გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 62

1გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.

2მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.

3ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.

4განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა.

5მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

6მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.

7ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.

8მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.

9მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.

10არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

11ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.

12და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.

საქართველოს საპატრიარქო