გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 1:25: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

14 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 1:25

სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

რომაელთა მიმართ 1:25 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 1:25

14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ჭეშმარიტება ღვთისა სიცრუედ გარდაქმნეს და თაყვანი სცეს და ემსახურებოდნენ ქმნილებას უფრო მეტად, ვიდრე შემოქმედს.”

    მთელი განმარტება

    ჭეშმარიტება ღვთისა სიცრუედ გარდაქმნეს და თაყვანი სცეს და ემსახურებოდნენ ქმნილებას უფრო მეტად, ვიდრე შემოქმედს.

    რაოდენ სასაცილო იყო წარმართობა! წმიდა პავლე მოციქული ამას სახეობების მიხედვით ჩამოთვლის. იმას კი, რაც ყველაზე უფრო ღირსეულად წარმოუდგენია, ზოგადად ამბობს, მაგრამ ამითაც და იმითაც ამტკიცებს, რომ წარმართობა ქმნილების მსახურებაა.

    ყურადღება მივაქციოთ, როგორ გამოხატა მოციქულმა თავისი სათქმელი. მას უბრალოდ არ უთქვამს: “ემსახურებოდნენ ქმნილებას”, არამედ დაამატა: “უფრო მეტად, ვიდრე შემოქმედს”. ამ დამატებით იგი ზრდის წარმართთა დანაშაულს და ართმევს მათ ყოველგვარ გამართლებას.

    კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    პავლე ამბობს, რომ ამას სულაც არ დაუზიანებია დიდება ღვთისა, რადგან ღმერთი კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე. აქ მოციქული გვიჩვენებს, რომ ღმერთს წარმართები იმიტომ არ მიუტოვებია, რომ შურს იძიებდა საკუთარი თავისთვის, რადგან მას ამით არაფერი დაჰკლებია. თუკი წარმართები შეურაცხყოფდნენ მას, იგი ამით არ შეურაცხყოფილიყო, დიდება მისი არ შემცირებულა, არამედ იგი ყოველთვის კურთხეულია.

    თუკი გონიერ ადამიანსაც კი ხშირად შეუძლია სულაც ვერ იგრძნოს შეურაცხყოფა, მით უმეტეს ღმერთს, უკვდავ და უცვალებელ არსებას, რომლის დიდება წარუვალი და ურყევია. ამ მხრივ ადამიანებიც კი ემსგავსებიან ღმერთს მაშინ, როდესაც ისინი სულაც არ გრძნობენ წყენას იმათგან, ვისაც მათი ვნება სურთ. Ისინი არ ბრაზდებიან მიყენებული შეურაცხყოფის გამო, არ გრძნობენ დარტყმებს, როდესაც სცემენ, არც დაცინვას, როდესაც სხვები დასცინიან მათ.

    მაგრამ შესაძლებელია კი ეს? იკითხავს ვინმე.

    შესაძლებელია, მეტადრე შესაძლებელი ყოველ ჯერზე, როდესაც არ სწუხხარ მომხდარის გამო. და როგორ არის შესაძლებელი, იკითხავენ, არ ვწუხდე? მე კი გკითხავთ: როგორ არის შესაძლებელი წუხდე? მითხარით, თუკი საკუთარი შვილი გაწყენინებდათ, ნუთუ ამ წყენას ნამდვილ წყენად ჩათვლიდით? ნუთუ დაიწყებდით წუხილს? არა. ხოლო თუკი განაწყენდებოდით, მაშინ სასაცილო ხომ არ იქნებოდით?

    ჩვენც ასევე მოვეპყროთ მოყვასს და მაშინ არაფერი უსიამოვნო არ შეგვემთხვევა (რადგან სხვების შეურაცხმყოფელნი ბავშვებზე უგუნურნი არიან); ნუ მოვითხოვთ, რომ არ გვაწყენინონ, არამედ, როდესაც გვაწყენინებენ, სულგრძელად გადავიტანოთ წყენა, რადგან ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი პატივი. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ამაში შენ ხარ ბატონი, ხოლო იმაში, სხვა. განა გინახავს, რომ დარტყმულმა ალმასმა თვითონ დაჰკრას? ასეთია, მიპასუხებ შენ, მისი ბუნება. მაგრამ შენც, შენი კეთილი ნებით, შეგიძლია გახდე ისეთი, როგორიც ის არის ბუნებით.

    ნუთუ არ იცი, რომ ყმაწვილები არ დაიწვნენ ღუმელში, ხოლო დანიელს ორმოში არანაირი ზიანი არ მიადგა? და ახლაც შეიძლება ეს მოხდეს. ჩვენ გარშემო ლომები გვახვევია, რისხვა და გულისთქმა, რომელთაც საშიში კბილები აქვთ და გლეჯენ ყოველ მათზე თავდამსხმელს. იყავი დანიელივით და ნუ მისცემ ამ ვნებებს უფლებას, რომ კბილები ჩაჰკრან შენს სულს.

    მაგრამ, იტყვი შენ, დანიელს ყველაფერში მადლი ეხმარებოდა. მართალია, მაგრამ ეხმარებოდა იმიტომ, რომ მას წინ უძღოდა საკუთარი ნება. ამგვარად, თუკი ჩვენც მოვისურვებთ, რომ დავემსგავსოთ მას, მაშინ მადლი ახლაც მზად არის, რომ დაგვეხმაროს. როგორი მშივრებიც არ უნდა იყვნენ მხეცები, ისინი არ შეეხებიან შენს ნეკნს. თუკი ისინი მაშინ შეგრცხვნენ, როდესაც იხილეს მონის სხეული, ნუთუ ახლა არ მოითმენენ, როდესაც იხილავენ ქრისტეს სხეულის ნაწილებს (ხოლო ასეთები ვართ ჩვენ, მორწმუნეები)? თუკი არ მოითმენენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ორმოში ჩაგდებულთა ბრალია.

    მართლაც, ბევრს მიაქვს ამ ლომებისთვის უხვი საზრდო იმით, რომ ჰყავთ მეძავები, არღვევენ ქორწინებებს, შურს იძიებენ მტრებზე, ამიტომაც იგლიჯებიან მანამ, სანამ ფსკერს მიაღწევენ. მაგრამ ასე არ მომხდარა დანიელთან, ასე იქნება ჩვენთანაც, თუკი მოვისურვებთ, და აღსრულდება იმაზე მეტი, რაც ადრე იყო დანიელთან. მაშინ ლომებს ზიანი არ მიუყენებიათ, ხოლო ჩვენ, თუკი ვიფხიზლებთ, შეურაცხმყოფელნი სარგებელსაც კი მოგვიტანენ.

    ასე გახდა პავლე სახელგანთქმული შეურაცხმყოფელთა და ბოროტგანმზრახველთაგან, იობი, მრავალი სნეულებისა და ჭრილობის გამო. Იერემია, ტალახიანი ორმოს გამო, ნოე, წარღვნის გამო, აბელი, ბოროტგანზრახვის გამო, მოსე, სისხლის მსურველ იუდეველთა გამო; ასევე ელისე, ასევე ყოველი იმ დიდებულ მამაკაცთაგან, ყველამ მათ ბრწყინვალე გვირგვინები არა უშფოთველი და ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებისთვის, არამედ მწუხარებებისა და განსაცდელებისთვის მიიღეს.

    ამიტომაც ქრისტე, იცოდა რა დიდების ეს ხერხი, ეუბნებოდა მოწაფეებს: “სოფელსა ამას შინა ჭირნი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვსძლიე სოფელსა” (იოან. 16:33).

    მაშ რა, იკითხავენ, განა ბევრი არ დაეცა ბოროტებათა სიმძიმის ქვეშ? დაეცნენ, მაგრამ არა განსაცდელთა თვისებისგან, არამედ საკუთარი გულმოდუნებულობისგან. მაგრამ ის, ვინც განსაცდელთან ერთად “გააკეთებს გასავალსაც, რათა შეძლოთ დათმენა” (1 კორ. 10:13), თვითონ დაეხმაროს ყველას და გაგვიწოდოს ხელი. Ჩვენ, საზეიმოდ განდიდებულებმა, მივაღწიოთ საუკუნო გვირგვინებს, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელთანაც მამასა და წმიდა სულს დიდება, პატივი, ძლიერება, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ათანასე დიდი4 საუკუნე
  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე
  6. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  7. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  8. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  9. მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე
  10. იოანე დამასკელი8 საუკუნე
  11. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  12. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  13. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  14. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 14

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 1:25 კონტექსტში

1:23და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,

1:24ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;

1:25სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

1:26ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.

1:27ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცდუნების საკადრისი საზღაური.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 1:25

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში