
ეზექიელი 5:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.
ეზექიელი 5:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 5:13 კონტექსტში
5:11ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.
5:12შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
5:13ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.
5:14მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.
5:15იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 5:13
- ეზექიელი 36:5ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ნახავთ, თუ ჩემი შურის ცეცხლით არ ვილაპარაკე დარჩენილ ხალხთა წინააღმდეგ და მთელი ედომის წინააღმდეგ, რომელთაც მიისაკუთრეს ჩემი ქვეყანა სამკვიდროდ და მთელი გულით უხარიათ ზიზღით აღსავსეთ, რომ დაიტაცეს მისი დოვლათი.
- ეზექიელი 36:6ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებს, გორაკებს, ხევებს და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურით და ჩემი რისხვით ვილაპარაკე იმის გამო, რომ შეურაცხყოფას ითმენთ ხალხებისგან.
- ესაია 1:24ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე!
- ეზექიელი 6:12შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას.
- ეზექიელი 20:21მაგრამ ამიჯანყდნენ შვილები, ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, არ იცავდნენ და არ ასრულებდნენ ჩემს სამართალს, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ იცოცხლოს, და შელახეს ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას და მათზე მოვიკლავ-მეთქი ჩემს ბრაზს უდაბნოში;
- ეზექიელი 7:8ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელ შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ!
- ეზექიელი 21:17მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ. მე, უფალი ვლაპარაკობ.
- ესაია 59:17ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 5
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში