებითაც ვიყოთ ხიზნები, რათა იქ არ ვიყოთ საძულველი და უარყოფილი ხიზნები. თუ ჩვენ აქ მოვისურვებთ მოქალაქეობას, არ ვიქნებით მოქალაქეები არც აქ და არც იქ. თუ ხიზნებად დავრჩებით და ვიცხოვრებთ ისე, როგორც ხიზნებს შეეფერებათ, მაშინ მივიღებთ მოქალაქეობის უფლებებს როგორც აქ, ასევე იქ. მართალი, თუნდაც არაფერი ჰქონდეს, აქაც ყველაფერს თავისად განაგებს და ზეცაში გადასვლის შემდეგ იხილავს თავის საუკუნო სამყოფელს. აქ არ განიცდის იგი რაიმე უსიამოვნებას, რადგან ვერავინ აქცევს ხიზნად მას, ვისთვისაც მთელი დედამიწა სამშობლოა, ხოლო სამშობლოს მიღწევის შემდეგ იგი მიიღებს ჭეშმარიტ სიმდიდრეს.

    ამრიგად, რათა ორივე სიკეთით ვისარგებლოთ, როგორც აწმყოთი, ასევე მომავლით, ვიხელმძღვანელოთ აწმყოთი, როგორც საჭიროა. ამგვარად გავხდებით ზეციური მოქალაქეები და მივიღებთ დიდ თავისუფლებას, რომლის ღირსი ყველა ჩვენგანი გახადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც დიდება მამასთან და წმიდა სულთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  3. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  4. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  5. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 5

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 8:6 კონტექსტში

8:4თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.

8:5და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.

8:6ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენ შორის.

8:7და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.

8:8ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 8:6

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 8

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში