
ებრაელთა მიმართ 6:20: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
ებრაელთა მიმართ 6:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 6:20
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აი, რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი:”
მთელი განმარტება
აი, რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი:
“რათა სასოება იყოს არა მარტო იმედი, არამედ სრულიად ჭეშმარიტი იმედი, ამიტომ ფიცის შემდეგ მოაქვს სხვა რამეც, კერძოდ, საქმით დამტკიცება: “სადაც წინამორბედად ჩვენთვის შევიდა იესუ”. წინამორბედია ის, ვინც წინ მიუძღვის ვინმეს, როგორც იოანე ქრისტესი. და არა უბრალოდ: “შევიდა”, არამედ: “წინამორბედად ჩვენთვის შევიდა”, რათა ჩვენც მივყვეთ მას, რადგან წინამორბედსა და მის მიმდევრებს შორის დიდი მანძილი არ უნდა იყოს, თორემ ის წინამორბედი აღარ იქნება. წინამორბედი და მისი მიმდევრები ერთსა და იმავე გზაზე უნდა იყვნენ; პირველის საქმეა წინსვლა, ხოლო უკანასკნელთა, მის კვალზე სიარული. “გახდა რა, ამბობს, მღდელთმთავრად უკუნისამდე, წესისაებრ მელქისედეკისა”. აჰა, კიდევ ერთი ნუგეში, იმაში, რომ ჩვენი მღდელთმთავარი აღემატება და ბევრად აღემატება იუდეველ მღდელთმთავრებს, არა მარტო არჩევის წესით, არამედ ადგილითაც, კარვითაც, აღთქმითაც და პიროვნულობითაც. თუმცა, ეს ითქმის ქრისტეზე ხორციელად. მაშასადამე, ჩვენც უნდა ვიყოთ იმათზე უკეთესნი, ვისთვისაც ის მღდელთმთავარია; რამდენადაც დიდია განსხვავება აარონსა და ქრისტეს შორის, იმდენადვე დიდი განსხვავება უნდა იყოს ჩვენსა და იუდეველებს შორის. შეხედე, ჩვენ გვაქვს ზეცად ამაღლებული მსხვერპლი, ზეცად ამაღლებული მღდელთმთავარი, ზეცად ამაღლებული მსხვერპლშეწირვა. ამიტომ ჩვენ უნდა მივიტანოთ ისეთი მსხვერპლი, რომელიც შეიძლება დაიდოს ასეთ სამსხვერპლოზე, არა ცხვრები და ხარები, არა სისხლი და ქონი. ეს ყველაფერი შეწყდა, მის ნაცვლად კი შემოღებულ იქნა სიტყვიერი მსახურება. რა არის სიტყვიერი მსახურება? სულიერი, გონებრივი, “ღმერთი, ნათქვამია წმინდა წერილში, არის სული, და თაყვანისმცემელნი მისნი სულითა და ჭეშმარიტებითა თაყვანსა სცემდენ მას” (იოან. 4:24), ისეთი, რომლისთვისაც არ არის საჭირო არც სხეული, არც იარაღები, არც ადგილები; ასეთებია: თვინიერება, სიწმინდე, მოწყალება, ბოროტების არდამახსოვრება, სულგრძელება, თავმდაბლობა. ასეთი მსხვერპლი ძველ აღთქმაშიც იყო დიდი ხნის წინ გაცხადებული. “შეწირეთ ღმერთს, ამბობს დავითი, მსხვერპლი სიმართლისა” (ფს. 4:6); და კიდევ: “შენდა შევწირო მსხვერპლი ქებისა” (ფს. 115:8); და კიდევ: “ვინც სწირავს მსხვერპლად ქებას, ის მცემს მე პატივს” (ფს. 49:23); და კიდევ: “მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი” (ფს. 50:19); და კიდევ: “რაჲ გითხრა შენ უფალმან, არამედ რაჲმცა ქმნე განკითხვაჲ და სიყუარული წყალობისაჲ და მზად ყოფაჲ სლვად უფლისა შენისა თანა” (მიქ. 6:8)? “მსხვერპლი და შესაწირავი არა ინებე, ყურნი განმიხვენ მე; საკუერთხი და ცოდვისათჳს არა გითხოვე. მაშინ ვთქუ: აჰა მოვედ, თავსა წიგნისა დაწერილი არს ჩემდა მომართ, ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, და შჯული შენი შორის მუცლისა ჩემისა” (ფს. 39:7-9); და კიდევ: “რისთვის მჭირდება საკმეველი, რომელიც საბადან მოდის” (იერ. 6:20); და სხვა (წინასწარმეტყველი): “გამეცალე ჩემგან შენს სიმღერათა ხმას, და შენი ქნარების ხმას არ მოვისმენ” (ამოს. 5:23); მაგრამ, ამის ნაცვლად, “წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი” (ოს. 6:6). ხედავ, რა მსხვერპლით უნდა ვასიამოვნოთ ღმერთს? ხედავ, რომ ის მსხვერპლები დიდი ხნის წინ შეწყდა, ესენი კი მათ ნაცვლად შემოვიდა? მათ შევწირავთ ჩვენც. ის მსხვერპლი მდიდარი და შეძლებული ადამიანებისაა, ეს კი, სათნოებისა; ის გარეგნულია, ეს კი, შინაგანი; იმის შეწირვა ყველას შეუძლია, ამის კი, ცოტას. რამდენადაც ადამიანი სჯობს ცხვარს, იმდენად ეს მსხვერპლი (უფრო მაღალია) იმაზე, რადგან აქ შენ საკუთარ სულს სწირავ მსხვერპლად. არის კიდევ სხვა მსხვერპლიც, ჭეშმარიტად სრულად დასაწვავი; ეს არის წმინდა მოწამეთა სხეულები; მათ წმინდა აქვთ სულიც და სხეულიც; ისინი სავსე არიან დიდი სურნელებით. და შენც, თუ მოინდომებ, შეგიძლია ასეთი მსხვერპლის შეწირვა. როგორ, როდესაც შენ არ შეგიძლია შენი სხეულის დაწვა? შენ შეგიძლია (თავი მიუძღვნა) სხვა ცეცხლს, მაგალითად, ნებსითი სიღატაკის ცეცხლს, მწუხარების ცეცხლს. როდესაც ვინმე, ვისაც შეუძლია ფუფუნებაში და დიდებულად ცხოვრება, თავს იკლავს მოღვაწეობრივი და მწუხარე ცხოვრებით, განა ეს სრულად დასაწვავი მსხვერპლი არ არის? მოაკვდინე შენი სხეული და ჯვარს აცვი იგი, და შენც მიიღებ მოწამეობის გვირგვინს. რასაც იქ ხმალი აკეთებს, აქ გულმოდგინებამ აკეთოს. ნუ აგიზგიზდება და ნუ დაეუფლება (შენ) ვერცხლისმოყვარეობა, არამედ დაე დაიწვას და განადგურდეს ეს უგუნური ვნება სულიერი ცეცხლით, დაე მოიკვეთოს სულის მახვილით. ეს არის კეთილი მსხვერპლი, რომლისთვისაც არ არის საჭირო მღვდელი, არამედ მხოლოდ თვით შემწირველი, მსხვერპლი მშვენიერი, რომელიც სრულდება მიწაზე, მაგრამ მაშინვე მიიღება ზეცაში. განა არ გვიკვირს, როგორ ჩამოვიდა ძველად ცეცხლი და შთანთქა ყველაფერი (3 მეფ. 18:38)? შეიძლება ახლაც ჩამოვიდეს ცეცხლი, ბევრად უფრო საკვირველი, და შთანთქას ყველაფერი შეთავაზებული, ან უკეთ რომ ვთქვათ, არ შთანთქას, არამედ ზეცად აიტაცოს, რადგან ის ფერფლად არ აქცევს ძღვენს, არამედ ღმერთს მიართმევს. ასეთი იყო კორნელიუსის შესაწირავი: “ლოცვა შენი, ნათქვამია (მისთვის), და წყალობანი შენნი აღვიდეს მოსახსენებლად წინაშე ღმრთისა” (საქ. 10:31). აჰა, მშვენიერი შეხამება! მაშინ ჩვენც შევისმინებით, როდესაც ჩვენ თვითონ გვესმის ჩვენთან მომავალი გლახაკებისა. “რომელი აქცევს ყურსა თჳსსა ღაღადებისაგან გლახაკისა, მანცა ჴმა-ყოს, და არაჲსმინოს მისსა” (იგავ. 21:13); “ნეტარ არს, რომელსა გულისხმა-ყოს გლახაკი და დავრდომილი, დღესა ბოროტსა იჴსნეს იგი უფალმან” (ფს. 40:2). ეს სხვა რომელიმე დღე კი არ არის, არამედ ის დღე, რომელიც მძიმე იქნება ცოდვილთათვის. რას ნიშნავს: “გულისხმა-ყოს”? ის, ვინც ხვდება, თუ ვინ არის გლახაკი, ჩასწვდება მის გასაჭირს, რადგან ვინც ჩასწვდება მის გასაჭირს, ის, რა თქმა უნდა, მაშინვე გაუწევს მას წყალობას. როდესაც დაინახავ გლახაკს, მაშინ ნუ მიიბრუნებ მისგან ზურგს, არამედ მაშინვე იფიქრე, როგორი იქნებოდი შენ თვითონ, მის ადგილას რომ ყოფილიყავი, რის მიღება გენდომებოდა ყველასგან? “გულისხმა-ყოს”, ამბობს. წარმოიდგინე, რომ ისიც ისევე თავისუფალია, როგორც შენ, შენნაირივე კეთილშობილი ბუნება აქვს, და ყველაფერი მასაც შენთან საერთო აქვს; და ამასობაში მას, რომელიც შენზე არაფრით არ არის უარესი, შენ ხშირად საკუთარ ძაღლებთანაც კი არ ათანაბრებ; ესენი სრულად ძღებიან პურით, ის კი ხშირად მშიერი იძინებს, ისე რომ თავისუფალი შენს მონებზე დაბლა დგება. მაგრამ მონები, იტყვი შენ, ჩვენ გვეხმარებიან. რითი, ამიხსენი მე? ისინი კარგად გემსახურებიან? მაგრამ თუ მე დავამტკიცებ, რომ ისიც შენზე ბევრად მეტ დახმარებას გიწევს, რას იტყვი? ის წარდგება განკითხვის დღეს, და გიხსნის შენ ცეცხლისგან. შეუძლიათ კი ყველა მონას რაიმეს მსგავსის გაკეთება? როდესაც ტაბითა გარდაიცვალა (საქ. 9:36-42), ვინ აღადგინა იგი? მონებმა, რომლებიც გარს ეხვივნენ მას, თუ გლახაკებმა? შენ კი არ გინდა თავისუფალი მონებთანაც კი გაათანაბრო. აჰა, ძლიერი სიცივეა; გლახაკი ძევს იატაკზე, ნაჭრებში გახვეული, სიცივისგან კვდება, კბილებს აღრჭენს, და თავისი გარეგნობითა და ტანსაცმლით თანაგრძნობას აღძრავს; შენ კი, თბილად ჩაცმული და დამთვრალი, ჩაუვლი გვერდით (მასზე ყურადღების მიუქცევლად). როგორღა გინდა, რომ ღმერთმა გიხსნას შენ, როდესაც უბედურებაში ხარ? შენ ხშირად ამბობ: ჩემს მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი, რომ ვინმეს ჩემ წინააღმდეგ ბევრი შეეცოდა, მე ვაპატიებდი მას, ღმერთი კი არ მაპატიებს მე? ამას ნუ იტყვი; შენ თვითონ სძულხარ მას, რომელსაც შენ წინააღმდეგ არაფერიც კი არ შეუცოდავს, და რომელსაც შენ შეგეძლო დახმარებოდი. თუ შენ ასეთ (ადამიანს) სძულხარ, როგორღა მოგიტევებს ღმერთი შენ მის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს? განა ეს გეენას არ იმსახურებს? და აი, რა არის უცნაური: ხშირად მკვდარ სხეულს, უსიცოცხლოს, რომელსაც უკვე პატივისცემა აღარ ესმის, შენ მრავალი სხვადასხვა მოოქროვილი სამოსელით ფარავ; ხოლო სხეულს ტანჯულს, ავადმყოფურს, შიმშილითა და სიცივით წამებულს და დაუძლურებულს, შენ სძულხარ; უფრო მეტად ემსახურები ამაოებას, ვიდრე ღვთის შიშს. და, ოჰ, ნეტავ მარტო ეს იყოს! მაგრამ მაშინვე (იწყება კიდევ) საყვედურები მომსვლელის (გლახაკის) მიმართ. რატომ, ამბობ შენ, ის არ მუშაობს? რატომ ჭამს პურს, არ შრომობს? მაგრამ შენ თვითონ, მითხარი მე, საკუთარი შრომით შეიძინე ის, რაც გაქვს? მამისგან ხომ არ მიგიღია მემკვიდრეობით? და რომც გეშრომა, განა ამის გამო შეგიძლია სხვას საყვედური უთხრა? პავლეს სიტყვები არ გაგიგია: “თქუენ, ძმანო, ნუ სულ-აცთომილ ხართ კეთილის-მოქმედებასა”? და ამას ამბობს მას შემდეგ, რაც თქვა: “უკუეთუ ვინმე არა ინებებდეს საქმესა, ნუცა ჭამნ” (2 თეს. 3:13, 10). მაგრამ ის, ამბობ შენ, მატყუარაა. რას ამბობ შენ, ადამიანო? ერთი პურისა და ტანსაცმლის გამო შენ მას მატყუარას უწოდებ? მაგრამ ის მაშინვე გაყიდის მას, ამბობ შენ. შენ თვითონ კი კარგად განკარგავ მთელ შენს ქონებას? როგორ, ნუთუ ყველა გლახაკი უსაქმურობისგან გახდა ასეთი? ნუთუ არავინ გემის ჩაძირვისგან, არავინ სამსჯავროებიდან, არავინ ქურდებისგან, არავინ უბედურებებისგან, არავინ ავადმყოფობებისგან, არავინ რაიმე სხვა გარემოებისგან? ამასობაში ჩვენ, როდესაც გვესმის გლახაკის, რომელიც მსგავს უბედურებებზე წუწუნებს, ხმამაღლა ღაღადებს, მზერას ზეცისკენ მიაპყრობს, თავღია, თმაგაჩეჩილი, ნაჭრებში გახვეული, მაშინვე მას მატყუარას, ცბიერს, თვალთმაქცს ვუწოდებთ. არ გრცხვენია? ვის უწოდებ შენ მატყუარას? თუ არ გინდა არაფრის მიცემა, მაშინ, სულ ცოტა, ნუ ლანძღავ ადამიანს. მაგრამ, ამბობ შენ, მას აქვს საშუალებები და თავს ისულელებს. ეს შენს განსასჯელად არის და არა მისი; მან იცის, რომ საქმე აქვს გულქვა ადამიანებთან, უფრო მხეცებთან, ვიდრე ადამიანებთან. Რომ, რამდენი საწყალობელი სიტყვაც არ უნდა წარმოთქვას, ვერავის შეეხება, ამიტომაც იძულებულია კიდევ უფრო საცოდავი სახე მიიღოს, რათა შენი სული მოინადიროს. როდესაც დავინახავთ, რომ ვინმე ჩვენთან სუფთა ტანსაცმლით მოდის, ვამბობთ: ის მატყუარაა, ის ასეთი სახით მოდის, რათა აჩვენოს, რომ ის კეთილშობილია; როდესაც ვინმეს საპირისპირო ტანსაცმელში დავინახავთ, მასაც ვსაყვედურობთ. რა უნდა გააკეთონ მათ? ოჰ, სისასტიკევ! ოჰ, უგრძნობელობავ! რატომ, ამბობ შენ, ისინი აშიშვლებენ დასახიჩრებულ კიდურებს? შენთვის. ჩვენ რომ თანამგრძნობნი ვიყოთ, მათ არ დასჭირდებოდათ ასეთი საშუალებების გამოყენება; პირველი შეხედვით რომ შეეძლოთ შეხება, ასე არ მოიქცეოდნენ. რომელ უბედურს მოუნდებოდა ასე ღაღადება, საძაგელი სახის მიღება, შიშველ ცოლთან ერთად ყველას წინაშე ქვითინი, შვილებთან ერთად თავზე ნაცრის დაყრა? რა შეიძლება იყოს ასეთ უკიდურესობაზე უარესი? მაგრამ ამის გამო ჩვენ არა მარტო არ ვუწევთ მათ თანაგრძნობას, არამედ ვგმობთ მათ. როგორღა შეგვიძლია ამის შემდეგ აღვშფოთდეთ, რომ ღმერთი არ ისმენს ჩვენს ლოცვებს? როგორ შეგვიძლია ვიწუწუნოთ, რომ ის არ აკმაყოფილებს ჩვენს თხოვნებს? განა ეს საშინელი არ არის, საყვარელნო? მაგრამ, ამბობ შენ, მე ხშირად გამიცია. შენ კი განა ყოველდღე არ იღებ საკვებს? განა შვილებს უკუაგდებ, თუმცა ისინი ხშირად გთხოვენ? ოჰ, უსირცხვილობავ! შენ გლახაკს უწოდებ უსირცხვილოს. შენ თვითონ, სხვისას რომ იპარავ, თავს უსირცხვილოდ არ თვლი; პურს რომ ითხოვს, ის არის უსირცხვილო? ნუთუ არ იცი, რაოდენ ძლიერია კუჭის მოთხოვნილება? ყველაფერს მისთვის ხომ არ აკეთებ? სულიერ საგნებს მისთვის ხომ არ ტოვებ? შენ ზეცა და ცათა სასუფეველი გაქვს აღთქმული; შენ კი, მისი (კუჭის) ძალადობის მორჩილი, ყველაფერს ხომ არ იტან და იმას (აღთქმულს) ხომ არ უგულებელყოფ? აჰა, ჭეშმარიტი უსირცხვილობა! დამახინჯებულ მოხუცებს ვერ ხედავ? მაგრამ, ოჰ, ცილისწამებავ! ეს, ამბობთ თქვენ, ამდენ ოქროს ასესხებს, ის კი ამდენს, და ამასობაში კიბეზე დგანან (და მოწყალებას ითხოვენ). თქვენ პატარა ბავშვების ზღაპრებსა და იგავებს ყვებით, რომლებიც მათ ყოველთვის თავიანთი ძიძებისგან ესმით; მე არ მგონია, არ მჯერა, არ შეიძლება. ის ამდენ ფულს ასესხებს, და თვითონ თავისი ქონების პატრონი მოწყალებას ითხოვს? რისთვის, მითხარი მე? რა შეიძლება იყოს მოწყალების თხოვნაზე სამარცხვინო? სიკვდილი სჯობს თხოვნას. მაგრამ როდემდე ვიქნებით გულქვა? როგორ, ნუთუ ყველა მათგანი ფულს ასესხებს? ნუთუ ყველა მატყუარაა? ნუთუ არ არის არც ერთი ჭეშმარიტად გლახაკი? არის, ამბობ შენ, და ბევრი. რატომ არ უწევ მათ დახმარებას, თუ შენ ზუსტად იცი მათი ცხოვრება? არა, ეს მიზეზია და თავის მართლება. “რომელი გთხოვდეს შენ, მიეც მას, და რომელი ისესხებდეს შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მისგან” (მათ. 5:42; ლუკ. 6:30); “ნუ იყოს ხელი შენი განპყრობილი მიღებად და შეკუმშული გაცემად” (სიბრ. 4:35). ჩვენ არ ვართ დაყენებულნი სხვათა ცხოვრების მსაჯულებად; თორემ ჩვენ არავის მივცემდით მოწყალებას. როდესაც ღმერთს ევედრები, განა არ ამბობ: “ცოდვათა სიყრმისა ჩემისათა და უმეცრებათა ჩემთა ნუ მოიჴსენებ” (ფს. 24:7)? ასევე გლახაკზეც, თუნდაც ის დიდი ცოდვილი იყოს, იგივე იფიქრე და ნუ მოიხსენებ მის ცოდვებს. ახლა კაცთმოყვარეობის დროა და არა მკაცრი სამსჯავროსი, წყალობისა და არა განსჯისა. მას ჭამა უნდა: თუ გსურს, მიეცი მას; თუ არ გსურს, უარი უთხარი, გამოუძიებლად, რატომ არის ის ღარიბი და უბედური. რატომ შენ თვითონ არ აძლევ მას, და მსურველებს აკავებ? რადგან როდესაც ვინმე შენგან გაიგებს, რომ ეს (გლახაკი) მატყუარაა, ის კი თვალთმაქცია, მევახშეა, არც ერთს არ მისცემს, იფიქრებს, რომ ისინი ყველა ასეთები არიან. ცნობილია, როგორ ადვილად ვუჯერებთ ცუდს, და როგორ ძნელად, კარგს. ჩვენ უნდა ვიყოთ არა უბრალოდ მოწყალენი, არამედ როგორც “მამაჲ” ჩვენი “ზეცათაჲ” (მათ. 5:48). ის კვებავს მეძავებსაც, მრუშებსაც, მატყუარებსაც, და საერთოდ ყოველგვარ ბოროტმოქმედს. ამჟამინდელ სამყაროში აუცილებელია ასეთი სახის მრავალი იყოს; ის კი ყველას აცმევს, და არავინ არ მომკვდარა შიმშილით, საკუთარი ნების გარდა. ჩვენც ასევე უნდა ვიყოთ მოწყალენი. თუ ვინმე გთხოვს და გაჭირვებაშია, დაეხმარე მას. მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ სიგიჟემდე მივედით, რომ ასე ვიქცევით არა მარტო ქუჩებში მოსიარულე გლახაკებთან, არამედ მონაზვნებთანაც: ის, ამბობენ, მატყუარაა! განა არ გესაუბრეთ თქვენ ადრეც, რომ თუ ჩვენ ყველას განურჩევლად მივცემთ, მუდმივად გამოვავლენთ მოწყალებას; თუ გამოვიკვლევთ, არასოდეს გამოვავლენთ მოწყალებას? რას ამბობ შენ? ნუთუ ის იმისთვის თვალთმაქცობს, რომ პური მიიღოს? ოქროსა და ვერცხლის ტალანტებს რომ ითხოვდეს, ან ძვირფას სამოსელს, ან მონებს, ან რაიმეს მსგავსს, მაშინ სამართლიანად შეიძლებოდა მისთვის მატყუარას დარქმევა; მაგრამ თუ ის არაფერს მსგავსს არ ითხოვს, არამედ მხოლოდ საჭმელსა და ტანსაცმელს, ყველაზე ზომიერ ნივთებს, მაშინ, მითხარი მე, ეს მატყუარასთვის არის დამახასიათებელი? დავანებოთ თავი ამ უადგილო, სატანურ, დამღუპველ გარჩევას. როდესაც ვინმე იტყვის, რომ ის სამღვდელო დასს ეკუთვნის, ან თავს მღვდელს უწოდებს, მაშინ გამოიკვლიე, გამოჰკითხე, რადგან ასეთ ადამიანთან ურთიერთობა გამოკვლევის გარეშე უსაფრთხო არ არის, აქ დიდი საფრთხეა. როდესაც ვინმე საჭმელს ითხოვს, ნუ გამოიკვლევ; აქ შენ იმდენს არ აძლევ, რამდენსაც თვითონ იღებ. გაიხსენე, თუ გინდა, როგორ იღებდა აბრაამი სტუმართმოყვარედ ყველა მომსვლელს. გამოკვლევებს რომ აკეთებდეს მასთან მომსვლელებზე, ანგელოზებს არ მიიღებდა; შეიძლება, ანგელოზებად რომ არ ჩათვლიდა, სხვებთან ერთად მათაც უარს ეტყოდა; მაგრამ რადგან ის ყველას იღებდა, ანგელოზებიც მიიღო. განა შენ ღმერთი სიცოცხლისთვის გაჯილდოვებს იმათი, ვინც შენგან იღებს? არა, შენი განწყობისთვის, შენი მოწყალებისთვის, დიდი კაცთმოყვარეობისთვის, სიკეთისთვის. თუ ის იქნება, მაშინ შენც მიიღებ ყველა სიკეთეს, რომლის ღირსიც ყველანი გავხდეთ, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით. Რომელთანაც მამასთან და წმინდა სულთან ერთად დიდება, ძალა, პატივი, ახლა და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 6:20 კონტექსტში
6:18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,
6:19რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
6:20სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 6:20
- ებრაელთა მიმართ 4:14და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.
- ებრაელთა მიმართ 3:1ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,
- ებრაელთა მიმართ 5:6ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,
- ებრაელთა მიმართ 5:10და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა.
- ებრაელთა მიმართ 1:3რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,
- იოანე 14:2მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
- იოანე 14:3ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.
- ებრაელთა მიმართ 9:24რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს,
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 6
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



