გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 6:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 6:5

შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,

ებრაელთა მიმართ 6:5 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 16 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 6:5

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აჰა, რა სიმკაცრით იწყებს მოციქული საუბარს: ‘შეუძლებელია’, ამბობს იგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაოდ ნუ ეძებ იმას, რაც აღემატება ძალას შენსას. არ უთქვამს: შეუფერებელია, უსარგებლოა, დაუშვებელია, არამედ: ‘შეუძლებელია’, რათა თქვენთვის, ერთგზის სრულად განათლებულთათვის, სასო წარკვეთილების მეტი აღარაფერი დარჩენილიყოს.”

    მთელი განმარტება

    აჰა, რა სიმკაცრით იწყებს მოციქული საუბარს: “შეუძლებელია”, ამბობს იგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაოდ ნუ ეძებ იმას, რაც აღემატება ძალას შენსას. არ უთქვამს: შეუფერებელია, უსარგებლოა, დაუშვებელია, არამედ: “შეუძლებელია”, რათა თქვენთვის, ერთგზის სრულად განათლებულთათვის, სასო წარკვეთილების მეტი აღარაფერი დარჩენილიყოს.

    შემდეგ აგრძელებს: “და რომელთა იგემეს ნიჭი იგი ზეცით”, ე. ი. ცოდვათა შენდობა, “და ზიარ იქმნენ სულისა წმიდისა, და იგემეს კეთილი იგი სიტყუა ღმრთისა”, აქ მოძღვრებაზე საუბრობს, “და ძალნი მომავლისა მის საუკუნისანი”. რას გულისხმობს იგი ამ ძალებში? ან სასწაულთმოქმედების ძალას, ან სულის საწინდარს.

    “და დაეცნენ, კუალად განახლებაჲ მათი სინანულით, კუალად ჯუარს აცუენ ძე ღმრთისაჲ და არცხუენ”.

    “განახლებაჲ სინანულით”, ამბობს, ე. ი. სინანულის გზით. რას ნიშნავს ეს? ნუთუ უარყოფილია სინანული? არა, არა სინანული, არამედ მეორედ განახლება ნათლისღებით. მან თქვა: “შეუძლებელია განახლებაჲ მათი სინანულით”, მაგრამ არ შეჩერებულა ამ სიტყვებზე და დაამატა: “კუალად ჯუარს აცუენ ძე ღმრთისაჲ... კუალად განახლებაჲ”, ე. ი. განახლება, ხოლო ახალს მხოლოდ ნათლისღება ქმნის: “განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი” (ფს. 102:5). სინანულის ძალა კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც განახლდა და შემდეგ ცოდვების გამო კვლავ დაძველდა, იხსნის ამ სიძველისგან და აბრუნებს განახლების მდგომარეობაში; მაგრამ პირვანდელ ნათელს ვეღარ უბრუნებს, რადგან იქ (ნათლისღებაში) ყველაფერი მადლის საქმე იყო.

    “კუალად ჯუარს აცუენ, ამბობს, ძე ღმრთისაჲ და არცხუენ”. მისი სიტყვების აზრი შემდეგია: ნათლისღება არის ჯვარი, რადგან “კაცი იგი ჩვენი ძუელი თანა-ჯუარს-ეცუა მას” (რომ. 6:6); და კიდევ: “თანა-დავერგვენით მას მსგავსებითა მით სიკუდილისა მისისაჲთა”; და კიდევ: “და თანა-დავმარხთ მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილისა მისისაჲთა” (რომ. 6:5, 4). როგორც შეუძლებელია ქრისტეს მეორედ ჯვარცმა, რადგან ეს მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავდა, ასევე შეუძლებელია მეორედ ნათლისღება. თუ “სიკუდილიღარ უფლებს მას ზედა” (რომ. 6:9), თუ იგი აღდგა და აღდგომით სიკვდილის დამმარცხებელი გახდა, თუ სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მაშინ მისი ხელახლა ჯვარცმა ნიშნავს, რომ მთელი წარსული ზღაპრად და სირცხვილად წარმოვაჩინოთ. ხოლო ვინც მეორედ ნათელს იღებს, ის, ფაქტობრივად, კვლავ ჯვარს აცვამს მას.

    მაშ, რას ნიშნავს: “კუალად ჯუარს აცუენ”? კვლავ ისინი, ვინც მას ჯვარზე აკრავენ. როგორც ქრისტე მოკვდა ჯვარზე, ასევე ჩვენც ვკვდებით ნათლისღებაში, ვკვდებით არა ხორცით, არამედ ცოდვისთვის. შეხედე: იქ სიკვდილია და აქაც სიკვდილი; იგი მოკვდა ხორცით, ხოლო ჩვენ ვკვდებით ცოდვისთვის. ნათლისღებაში ჩვენი ძველი ადამიანი იმარხება და აღდგება ახალი, მისი სიკვდილის მსგავსი. ამრიგად, თუ აუცილებელია კვლავ ნათლისღება, მაშინ აუცილებელია, რომ ეს (ახალი ადამიანი) კვლავ მოკვდეს, რადგან ნათლისღება სხვა არაფერია, თუ არა ჩაძირულის სიკვდილი და ახლის აღდგომა.

    და კარგია, რომ მოციქულმა თქვა: “კუალად ჯუარს აცუენ”, რადგან ვინც ამას აკეთებს, ისე იქცევა, თითქოს დაივიწყა ძველი მადლი და ცხოვრებას დაუდევრად განაგებს, თითქოს მეორედ ნათლისღების იმედი აქვს. ამიტომ საჭიროა ყურადღება და სიფრთხილე.

    რას ნიშნავს: “რომელთა იგემეს ნიჭი იგი ზეცით”? ნიშნავს: რომლებმაც მიიღეს ცოდვების მიტევება, რადგან ასეთი მადლის მონიჭება მხოლოდ ღმერთს შეუძლია და ეს მადლი მთლიანად მადლია. “დავადგრეთღა ცოდვასა, რაჲთა განმრავლდეს მადლი? ნუ იყოფინ” (რომ. 6:1). თუ ჩვენ ყოველთვის მადლით ხსნის იმედი გვექნება, მაშინ არასოდეს გავხდებით სათნონი; სადაც მხოლოდ მადლია, იქ ჩვენ შეგვიძლია დავემორჩილოთ დაუდევრობას. თუ ვიცოდით, რომ ჩვენი ცოდვები კვლავ შეიძლება ნათლისღებით განიბანოს, განა შევწყვეტდით ცოდვას? არ მგონია.

    ბევრ ნიჭს გულისხმობს აქ მოციქული; და რა ნიჭებს, მომისმინე. შენ ღირსი გახდი, ამბობს იგი, ასეთი დიდი შენდობისა, შენ, რომელიც იჯექი სიბნელეში, იყავი მტერი, მტრობდი, იყავი განდევნილი, ღვთის მოწინააღმდეგე, დაღუპული; ასეთი რომ იყავი, უეცრად განათლდი, ღირსი გახდი სულისა, ზეციური ნიჭისა, შვილად აყვანისა, ცათა სასუფეველისა, გამოუთქმელი საიდუმლოებებისა და სხვა სიკეთეებისა. Ამის შემდეგ არ გამხდარხარ უკეთესი და, ამიტომ, როცა სიკვდილის ღირსი იყავი და ამასობაში მიიღე ხსნა და პატივი, ზუსტად ისე, თითქოს დიდი საქმეები ჩაიდინე, როგორ შეგიძლია მეორედ ნათლისღება?

    ორი მტკიცებულებით ადასტურებს იგი ამ საქმის შეუძლებლობას და უძლიერესს ბოლოს წარმოადგენს: პირველი იმაში მდგომარეობს. Ვინც ასეთი სიკეთეების ღირსი გახდა და ყველაფერი მისთვის ბოძებული უღირსად გასცა, არ არის ღირსი კვლავ მიიღოს განახლება; მეორე იმაში, რომ შეუძლებელია კვლავ ჯვარს აცვა (ძე ღმრთისა), რადგან ეს მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავდა.

    ამრიგად, არ არსებობს მეორე ნათლისღება. რომ არსებობდეს, მაშინ იქნებოდა მესამე, მეოთხე და მომდევნო ყოველთვის გაანადგურებდა წინას, ხოლო მას კვლავ სხვა და ასე შემდეგ უსასრულოდ.

    როცა თქვა: “და იგემეს კეთილი იგი სიტყუა ღმრთისაჲ და ძალნი მომავლისა მის საუკუნისანი”, (მოციქული) ამ ყველაფერს არ აკონკრეტებს. Მხოლოდ მიანიშნებს და თითქოს ასე ამბობს: იცხოვრო ანგელოზების მსგავსად, არ გჭირდებოდეს არაფერი ამქვეყნიური, დარწმუნებული იყო. Შვილად აყვანა (ღმერთთან) მომავალ სიკეთეებს გვიმზადებს, იმედი გქონდეს, რომ შეხვალ მიუწვდომელ საწმიდარში, ამ ყველაფერს სული გვასწავლის.

    რას ნიშნავს: “და ძალნი მომავლისა მის საუკუნისანი”? ნიშნავს საუკუნო ცხოვრებას, ანგელოზებრივ მდგომარეობას. ამის საწინდარი ჩვენ უკვე მივიღეთ სულისგან რწმენით. მითხარი: შენ რომ სამეფო პალატებში შეეყვანათ და იქ ყველაფერი შენთვის ჩაებარებინათ, შემდეგ კი ყველაფერი გაგეფლანგა, შეიძლებოდა კი მისი კვლავ შენთვის ჩაბარება?

    მაშ, რა, იტყვით, რომ არ არსებობს სინანული? არსებობს სინანული, მაგრამ არ არსებობს მეორედ ნათლისღება. სინანულს დიდი ძალა აქვს; მას შეუძლია ადამიანი, რომელიც ღრმად არის ჩაფლული ცოდვებში, თუ მოინდომებს, ცოდვების ტვირთისგან გაათავისუფლოს და, როცა ის საფრთხეშია, უსაფრთხოებაში დააყენოს, თუნდაც ბოროტების უფსკრულს მიაღწიოს. ამის დანახვა მრავალ ადგილას შეიძლება (წმინდა წერილში). “ნუუკუე დავარდნილი არა აღდგეს, ამბობს (წინასწარმეტყველი), ანუ გარემიქცეული არა მოიქცეს” (იერ. 8:4)? მას შეუძლია, თუ ჩვენ მოვინდომებთ, კვლავ გამოგვსახოს ჩვენში ქრისტე; მოისმინე, რას ამბობს პავლე: “შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად ვმელნ, ვიდრემდის გამო-არა-სახოს ქრისტე თქუენ შორის” (გალ. 4:19)! მხოლოდ ჩვენ უნდა მივუდგეთ სინანულს.

    შეხედე ღვთის კაცთმოყვარეობას: ჩვენ ყველა გვარის სასჯელით უნდა დავესაჯეთ თავიდანვე იმის გამო, რომ, მივიღეთ რა ბუნებითი კანონი და მივიღეთ ათასობით სიკეთე, არ შევიცანით მეუფე და უწმინდურად ვცხოვრობდით; მაგრამ მან არა მხოლოდ არ დაგვსაჯა, არამედ ურიცხვი სიკეთე გვიბოძა, თითქოს დიდი ღვაწლი აღვასრულეთ. ჩვენ კვლავ დავეცით, მაგრამ ის ამის შემდეგაც არ გვსჯის. Სინანულის წამალი გვიბოძა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს და წაშალოს ყველა ჩვენი ცოდვა, მხოლოდ თუ ვიცით, რა არის ეს წამალი და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.

    რა არის სინანულის წამალი და როგორ გამოიყენება იგი? პირველ რიგში, (იგი შედგება) საკუთარი ცოდვების შეცნობისა და მათი აღიარებისგან. “ცოდვა ჩემი გაუწყე შენ, ამბობს (წინასწარმეტყველი), და უსჯულოება ჩემი არა დამიფარავს”; და კიდევ: “ვთქუ: აღუვარებ უფალსა უსჯულოება ჩემი, და შენ მომიტევე უღმრთოება ცოდვისა ჩემისა” (ფს. 31:5); და კიდევ: “მომიჴსენე მე, და განვკაცნეთ ურთიერთას, თქუ შენ, რაჲთა განმართლდე” (ეს. 43:26); და კიდევ: “მართალი თავით თჳსით იტყჳს პირველად სიტყუასა” (იგავ. 18:17). მეორე მხრივ, (სინანული შედგება) დიდი თავმდაბლობისგან; იგი არის როგორც ოქროს ჯაჭვი, რომელიც, თუ მის საწყისს ჩავეჭიდებით, ყველაფერი მას მიჰყვება. ზუსტად ასე, თუ შენ ცოდვებს ისე აღიარებ, როგორც საჭიროა, მაშინ სული დამდაბლდება, რადგან სინდისი, რომელიც მას ტანჯავს, თავმდაბალს ხდის მას. თავმდაბლობასთან ერთად რაღაც სხვაც უნდა შევაერთოთ, რათა ისეთი იყოს, როგორსაც ნეტარი დავითი ევედრებოდა, როცა ამბობდა: “გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო” (ფს. 50:12); და კიდევ: “გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს” (ფს. 50:19). შემუსრვილი გული არ მძვინვარებს, არ შეურაცხყოფს, არამედ ყოველთვის მზად არის ტანჯვისთვის, თავად კი არ აღდგება. გულის შემუსვრა იმაში მდგომარეობს, როცა ის, თუმცა თავად შეურაცხყოფილია, თუმცა ბოროტებას ითმენს, მშვიდად რჩება და შურისძიებისკენ არ აღიძვრის. თავმდაბლობის შემდეგ საჭიროა დაძაბული ლოცვები და უხვი ცრემლები დღე და ღამე. “დავალტობ ყოველ ღამე საწოლსა ჩემსა, ამბობს (წინასწარმეტყველი), ცრემლითა ჩემითა სარეცელსა ჩემსა დავასველებ” (ფს. 6:7); და კიდევ: “რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილით შევურიე” (ფს. 101:10). ამდენი ძლიერი ლოცვის შემდეგ საჭიროა დიდი გულმოწყალება. იგი განსაკუთრებით აძლიერებს სინანულის წამალს. როგორც სამკურნალო საშუალებებში, თუმცა წამალი ბევრ ბალახს შეიცავს, მაგრამ მთავარი, ერთია, ასევე სინანულშიც ასეთი მრავალსამკურნალო ბალახი არის გულმოწყალება და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. მოისმინე, რას ამბობს საღვთო წერილი: “არამედ მიეცით მოწყალებაჲ და, აჰა, ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა” (ლუკ. 11:41); და კიდევ: “ცოდვანი შენნი წყალობითა განისყიდე და უსამართლოებანი შენნი მოწყალებითა გლახაკთა მიმართ” (დან. 4:24); და კიდევ: “წყალი ჩააქრობს ალის ცეცხლსა, და მოწყალება განწმედს ცოდვათა” (სიბრ. ზირ. 3:30). შემდეგ, (საჭიროა) არ ვირისხოთ, არ ვიმრუშოთ და ყველას ვაპატიოთ მათი ცოდვები: “კაცმან გულისწყრომაჲ იპყრა კაცისა მიმართ, ამბობს (ბრძენი), და უფლისაგან ითხოვს შენდობასა” (სიბრ. ზირ. 28:3). “უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მიგეტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან” (მათ. 6:14). ასევე (საჭიროა) ძმების გადარჩენა შეცდომებისგან: “და შენცა ოდესმე მოიქეც, ამბობს (უფალი), განამტკიცენ ძმანი შენნი”, რათა მოგეტევოს შენი ცოდვები (ლუკ. 22:32). კიდევ (საჭიროა) გულწრფელი ურთიერთობა მღვდლებთან: “და უკუეთუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მიეტევოს მას”, ნათქვამია (იაკ. 5:15); (საჭიროა) დაჩაგრულთა დაცვა, არ ვირისხოთ, ყველაფერი თვინიერად გადავიტანოთ.

    სანამ გაიგებდით, რომ სინანულის გზით ცოდვები იპატიება, ხომ არ წუხდით და სასოწარკვეთილებაში არ ვარდებოდით, როცა იცოდით, რომ არ არსებობს მეორედ ნათლისღება? ახლა კი, როცა გავიგეთ, როგორ სრულდება სინანული და ცოდვების მიტევება და რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაფერი. Თუ მოვინდომებთ მის გამოყენებას, როგორც საჭიროა, შეგვიძლია კი მივიღოთ შენდობა, თუ არ დავიწყებთ ფიქრს ჩვენს ცოდვებზე? ამას რომ ვასრულებდეთ, მაშინ ყველაფერი გაკეთდებოდა. როგორც კარში შესული უკვე შიგნით არის, ასევე საკუთარ ცოდვებზე მოფიქრალიც. ვინც ყოველდღე ფიქრობს მათზე, ის აუცილებლად მიაღწევს მათ განკურნებასაც; ხოლო ვინც მხოლოდ ამბობს: მე ცოდვილი ვარ. Არ წარმოიდგენს თავის ცოდვებს ცალ-ცალკე და არ ამბობს: ამაში და ამაში შევცოდე, ის არასოდეს შეწყვეტს ცოდვას, ხშირად აღიარებს, მაგრამ არასოდეს იფიქრებს საკუთარ გამოსწორებაზე. საჭიროა მხოლოდ დაწყება, და ყველაფერი დანარჩენი აუცილებლად მოჰყვება ამას, თუკი მცდელობა იქნება გაკეთებული: ყველაფერში რთულია დასაწყისი და მცდელობა.

    ამრიგად, დავდოთ ეს (საფუძველი) და ყველაფერი ადვილი და მოსახერხებელი იქნება. დავიწყოთ სინანული, გევედრებით, ერთმა, ძლიერი ლოცვებით, მეორემ, უხვი ცრემლებით, მესამემ, შემუსვრილებით; და ეს უკანასკნელიც, რაც არ უნდა მცირე იყოს, არ არის უსარგებლო: “მე ვიხილე გზანი მისნი, ამბობს (უფალი), და განვკურნო იგი და ვაცხოვნო იგი და ვანუგეშო იგი” (ეს. 57:18). ყველაფერი კი საერთოდ (დავიწყოთ) გულმოწყალებით, მოყვასთათვის მათი შეცოდებების მიტევებით, წყენების დავიწყებით, ბოროტების დავიწყებითა და შურისძიებისგან თავშეკავებით, ამგვარად დავამდაბლოთ ჩვენი სულები.

    ჩვენ რომ მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები, მაშინ ვერცერთი გარეგანი საგანი ვერ აღძრავდა ჩვენში სიამაყეს, ვერც სიმდიდრე, ვერც ძალაუფლება, ვერც დიდება; მაშინაც კი, როცა სამეფო ტახტზე ვიჯდებოდით, მწარედ ვიტირებდით. ნეტარი დავითი მეფე იყო და, მიუხედავად ამისა, ამბობდა: “დავალტობ ყოველ ღამე საწოლსა ჩემსა, ცრემლითა ჩემითა სარეცელსა ჩემსა დავასველებ” (ფს. 6:7); არც ძოწეული, არც გვირგვინი არანაირ ზიანს არ აყენებდა მას და არ აღძრავდა მასში სიამაყეს, რადგან მან იცოდა, რომ ის ადამიანი იყო; მას ჰქონდა შემუსრვილი გული და, ამიტომაც ტიროდა.

    რა არის ადამიანური საქმეები? ფერფლი და მტვერი, ქარიშხლის წინაშე მტვერი, კვამლი და ჩრდილი, ფოთლები და ყვავილი, ქარის მიერ წაღებული, სიზმარი, ოცნება და ზღაპარი. Ჰაერის ცარიელი რხევა, ადვილად აღძრული, ფრთა ატაცებული, წარმავალი დინება და ყველაფერი, რაც ამაზე უფრო არარაობა შეიძლება იყოს. რატომ ფიქრობ, მითხარი, ბევრს საკუთარ თავზე? რა წოდება მიგაჩნია დიდებულად? ნუთუ კონსულის? ბევრმა, მართლაც, არაფერი იცის ამ წოდებაზე მაღლა. მაგრამ ისიც, ვინც არ არის კონსული, არაფრით არ არის უარესი იმაზე, ვინც ასეთ ბრწყინვალე და სახელოვან წოდებაში იყო; მასაც და მასაც ერთნაირი ღირსება აქვთ, ისიც და ისიც ერთნაირად შეწყვეტენ არსებობას მცირე ხნის შემდეგ. როდის იყო ის კონსული, მითხარი? ორი დღე? ეს სიზმარშიც ხდება. მაგრამ აქ, იტყვი, სიზმარია. მაშ, რა? განა ის, რაც დღისით ხდება, სიზმარი არ არის? რატომ არ შეგვიძლია, მითხარი, ამას სიზმარი ვუწოდოთ? როგორც სიზმრები, დღის დადგომისას, უქმდება, ასევე დღისით მომხდარიც უქმდება ღამის დადგომისას. ღამე და დღე ერთნაირად გრძელდება და თანაბრად გაიყვეს მთელი დრო. ამიტომ, როგორც დღისით არავინ აღფრთოვანდება იმით, რაც მას ღამით შეემთხვა, ასევე ღამით შეუძლებელია იმით აღფრთოვანება, რაც დღისით ხდება. შენ კონსული იყავი? მეც ვიყავი; ოღონდ შენ, დღისით, მე კი, ღამით. მაგრამ რა არის ამაში? შენ ამით ჩემზე მეტი არაფერი გაქვს, თუ უპირატესობად კონსულის წოდება და სიამოვნება არ მიგაჩნია, რომელიც მხოლოდ სიტყვებშია. ამას უფრო ნათლად გამოვხატავ: თუ, მაგალითად, მე ვიტყვი: ესა და ეს კონსულია და მივაწერ მას ამ წოდებას, როგორც კი ეს ითქვა, უკვე არ განელდა? ასეთია ყველაფერი. კონსული გამოჩნდა და უკვე აღარ არის. მაგრამ დავუშვათ, რომ ის კონსული იყო ერთი წელი, ორი, სამი, ოთხი წელი: ყოფილან კი კონსულები, რომლებიც ათი წელი კონსულობდნენ? არა. პავლე ასეთი არ არის: ის ყოველთვის დიდებული იყო სიცოცხლეში, არა ერთი დღე, არა ორი, არა ათი, არა ოცი, არა ოცდაათი დღე და არა ათი წელი, არა ოცი და არა ოცდაათი; მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ უკვე ოთხასი წელი გავიდა და ის ახლაც დიდებულია და კიდევ უფრო დიდებული, ვიდრე სიცოცხლეში. და ეს ჯერ კიდევ დედამიწაზეა; ხოლო დიდება, წმინდანებისა ზეცაში ვინ შეიძლება სიტყვით გამოხატოს? ამიტომ, გევედრებით, ვეძებოთ ეს დიდება, ვისწრაფოდეთ მისკენ, რათა მივაღწიოთ მას, რადგან ეს დიდება, ჭეშმარიტი დიდებაა; ხოლო ყველაფერს ამქვეყნიურს განვერიდოთ, რათა მივიღოთ მადლი და წყალობა ქრისტე იესოში, უფალში ჩვენში, რომელთანაც მამასთან ერთად სულიწმიდით დიდება, ძალა, პატივი და თაყვანისცემა, ახლა და ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ეპიფანე კვიპროსელი4 საუკუნე
  4. მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  10. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  11. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 6:5 კონტექსტში

6:3ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა.

6:4რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,

6:5შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,

6:6მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.

6:7რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას.

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 6:5

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 6

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში