ფსალმუნი 60
1გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.
2შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.
3აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.
4მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად ჭეშმარიტებისათვის. სელა.
5რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
6ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ“.
7ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
8მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემ წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.
9ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
10თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
11მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
12ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.
საქართველოს საპატრიარქო