
იოანე 5:21, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
იოანე 5:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 2 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 5:21
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “განა სიტყვები: ‘არ შეუძლია ძემ თავით თჳსით ყოფაჲ არცა ერთი’ არ ეწინააღმდეგება სიტყვებს: ‘რომელნი-იგი ჰნებავს’? თუ ძე აცხოველებს, რომელნი-იგი ჰნებავს, ეჭვი რაღაა, რომ ძალუძს თავით თჳსით ყოფაჲ. ნებელობა ხომ ხელმწიფებაა. და თუ არ ძალუძს თავით თჳსით ყოფაჲ, არც აცხოველებს, რომელნი-იგი ჰნებავს.”
მთელი განმარტება
განა სიტყვები: “არ შეუძლია ძემ თავით თჳსით ყოფაჲ არცა ერთი” არ ეწინააღმდეგება სიტყვებს: “რომელნი-იგი ჰნებავს”? თუ ძე აცხოველებს, რომელნი-იგი ჰნებავს, ეჭვი რაღაა, რომ ძალუძს თავით თჳსით ყოფაჲ. ნებელობა ხომ ხელმწიფებაა. და თუ არ ძალუძს თავით თჳსით ყოფაჲ, არც აცხოველებს, რომელნი-იგი ჰნებავს.
მაგრამ სიტყვები: “ვითარცა მამაჲ აღადგენს მკუდართა” ძალის თანასწორობას გვიჩვენებს, ხოლო სიტყვები: “რომელნი-იგი ჰნებავს”, ხელმწიფების თანასწორობას. ხედავ, რომ სიტყვებით: “არ შეუძლია ძემ თავით თჳსით ყოფაჲ არცა ერთი” არათუ ხელმწიფება ილახვრება, არამედ, პირიქით, ძალისა და ნების თანასწორობა ცხადდება? ასევე გულისხმა-ყავ სიტყვები: “უჩუენოს მას”.
სხვაგან უფალი ბრძანებს: “მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა დღესა” (იოან. 6:39). და კვლავ, გვიჩვენებს რა, რომ მოქმედებს და არა სხვაგან მიიღებს ძალას, ამბობს: “მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ” (იოან. 11:25).
მაგრამ რომ არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ მკვდრებს აღადგენს და აცხოველებს, რომელნი-იგი ჰნებავს. Სხვა დანარჩენს სხვაგვარად აკეთებს, წინასწარ განაწყობს და უარყოფს რა ყოველგვარ მსგავს ზრახვას, ბრძანებს: “რასაცა მამაჲ იქმს, ამასვე ძეც ეგრეთვე იქმს”. და ამით გამოხატავს, რომ ძე აკეთებს ყველაფერს, რასაც მამა, და ისევე, როგორც მამა. გინდა მკვდრების აღდგენა იყოს ეს, გინდა ხორცთა მოწყობა, გინდა ცოდვათა მიტევება, თუ სხვა რამ, ყველაფერს ისევე აღასრულებს, როგორც მამა მისი.
მაგრამ ამას ყურსაც არ აპანტავენ საკუთარი ხსნისთვის გულგრილნი. აი, რა არის ბოროტება, სურვილი სხვებზე წინ ყოფნისა. სწორედ ამან წარმოშვა ერესები, ამან გააძლიერა წარმართთა უღმრთოება. ღმერთმა ინება, რათა მისი უხილავი თვისებები სამყაროს ქმნილებებიდან შეცნობილიყო (რომ. 1:20), ხოლო მათ, მიატოვეს რა ეს და არ ისურვეს ამ სწავლების გზით სიარული, სხვა გზა გაიკვლიეს, ამიტომაც გადაუხვიეს ჭეშმარიტს. ასევე იუდეველებმა იმიტომ არ ირწმუნეს, რომ ერთმანეთის წინაშე დიდების მაძიებელნი, ღვთისგან დიდებას არ ეძიებდნენ.
ჩვენ კი, საყვარელნო, ყოველნაირად ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეს სენი. თუნდაც უთვალავი სათნოება გვქონდეს, ამაოების სენმა შეიძლება ყველაფერი დაგვიღუპოს. მაშასადამე, თუ ქებას ვესწრაფვით, ღვთისგან ვეძიოთ ქება. ადამიანთა ქება, როგორიც არ უნდა იყოს, როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე ქრება, და თუ არც გაქრება, არავითარი სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის, ხშირად კი მცდარი განსჯის შედეგიცაა. რა არის მნიშვნელოვანი ადამიანთა დიდებაში, რომლითაც საჯარო თამაშობებზე მოცეკვავე ჭაბუკები, მეძავი ქალები, მექრთამეები და ავაზაკები სარგებლობენ? ხოლო ღვთის მიერ განდიდებულნი არა ასეთ ადამიანებთან ერთად არიან განდიდებულნი, არამედ წმინდანებთან, ანუ წინასწარმეტყველებთან, მოციქულებთან, რომლებმაც ანგელოზებრივი ცხოვრება გვიჩვენეს.
თუ გვსურს, რომ ხალხის სიმრავლე გარს შემოგვეხვიოს, რომ მათი მზერა ჩვენკენ იყოს მიპყრობილი, ჩავუღრმავდეთ ამის არსს და დავინახავთ, რომ ამას არავითარი ფასი არა აქვს. ერთი სიტყვით, თუ გიყვარს საზოგადოებაში ყოფნა, მიიზიდე ანგელოზთა დასი, იყავი საშინელი ეშმაკთათვის, მაშინ სულაც არ იზრუნებ ადამიანთა ხმაზე; ყოველგვარ ბრწყინვალებას ფეხქვეშ გათელავ, როგორც ტალახსა და მტვერს; მაშინ ნათლად დაინახავ, რომ ვერაფერი აუბედურებს სულს ისე, როგორც დიდებისმოყვარეობა. შეუძლებელია, ვერანაირად ვერ შეძლებს დიდების მოყვარული ტანჯვით სავსე ცხოვრების გარეშე ცხოვრებას; ხოლო პირიქით, დიდებისმოყვარეობის დამთრგუნველი უამრავ სხვა ვნებასაც დათრგუნავს: ამ ვნების დამმარცხებელი შურსაც დაძლევს, ვერცხლისმოყვარეობასაც და სხვა მძიმე სენებსაც.
მაგრამ როგორ დავძლიოთ ეს ვნება? დავძლევთ, თუ მხედველობაში გვექნება სხვა დიდება, ზეციური დიდება, რომლის წართმევასაც მიწიერი ცდილობს. ის დიდება აქაც განგვადიდებს და მომავალ ცხოვრებაშიც თან გვექნება, და გაგვათავისუფლებს ხორცთა ყოველგვარი მონობისაგან, რომელსაც ახლა ასე საცოდავად ვემსახურებით, მთლიანად მიწასა და მის საქმეებს მივცემულვართ.
ბაზარში წავალთ, სახლში შევალთ, გზაში ვიქნებით, ნავსაყუდელში, სასტუმროში, თუ საავდრო სახლში, გემზე, კუნძულზე, მეფის სასახლეში, სამსჯავროებში, თუ სამოქალაქო საბჭოებში, ყველგან დროებითი და საცხოვრებელი საქმეების ზრუნვას დაინახავ; ყველა და ყოველი მათზე ზრუნავს, მიმავალნიც და მომავალნიც, გზად მიმავალნიც და სახლში დარჩენილნიც, მცურავნიც და მიწის დამამუშავებელნიც, მინდვრებში მყოფნიც და ქალაქებში მცხოვრებნიც, ყველა საერთოდ. რა იქნება ჩვენი ხსნის იმედი, თუ ღვთის მიწაზე ვცხოვრობთ და ღვთაებრივ საგნებზე არ ვზრუნავთ? მაშინ, როცა ნაბრძანები გვაქვს, რომ აქ ხიზნები ვიყოთ, ჩვენ უფრო ზეცისათვის ვართ ხიზნები, ხოლო ამ ადგილებისთვის, მკვიდრნი. რა შეიძლება იყოს ამ უგრძნობელობაზე უარესი? ყოველდღე გვესმის სამსჯავროსა და სასუფევლის შესახებ და ნოეს თანამედროვეებსა და სოდომის მკვიდრებს ვბაძავთ და ველოდებით, რომ ასეთივე გამოცდილებებით გონს მოგვიყვანონ. ხოლო მათ შესახებ ყველაფერი იმიტომ დაიწერა, რომ ვისაც მომავლის არ სწამს, წარსული მოვლენებიდან მიიღოს ნათელი მტკიცებულებები მომავლის შესახებ.
მაშასადამე, ვიფიქროთ რა ამ ყველაფერზე, წარსულსა და მომავალზე, ცოტათი მაინც დავისვენოთ ამ მძიმე მონობისაგან და რამდენადმე ვიზრუნოთ ჩვენს სულზე. Მივაღწიოთ როგორც აწმყოს, ისე მომავალ კეთილდღეობას, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელსაც დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 5:21 კონტექსტში
5:19ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს.
5:20რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად.
5:21ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
5:22რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.
5:23რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
პარალელური ადგილები: იოანე 5:21
- რომაელთა მიმართ 8:11და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
- მეორე სთვლისაება 32:39ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
- იოანე 11:25უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
- ლუკას სახარება 7:14მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
- ლუკას სახარება 7:15მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
- მოციქულთა საქმენი 26:8ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს?
- იოანე 17:2რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
- ლუკას სახარება 8:54ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;
განაგრძე კითხვა: იოანე 5
სრულად წაიკითხე: იოანე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





