
ებრაელთა მიმართ 6:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
ებრაელთა მიმართ 6:4 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(რომ. 6:1). თუ ჩვენ ყოველთვის მადლით ხსნის იმედი გვექნება, არასოდეს გავხდებით სათნონი; სადაც მხოლოდ მადლია, იქ შეიძლება უდარდელობას მივეცეთ. თუ ვიცოდით, რომ ჩვენი ცოდვები კვლავ შეიძლებოდა ჩამობანილიყო (ნათლისღებით), განა შევწყვეტდით ცოდვას? არ მგონია.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 16 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 6:4
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(იერ. 8:4). მას შეუძლია, თუ ჩვენ მოვინდომებთ, კვლავ გამოგვსახოს ჩვენში ქრისტე; მოისმინე, რას ამბობს პავლე: ‘შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად ვმელნ, ვიდრემდის ხატი ქრისტესი გამოისახოს თქუენ შორის’ (გალ. 4:19); ოღონდ ჩვენ უნდა მივუდგეთ სინანულს.”
მთელი განმარტება
აჰა, რა მამხილებლად და მტკიცედ იწყებს მოციქული საუბარს: “შეუძლებელია”, ამბობს, ანუ, ნუც ეცდები იმას, რაც შეუძლებელია. არ უთქვამს: შეუფერებელია, უსარგებლოა, დაუშვებელია, არამედ, “შეუძლებელია”, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის, ერთგზის სრულად განათლებულთათვის, სასოწარკვეთილების გარდა, სხვა აღარაფერი რჩება.
შემდეგ აგრძელებს: “და რომელთა იგემეს ნიჭი იგი ზეცით”, ე.ი. ცოდვათა შენდობა, “და თანაზიარ იქმნენ სულისა წმიდისა, და იგემეს კეთილი იგი სიტყვა ღმრთისა”, აქ მოძღვრებაზე საუბრობს, “და ძალნი მომავლისა მის საუკუნისანი”. რას გულისხმობს იგი? ან სასწაულთმოქმედების ძალას, ან სულის საწინდარს.
“და დაეცნენ, კუალად განახლება მათი სინანულით, რადგან კვლავ ჯვარს აცუვენ თავთა თვისთა ძე ღმრთისა და არცხუენ”. “განახლება, ამბობს, სინანულით”, ე.ი. სინანულის გზით. რას ნიშნავს ეს? ნუთუ უარყოფილია სინანული? არა, არა სინანული, არამედ მეორედ განახლება ნათლისღებით. მან თქვა: “შეუძლებელია... განახლება მათი სინანულით”, მაგრამ არ შეჩერებულა და სიტყვის “შეუძლებელია” შემდეგ დაამატა: “რადგან კვლავ ჯვარს აცუვენ თავთა თვისთა ძე ღმრთისა... კვლავ განახლება”, ე.ი. განახლება, ხოლო ახალს მხოლოდ ნათლისღება ქმნის: “განახლდეს, ნათქვამია, ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი” (ფს. 102:5). სინანულის მოქმედება კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი განახლებულებს, რომლებიც შემდეგ ცოდვების გამო კვლავ დაძველდნენ, იხსნის ამ სიძველისგან და აბრუნებს განახლების მდგომარეობაში; მაგრამ პირვანდელ ნათელს ვეღარ უბრუნებს, რადგან იქ (ნათლისღებაში) ყველაფერი მადლის საქმე იყო.
“რადგან კვლავ ჯვარს აცუვენ თავთა თვისთა, ამბობს, ძე ღმრთისა და არცხუენ”. მისი სიტყვების აზრი შემდეგია: ნათლისღება არის ჯვარი, რადგან “კაცი ჩვენი ძუელი თანა-ჯვარს-ეცვა მას” (რომ. 6:6); და კიდევ: “რამეთუ თუ თანა-დავნერგვილ ვართ მსგავსებასა სიკუდილისა მისისასა” (რომ. 6:5); და კიდევ: “და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილისა მისისა” (რომ. 6:4). როგორც შეუძლებელია ქრისტეს მეორედ ჯვარცმა, რადგან ეს მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავდა, ასევე შეუძლებელია მეორედ ნათლისღება. თუ “სიკვდილსა უკვე არა აქვს უფლება მას ზედა” (რომ. 6:9), თუ იგი აღდგა და აღდგომით სიკვდილის დამმარცხებელი გახდა, თუ მან სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მაშინ მისი ხელახლა ჯვარცმა ნიშნავს, რომ მთელი წარსული ზღაპრად და სირცხვილად წარმოვაჩინოთ. ხოლო ვინც მეორედ ნათელს იღებს, ის, ფაქტობრივად, კვლავ ჯვარს აცვამს მას.
მაშ, რას ნიშნავს “კვლავ ჯვარს აცუვენ”? კვლავ ისინი, ვინც მას ჯვარზე აკრავენ. როგორც ქრისტე მოკვდა ჯვარზე, ასევე ჩვენც ვკვდებით ნათლისღებაში, ვკვდებით არა ხორცით, არამედ ცოდვისთვის. შეხედე: იქ სიკვდილია და აქაც სიკვდილი; იგი მოკვდა ხორცით, ხოლო ჩვენ ვკვდებით ცოდვისთვის. ნათლისღებაში ჩვენი ძველი ადამიანი იმარხება და აღდგება ახალი, მისი სიკვდილის მსგავსი. ამრიგად, თუ აუცილებელია კვლავ ნათლისღება, მაშინ აუცილებელია, რომ ეს (ახალი ადამიანი) კვლავ მოკვდეს, რადგან ნათლისღება სხვა არაფერია, თუ არა ჩაძირულის სიკვდილი და ახლის აღდგომა.
და კარგია, რომ მოციქულმა თქვა: “თავთა თვისთა”, რადგან ამის გამკეთებელი ისე იქცევა, თითქოს დაივიწყა ძველი მადლი და ცხოვრებას უდარდელად განაგებს, თითქოს მეორედ ნათლისღების იმედი აქვს. ამიტომ საჭიროა ყურადღებით და ფრთხილად ყოფნა.
რას ნიშნავს “რომელთა იგემეს ნიჭი იგი ზეცით”? ნიშნავს: რომლებმაც მიიღეს ცოდვების მიტევება, რადგან ასეთი მადლის მინიჭება მხოლოდ ღმერთს შეუძლია და ეს მადლი მთლიანად მადლია. “დავრჩეთღა ცოდვასა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!” (რომ. 6:1). თუ ჩვენ ყოველთვის მადლით ხსნის იმედი გვექნება, არასოდეს გავხდებით სათნონი; სადაც მხოლოდ მადლია, იქ შეიძლება უდარდელობას მივეცეთ. თუ ვიცოდით, რომ ჩვენი ცოდვები კვლავ შეიძლებოდა ჩამობანილიყო (ნათლისღებით), განა შევწყვეტდით ცოდვას? არ მგონია.
ბევრ ნიჭს გულისხმობს აქ (მოციქული); და რა ნიჭებს, მომისმინე. შენ ღირსი გახდი, ამბობს ის, ასეთი დიდი პატიების, შენ, რომელიც იჯექი სიბნელეში, იყავი მტერი, მტერი, უარყოფილი, ღვთის მოწინააღმდეგე, დაღუპული; ასეთი რომ იყავი, უეცრად განათლდი, ღირსი გახდი სულისა, ზეციური ნიჭისა, შვილად აყვანისა, ცათა სასუფეველისა, გამოუთქმელი საიდუმლოებებისა და სხვა კეთილდღეობებისა და ამის შემდეგ უკეთესი არ გახდი და. Ამიტომ, როცა სიკვდილის ღირსი იყავი და ამასობაში ხსნა და პატივი მიიღე, თითქოს დიდი საქმეები ჩაიდინე, როგორ შეგიძლია მეორედ ნათლისღება?
ორი მტკიცებულებით ადასტურებს იგი ამ საქმის შეუძლებლობას და უძლიერესს ბოლოს წარმოადგენს: პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი კეთილდღეობების ღირსი და ყველაფრის მიმცემი, რაც მას მიეცა, არ არის ღირსი კვლავ მიიღოს განახლება; მეორე იმაში, რომ შეუძლებელია კვლავ ჯვარს აცვა (ძე ღმრთისა), რადგან ეს მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავდა.
ამრიგად, არ არსებობს მეორე ნათლისღების აბანო. რომ ყოფილიყო, იქნებოდა მესამეც და მეოთხეც და მომდევნო ყოველთვის გაანადგურებდა წინას, ხოლო მას კვლავ სხვა და ასე შემდეგ უსასრულოდ.
როცა თქვა: “და იგემეს კეთილი იგი სიტყვა ღმრთისა და ძალნი მომავლისა მის საუკუნისანი”, (მოციქული) ამ ყველაფერს არ ხსნის. Მხოლოდ მიანიშნებს და თითქოს ასე ამბობს: იცხოვრო ანგელოზების მსგავსად, არ გჭირდებოდეს არაფერი ამქვეყნიური, იყო დარწმუნებული. Შვილად აყვანა (ღმერთთან) მომავალ კეთილდღეობას გვაძლევს, იმედი გქონდეს, რომ შეხვალ მიუწვდომელ საწმიდარში, ამ ყველაფერს სული გვასწავლის.
რას ნიშნავს “და ძალნი მომავლისა მის საუკუნისანი”? ნიშნავს საუკუნო სიცოცხლეს, ანგელოზებრივ მდგომარეობას. ამის საწინდარი ჩვენ უკვე მივიღეთ სულისგან რწმენით. მითხარი: სამეფო პალატებში რომ შეგეყვანათ და ყველაფერი, რაც იქ არის, შენთვის ჩაებარებინათ, შემდეგ კი ყველაფერი გაგეფლანგა, შეიძლებოდა თუ არა მისი ხელახლა ჩაბარება?
მაშ, რა, იტყვით, არ არის სინანული? არის სინანული, მაგრამ არ არის მეორედ ნათლისღება. სინანულს დიდი ძალა აქვს; მას შეუძლია ადამიანი, რომელიც ღრმად არის ჩაფლული ცოდვებში, თუ მოინდომებს, გაათავისუფლოს ცოდვების ტვირთისგან და, როცა ის საფრთხეშია, უსაფრთხოებაში დააყენოს, თუნდაც ბოროტების სიღრმეს მიაღწიოს. ამის დანახვა მრავალი ადგილიდან შეიძლება (წმინდა წერილიდან). “ნუუკუ დავარდეს, არა აღდგენ, ამბობს (წინასწარმეტყველი), ანუ უკუ-იქცენ, არა მოიქცენ?” (იერ. 8:4). მას შეუძლია, თუ ჩვენ მოვინდომებთ, კვლავ გამოგვსახოს ჩვენში ქრისტე; მოისმინე, რას ამბობს პავლე: “შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად ვმელნ, ვიდრემდის ხატი ქრისტესი გამოისახოს თქუენ შორის” (გალ. 4:19); ოღონდ ჩვენ უნდა მივუდგეთ სინანულს.
შეხედე ღვთის კაცთმოყვარეობას: ჩვენ უნდა დავესაჯეთ ყველა სახის სასჯელით თავიდანვე იმის გამო, რომ, მივიღეთ რა ბუნებითი კანონი და მივიღეთ ათასობით კეთილდღეობა, არ შევიცანით მეუფე და უწმინდურად ვიცხოვრეთ; მაგრამ მან არა მხოლოდ არ დაგვსაჯა, არამედ უთვალავი კეთილდღეობა გვიბოძა, თითქოს დიდი ღვაწლი აღვასრულეთ. ჩვენ კვლავ დავეცით, მაგრამ ის ამის შემდეგაც არ გვსჯის. Სინანულის წამალს გვაძლევს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს და წაშალოს ყველა ჩვენი ცოდვა, ოღონდ თუ ვიცით, რა არის ეს წამალი და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.
რაში მდგომარეობს სინანულის წამალი და როგორ გამოიყენება იგი? პირველ რიგში, (იგი შედგება) საკუთარი ცოდვების გაცნობიერებაში და მათ აღიარებაში. “ცოდვა ჩემი გაუწყე შენ, ამბობს (წინასწარმეტყველი), და უსჯულოება ჩემი არა დამიფარავს”; და კიდევ: “ვთქუ: აღუვარებ უფალსა უსჯულოებასა ჩემსა, და შენ მომიტევე უღმრთოება ცოდვისა ჩემისა” (ფს. 31:5); და კიდევ: “მომიჴსენე მე და განვკაცნეთ ურთიერთას, თქუ შენ და განმართლდი” (ეს. 43:26); და კიდევ: “მართალი თავით თჳსით იტყჳს პირველად ბრალსა” (იგავ. 18:17). მეორე მხრივ, (სინანული შედგება) დიდი თავმდაბლობისგან; იგი არის როგორც ოქროს ჯაჭვი, რომელიც, თუ მას სათავეში აიღებ, ყველაფერს მიჰყვება. ასევე, თუ შენ აღიარებ ცოდვებს, როგორც უნდა აღიარო, მაშინ სული დამდაბლდება, რადგან სინდისი, რომელიც მას ტანჯავს, თავმდაბალს ხდის. თავმდაბლობასთან ერთად უნდა შევაერთოთ სხვა რამეც, რათა ისეთი იყოს, როგორსაც ნეტარი დავითი ევედრებოდა, როცა ამბობდა: “გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო” (ფს. 50:12); და კიდევ: “გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს” (ფს. 50:19). შემუსვრილი გული არ მძვინვარებს, არ შეურაცხყოფს, არამედ ყოველთვის მზად არის ტანჯვის ასატანად, თავად კი არ აღდგება. იმაში მდგომარეობს გულის შემუსვრილება, როცა ის, თუმცა თვითონ შეურაცხყოფილია, თუმცა ბოროტებას იტანს, მშვიდად რჩება და შურისძიებისკენ არ აღიძვრის. თავმდაბლობის შემდეგ საჭიროა დაძაბული ლოცვები და უხვი ცრემლები დღე და ღამე. “დავბან ყოველ ღამე საწოლსა ჩემსა და ცრემლითა ჩემითა სარეცელსა ჩემსა დავალტობ” (ფს. 6:7); და კიდევ: “რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილით შევურიე” (ფს. 101:10). ამდენი ძლიერი ლოცვის შემდეგ საჭიროა დიდი გულმოწყალება. ის განსაკუთრებით აძლიერებს სინანულის წამალს. როგორც სამკურნალო საშუალებებში, თუმცა წამალი ბევრ ბალახს შეიცავს, მაგრამ მთავარი, ერთია, ასევე სინანულშიც ასეთი მრავალსამკურნალო ბალახი არის გულმოწყალება და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. მოისმინე, რას ამბობს საღვთო წერილი: “არამედ მიეცით მოწყალებაჲ და, აჰა, ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა” (ლუკ. 11:41); და კიდევ: “ცოდვანი შენნი წყალობითა განათავისუფლენ და უსამართლოებანი შენნი გლახაკთა შეწყალებითა” (დან. 4:24); და კიდევ: “წყალი ჩააქრობს ცეცხლის ალი, და მოწყალება ცოდვებს განწმენდს” (სიბრ. ზირ. 3:30). შემდეგ, (საჭიროა) არ გაბრაზდე, არ იყო ბოროტი და აპატიო ყველას მათი ცოდვები: “კაცმან გულისწყრომა დაიჭირა კაცის მიმართ, და უფლისაგან ითხოვს შენდობას” (სიბრ. ზირ. 28:3). “უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მიგეტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან” (მათ. 6:14). ასევე (საჭიროა) ძმების გადახვევა შეცდომებიდან: “და შენცა ოდესმე მოიქცე, ამბობს (უფალი), განაძლიერე ძმანი შენნი”, რათა მოგეტევოს შენი ცოდვები (ლუკ. 22:32). კიდევ (საჭიროა) გულწრფელი ურთიერთობა მღვდლებთან: “და უკუეთუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მიეტევოს მას” (იაკ. 5:15); (საჭიროა) შეურაცხყოფილთა დაცვა, არ გაბრაზდე, ყველაფერი თვინიერად აიტანო.
სანამ გაიგებდით, რომ სინანულის გზით ცოდვები იპატიება, ხომ არ ღელავდით და სასოწარკვეთილებაში ხომ არ იყავით, რადგან იცოდით, რომ არ არსებობს მეორედ ნათლისღების აბანო? ახლა კი, როცა გავიგეთ, როგორ სრულდება სინანული და ცოდვების მიტევება და რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაფერი. Თუ მოვინდომებთ მის გამოყენებას, როგორც საჭიროა, შეგვიძლია მივიღოთ პატიება, თუ არ ვიფიქრებთ ჩვენს ცოდვებზე? ამას რომ ვასრულებდეთ, ყველაფერი გაკეთებული იქნებოდა. როგორც კარში შესული უკვე შიგნით არის, ასევე საკუთარ ცოდვებზე მოფიქრალი. ვინც ყოველდღე ფიქრობს მათზე, ის აუცილებლად მიაღწევს მათ განკურნებასაც; ხოლო ვინც მხოლოდ ამბობს: მე ცოდვილი ვარ. Არ წარმოიდგენს თავის ცოდვებს ცალ-ცალკე და არ ამბობს: ამაში და ამაში შევცოდე, ის არასოდეს შეწყვეტს ცოდვას, ხშირად აღიარებს, მაგრამ არასოდეს იფიქრებს საკუთარ გამოსწორებაზე. საჭიროა მხოლოდ დაწყება, და ყველაფერი დანარჩენი აუცილებლად მოჰყვება ამას, თუკი მცდელობა იქნება გაკეთებული: ყველაფერში რთულია დასაწყისი და მცდელობა. ამრიგად, დავდოთ ეს (საფუძველი) და ყველაფერი ადვილი და მოსახერხებელი იქნება. დავიწყოთ სინანული, გევედრებით, ერთმა ძლიერი ლოცვებით, მეორემ უხვი ცრემლებით, მესამემ შემუსვრილებით; და ეს უკანასკნელიც, რაც არ უნდა მცირე იყოს, არ არის უსარგებლო: “გზანი მისნი ვიხილენ და განვკურნო იგი და განვუძღოდი მას და ვანუგეშებდი მას” (ეს. 57:18). ყველაფერი კი საერთოდ (დავიწყოთ) გულმოწყალებით, მოყვასთათვის მათი ცოდვების მიტევებით, წყენების დავიწყებით, ბოროტების დავიწყებითა და შურისძიებისგან თავშეკავებით, ამგვარად დავამდაბლოთ ჩვენი სულები.
ჩვენ რომ მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები, ვერცერთი გარეგანი საგანი ვერ აღგვიძრავდა სიამაყეს, ვერც სიმდიდრე, ვერც ძლიერება, ვერც ძალაუფლება, ვერც დიდება; მაშინაც კი, როცა სამეფო ტახტზე ვიჯდებოდით, მწარედ ვიტირებდით. ნეტარი დავითი მეფე იყო და, მიუხედავად ამისა, ამბობდა: “დავბან ყოველ ღამე საწოლსა ჩემსა და ცრემლითა ჩემითა სარეცელსა ჩემსა დავალტობ” (ფს. 6:7); არც ძოწეული, არც გვირგვინი არ აყენებდა მას ზიანს და არ აღუძრავდა მასში სიამაყეს, რადგან აცნობიერებდა, რომ ის ადამიანია; მას ჰქონდა შემუსვრილი გული და, ამიტომაც ტიროდა.
რა არის ადამიანური საქმეები? ფერფლი და მტვერი, მტვერი ქარის წინაშე, კვამლი და ჩრდილი, ფოთლები და ყვავილი, ქარის მიერ წაღებული, სიზმარი, ოცნება და ზღაპარი. Ჰაერის ცარიელი რყევა, ადვილად აღძრული, ბუმბული აღტყორცნილი, დინება არამდგრადი და ყველაფერი, რაც ამაზე უფრო უმნიშვნელო შეიძლება იყოს. მაშ, რატომ ფიქრობ შენ ბევრს საკუთარ თავზე? რომელი წოდება მიგაჩნია დიდებულად? ნუთუ კონსულის? ბევრმა, მართლაც, არაფერი იცის ამ წოდებაზე მაღლა. მაგრამ ისიც, ვინც არ არის კონსული, არაფრით არ არის უარესი იმაზე, ვინც ასეთ ბრწყინვალე მრავალდიდებულ წოდებაში იყო; მასაც და მასაც ერთნაირი ღირსება აქვთ, ისიც და ისიც ერთნაირად შეწყვეტენ არსებობას მცირე ხნის შემდეგ. როცა ის კონსული იყო, მითხარი, რამდენ ხანს? ორი დღე? ეს სიზმარშიც ხდება. მაგრამ აქ, იტყვი, სიზმარია. მაშ, რა? განა ის, რაც დღისით ხდება, სიზმარი არ არის? რატომ არ შეგვიძლია ამას სიზმარი ვუწოდოთ? როგორც სიზმრები, დღის დადგომისას, არაეფექტური აღმოჩნდება, ასევე დღისით მომხდარიც არაეფექტური ხდება ღამის დადგომისას. ღამე და დღე ერთნაირად გრძელდება და თანაბრად გაიყვეს მთელი დრო. ამიტომ, როგორც დღისით არავინ აღფრთოვანდება იმით, რაც მას ღამით დაემართა, ასევე ღამით შეუძლებელია აღფრთოვანდე იმით, რაც დღისით ხდება. შენ კონსული იყავი? მეც ვიყავი; ოღონდ შენ, დღისით, მე კი, ღამით. მაგრამ რა არის ამაში? შენ ამით ჩემზე მეტი არაფერი გაქვს, თუ უპირატესობად არ ჩავთვლით კონსულის წოდებას და სიამოვნებას, რომელიც მხოლოდ სიტყვებშია. ამას უფრო ნათლად გამოვხატავ: თუ, მაგალითად, მე ვიტყვი: ესა და ეს კონსულია და მივაწერ მას ამ წოდებას, როგორც კი ეს ითქვა, უკვე არ გავიდა? ასეთია ყველაფერი. კონსული გამოჩნდა და უკვე აღარ არის. მაგრამ დავუშვათ, რომ ის კონსული იყო ერთი წელი, ორი, სამი, ოთხი წელი: იყვნენ კონსულები, რომლებიც ათი წელი კონსულობდნენ? არა. პავლე ასეთი არ არის: ის ყოველთვის დიდებული იყო სიცოცხლეში, არა ერთი დღე, არა ორი, არა ათი, არა ოცი, არა ოცდაათი დღე და არა ათი წელი, არა ოცი და არა ოცდაათი; მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ უკვე ოთხასი წელი გავიდა და ის ახლაც დიდებულია და კიდევ უფრო დიდებული, ვიდრე სიცოცხლეში. და ეს ჯერ კიდევ დედამიწაზეა; ხოლო დიდება, წმინდანებისა ზეცაში, ვინ შეძლებს სიტყვით გამოხატოს? ამიტომ, გევედრებით, ვეძებოთ ეს დიდება, ვისწრაფოდეთ მისკენ, რათა მივაღწიოთ მას, რადგან ეს დიდება, ჭეშმარიტი დიდებაა; ხოლო ყველაფერს ამქვეყნიურს განვერიდოთ, რათა მივიღოთ მადლი და წყალობა ქრისტე იესოში, უფალში ჩვენში, რომელთანაც მამასთან ერთად სულიწმიდით დიდება, ძალა, პატივი და თაყვანისცემა, ახლა და ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფრემ ასური4 საუკუნე ეპიფანე კვიპროსელი4 საუკუნე მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 6:4 კონტექსტში
6:2ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
6:3ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა.
6:4რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
6:5შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,
6:6მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 6:4
- ებრაელთა მიმართ 10:26რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.
- ებრაელთა მიმართ 10:29როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:20რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:22სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.
- მათეს სახარება 5:13თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
- იოანე 15:6ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
- მათეს სახარება 7:21ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
- მათეს სახარება 7:22მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 6
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


