გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 7:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 7:13

ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.

რომაელთა მიმართ 7:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 5 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 7:13

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ნეტა კეთილი იყო ჩემთვის სიკვდილი? კითხულობს წმიდა პავლე. არა, არამედ ცოდვა, რათა გამოჩნდეს ცოდვა. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ის, თუ რაოდენ დიდ ბოროტებას წარმოადგენს ცოდვა, რაოდენ დამღუპველია უზრუნველი ნება, ყოველივე უწმინდურისკენ სწრაფვა, ბოროტი საქმე და გარყვნილი გონება, ვინაიდან სწორედ ეს არის ყოველგვარი ბოროტების სათავე.”

    მთელი განმარტება

    ნეტა კეთილი იყო ჩემთვის სიკვდილი? კითხულობს წმიდა პავლე. არა, არამედ ცოდვა, რათა გამოჩნდეს ცოდვა. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ის, თუ რაოდენ დიდ ბოროტებას წარმოადგენს ცოდვა, რაოდენ დამღუპველია უზრუნველი ნება, ყოველივე უწმინდურისკენ სწრაფვა, ბოროტი საქმე და გარყვნილი გონება, ვინაიდან სწორედ ეს არის ყოველგვარი ბოროტების სათავე.

    პავლე მოციქული ცოდვის სიმძიმეს წარმოაჩენს, რათა უფრო ნათლად დაგვანახოს ქრისტეს მადლის უხვობა და ის, თუ რაოდენ დიდი ბოროტებისაგან იხსნა მან კაცობრიობა. ბოროტებისა, რომელიც ყოველგვარი საექიმო საშუალებით უარესდებოდა და მისი განვითარების შემფერხებელი ზომებით კიდევ უფრო იზრდებოდა. ამიტომაც დასძენს: “რათა უფრო მეტად ცოდვილი გახდეს ცოდვა მცნებით”. ხედავ, როგორ არის გადაჯაჭვული ყველგან რჯული ცოდვასთან? რითაც მოციქული ცოდვას ამხელს, იმითვე უფრო მეტად ამტკიცებს რჯულის ღირსებას. მან არცთუ მცირეს მიაღწია, როდესაც გვიჩვენა, თუ რაოდენ დიდ ბოროტებას წარმოადგენს ცოდვა, როდესაც წარმოაჩინა და გამოკვეთა მთელი მისი საშინელება. მან ეს სიტყვებით გამოხატა: “რათა უფრო მეტად ცოდვილი გახდეს ცოდვა მცნებით”, ანუ, რათა გამოჩნდეს, თუ რა ბოროტებაა, რა დაღუპვაა ცოდვა, და ეს ყოველივე მცნების მეშვეობით გამოვლინდა. ამით მოციქული მადლის უპირატესობას გვიჩვენებს რჯულზე და არა მათ ურთიერთსაწინააღმდეგობას. ნუ შეხედავ იმას, რომ რჯულის მიღების შემდეგ უფრო უარესნი გახდით, არამედ მიიღე მხედველობაში, რომ რჯულს არა თუ ბოროტების გაძლიერება სურდა, არამედ ცდილობდა აღეკვეთა ის ბოროტება, რომელიც მანამდეც არსებობდა. თუკი იგი უძლური აღმოჩნდა, მაშინ თაყვანი ეცი მის მიზანს და კიდევ უფრო მეტად მოიხარე ქრისტეს ძლიერების წინაშე, ვინაიდან მან ასეთი მრავალფეროვანი და შეუპოვარი ბოროტება გაანადგურა და ძირფესვიანად აღმოფხვრა.

    როდესაც ცოდვაზე გაიგონებ, ნუ იფიქრებ, რომ ეს რაიმე დამოუკიდებელი ძალაა, არამედ, მანკიერი ქმედებაა, რომელიც გამუდმებით იწყება და წყდება, არ არსებობს ჩადენამდე და კვლავ ქრება ჩადენის შემდეგ. ცოდვის გამო იყო მოცემული რჯული, რჯული კი არასოდეს მოიცემა რაიმეს ბუნებრივის აღმოსაფხვრელად, არამედ ნებსითი ბოროტი ქმედების გამოსასწორებლად. ეს წარმართმა კანონმდებლებმაც იციან და მთელმა კაცობრიობამ. ისინი მხოლოდ იმ მანკიერებებს ებრძვიან, რომლებიც გულმოდგინების ნაკლებობითაა გამოწვეული, მაგრამ არ გვპირდებიან იმ მანკიერებათა აღმოფხვრას, რომლებიც ბუნებით მივიღეთ მემკვიდრეობით, ვინაიდან ეს შეუძლებელია. ყოველივე ბუნებრივი ურყევი რჩება, რაზეც არაერთგზის მისაუბრია თქვენთვის სხვა ქადაგებებში. ამიტომ, თავი დავანებოთ ამგვარ შრომებს და კვლავ ზნეობრივ საუბარს მივმართოთ, ან უკეთ რომ ვთქვათ, ესეც იმ შრომების ნაწილია. თუკი საკუთარი თავიდან მანკიერებას განვდევნით და სათნოებას დავამკვიდრებთ, ამით ნათლად ვასწავლით, რომ მანკიერება ბუნებრივი ბოროტება არ არის. Მათ, ვინც იკითხავს, საიდან მოდის ბოროტება, ადვილად შევძლებთ პირის ამოკვრას არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც, როდესაც მათ წინაშე გამოვცხადდებით თავისუფალნი მათივე მანკიერებებისაგან, თუმცა მათთან თანაბარი ბუნება გვაქვს. ნუ შევხედავთ იმას, რომ სათნოება ძნელია, არამედ იმას, რომ შესაძლებელია მასში სრულყოფილების მიღწევა, და თუკი მოვინდომებთ, ეს ადვილიც იქნება და მოსახერხებელიც ჩვენთვის. თუკი მანკიერების სიამოვნებაზე მესაუბრები, მაშინ მის დასასრულზეც მითხარი, ვინაიდან იგი სიკვდილისკენ მიგვიძღვის, როგორც სათნოება, სიცოცხლისკენ. მაგრამ უკეთესი იქნება, თუკი ინებებთ, მანკიერებასა და სათნოებას მათი დასასრულის მიმართების გარეშე განვიხილავთ; დავინახავთ, რომ მანკიერება თავის თავში დიდ მწუხარებას შეიცავს, სათნოება კი, სიამოვნებას. მითხარი, რამე უფრო მძიმეა, ვიდრე ცუდი სინდისი? რაიმე უფრო მშვენიერია, ვიდრე კეთილი იმედი? ხომ არაფერი, არაფერი ჩვეულებრივ ისე არ გვაწუხებს და გვთრგუნავს, როგორც ცუდის მოლოდინი; არაფერი ისე არ გვიმაგრებს ზურგს და ფრთებს გვასხამს, როგორც კეთილი სინდისი. ეს იმ მოვლენების საფუძველზეც შეიძლება გავიგოთ, რომლებიც ჩვენს წინაშე ხდება. მაგალითად, საპყრობილეში მყოფნი და განაჩენის მოლოდინში მყოფნი, თუნდაც უამრავი სიამოვნებით ტკბებოდნენ, უფრო მოუსვენრად ცხოვრობენ, ვიდრე ის გლახაკები, ქუჩაში რომ დაეხეტებიან. Საკუთარ თავში რაიმე ცუდს არ გრძნობენ, ვინაიდან უბედურების მოლოდინი არ აძლევს მათ ნამდვილი სიამოვნების განცდის საშუალებას. რა უნდა ვთქვათ დაპატიმრებულებზე? შრომისმოყვარე ხელოსნები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, გაცილებით უკეთეს ხასიათზე არიან, ვიდრე თავისუფალი და მდიდარი ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავში რაიმე ცუდი აქვთ ჩადენილი. ამიტომაც მიგვაჩნია საცოდავად გლადიატორები; თუმცა ვხედავთ, რომ ისინი ლოთობენ, მხიარულობენ და ტავერნებში ჭამენ, მაგრამ მათ ყველაზე უბედურებად მივიჩნევთ, ვინაიდან მოსალოდნელი სიკვდილის სიმწარე შეუდარებლად აღემატება ამ სიამოვნებებს. თუკი ასეთი ცხოვრება მათთვის სასიამოვნოც კი გეჩვენებათ, მაშინ გაიხსენეთ ის, რაზეც არაერთგზის მისაუბრია თქვენთვის, არაფერია გასაკვირი, როდესაც მანკიერებაში მცხოვრები თავს ვერ აღწევს მანკიერების უსიამოვნებასა და ტანჯვას. და აი, საქმე, რომელიც მხოლოდ წყევლის ღირსია, საყვარლად წარმოუდგებათ მათ, ვინც მასში მონაწილეობს. მაგრამ ჩვენ მათ ამის გამო არ ვადიდებთ, არამედ, პირიქით, სწორედ ამის გამო მიგვაჩნია უბედურებად, ვინაიდან მათ თავადაც არ იციან, რა უბედურებაში იმყოფებიან. რა უნდა ითქვას, მაგალითად, მრუშებზე, რომლებიც უმნიშვნელო სიამოვნებისთვის სამარცხვინო მონობას, ქონების ხარჯვასა და განუწყვეტელ შიშს ექვემდებარებიან, მოკლედ რომ ვთქვათ, კაენის ცხოვრებით ცხოვრობენ და კიდევ უფრო მძიმედ. Აწმყოსი ეშინიათ, მომავლისა ძრწიან, მეგობრებსა და მტრებს, მცოდნენი და არაფრის მცოდნენი ეჭვის თვალით უყურებენ. ძილის დროსაც კი ვერ თავისუფლდებიან ამ ტანჯვისაგან, ვინაიდან უწმინდური სინდისი საშინელ სიზმრებს უქმნის მათ და ამით აშინებს. მაგრამ ასეთი არ არის კაცი წმიდა: იგი აწმყო ცხოვრებას სიხარულითა და სრული თავისუფლებით ატარებს. მაშ, შეადარე უმნიშვნელო სიამოვნება ამ საშინელებათა უთვალავ ღელვას, ხოლო თავშეკავების ხანმოკლე შრომა მთელი ცხოვრების სიმშვიდეს, და დაინახავ, რომ უკანასკნელი პირველზე სასიამოვნოა.

    ვისაც სურს მოიპაროს და მიითვისოს სხვისი ქონება, ის, მითხარი, განა უთვალავ შრომას არ ეწევა, განუწყვეტლივ რომ დარბის, მონებს, თავისუფლებს. Კარისკაცებს ეპირფერება, აშინებს, იმუქრება, უსირცხვილოდ იქცევა, უძილოდ ათენებს ღამეებს, ძრწის, იტანჯება და ყველას ეჭვის თვალით უყურებს? მაგრამ ასეთი არ არის ის, ვინც ფულს არად აგდებს. იგი კვლავ სრული სიამოვნებით ტკბება, შიშის გარეშე და სრულ უსაფრთხოებაში ცხოვრობს. თუკი ვინმეს სხვა სახის მანკიერების განხილვაც სურს, ყველგან დიდ არეულობას, უამრავ წყალქვეშა ქვას დაინახავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სათნოებაში დასაწყისი შრომით არის სავსე, ხოლო გაგრძელება, სასიამოვნო, ისე, რომ ამით თვით შრომაც კი მსუბუქდება; მანკიერებაში კი ყველაფერი პირიქით ხდება, სიამოვნებას ავადმყოფობანი და ტანჯვანი მოსდევენ, ისე, რომ ამის გამო თვით სიამოვნებაც კი ქრება. როგორც გვირგვინის მოლოდინში მყოფი ვერ გრძნობს აწმყო სიმძიმეს, ისევე სასჯელის მოლოდინში მყოფი სიამოვნების შემდეგ ვერ სარგებლობს წმინდა სიხარულით, ვინაიდან შიში ყველაფერს არევს. უფრო სწორად კი, თუკი უფრო ყურადღებით გამოვიკვლევთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მანკიერთ ჯერ კიდევ იმ ბოროტი საქმეებისთვის განსაზღვრულ სასჯელამდე დიდი ტანჯვა ეწყებათ იმ მომენტში, როდესაც ბოროტებაზე გაბედავენ. თუკი ინებებთ, შევხედოთ ადამიანებს, რომლებიც სხვისას იტაცებენ და ყოველგვარი საშუალებით ფულს აგროვებენ. ნუ ვილაპარაკებთ შიშებზე, საფრთხეებზე, ძრწოლაზე, ტანჯვაზე, ზრუნვაზე და ყოველივე ამის მსგავსზე, არამედ დავუშვათ, რომ ეს ადამიანი უზრუნველად მდიდრდება და სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ შეინარჩუნებს იმას, რაც აქვს. დავუშვათ ეს ყველაფერი, თუმცა ეს შეუძლებელია. მაგრამ რა სიამოვნებას შეიძენს ეს ადამიანი? იმას, რომ ბევრი შეაგროვა? მაგრამ სწორედ ეს არ აძლევს მას გახარების საშუალებას; სანამ ადამიანს სხვა და მეტი სურს, მანამდე გრძელდება მისი ტანჯვებიც. ყოველგვარი ვნება მაშინ გვანიჭებს სიამოვნებას, როდესაც ჩერდება. წყურვილის გრძნობის დროს მაშინ მოვდივართ გონს, როდესაც იმდენს დავლევთ, რამდენსაც ვისურვებთ. Სანამ წყურვილს ვგრძნობთ, თუნდაც ყველა წყარო გამოვწუროთ, ჩვენი ტანჯვა უფრო მეტია, და თუნდაც ათასი მდინარე დავლიოთ, ჩვენი სასჯელი უფრო მძიმეა. ასევე შენც, თუნდაც ყველაფერი შეიძინო ამქვეყნად, მაგრამ თუკი კიდევ გრძნობ საკუთარ თავში ვნებას, მაშინ უფრო მეტად დაიტანჯები, რაც უფრო მეტად შეასრულებ შენს სურვილს. მაშ, გაიგე, რომ შენთვის გარკვეული სიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი არ შეაგროვო, არამედ არ ისურვო გამდიდრება, და თუკი გამდიდრების სურვილი გაგიჩნდება, მაშინ არასოდეს შეწყვეტ ტანჯვას. ვინაიდან ეს სურვილი უსასრულოა და რაც უფრო დიდ გზას გაივლი, მით უფრო მეტად შორდები დასასრულს. ნუთუ ეს უცნაურობა, შეშლილობა, უკიდურესი სიგიჟე არ არის? მაშ, თავი შევიკავოთ მანკიერებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯისაგან, ან უკეთ რომ ვთქვათ, სულაც არ შევეხოთ მანკიერ ვნებას. Თუკი შევეხებით, მაშინ თავიდანვე გავიქცეთ, როგორც გვაფრთხილებს იგავების ავტორი, როდესაც მეძავ ქალზე ამბობს: “გვერდი აუარე, ნუ დააყოვნებ და მის სახლს ნუ მიეკარები” (იგავ. 5:8). იმავეს გეუბნები შენც ვერცხლისმოყვარეობასთან დაკავშირებით. თუნდაც ცოტათი ჩაიძირო ამ სიგიჟის ზღვაში, ძნელად თუ გამოხვალ მისგან; და როგორც მორევში, რამდენიც არ უნდა ეცადო, ადვილად ვერ გადალახავ (წყლის სწრაფვას), ასევე, და კიდევ უფრო უარესად, ამ ვნების უფსკრულში ჩავარდნილი, საკუთარ თავს მთელი შენი ქონებითურთ დაღუპავ. ამიტომ, გევედრები, თავიდანვე ვიფრთხილოთ და მცირე ბოროტებას გავექცეთ, ვინაიდან მცირესაგან იბადება უფრო დიდი. ვინც ყოველგვარ ცოდვაში შეეჩვია თქმას: “ეს ჯერ არაფერია”, ის ცოტ-ცოტათი ყველაფერს დაღუპავს. სწორედ ასეთი ჩვევა ამბობს: “ეს ჯერ არ არის უბედურება”, ბოროტება შემოიტანა, ყაჩაღს კარი გაუღო და ქალაქების კედლები დაანგრია. ასევე სხეულში ძლიერდება ყველაზე საშიში ავადმყოფობები, როდესაც ყურადღება არ ექცევა უმნიშვნელოებს. ესავი პირველობას რომ არ გაეყიდა, კურთხევის უღირსი არ გახდებოდა; ხოლო კურთხევის უღირსი რომ არ გამხდარიყო, ძმის მკვლელობის სურვილამდე არ მივიდოდა. კაენს პირველობა რომ არ ჰყვარებოდა და ღმერთისთვის დაეთმო, მეორე ადგილს არ დაიკავებდა; შემდეგ, მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, შეგონებას რომ დაჰყოლოდა, მკვლელობას არ ჩაიდენდა; და კვლავ, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, თუკი სინანულს მიმართავდა, და როდესაც ღმერთი მოუწოდებდა, ასეთ უსირცხვილო პასუხს რომ არ გასცემდა, შემდგომ უბედურებებს არ განიცდიდა. თუკი რჯულამდე მცხოვრებნი ასეთი გულგრილობით ცოტ-ცოტათი ბოროტების სიღრმეში ჩაიძირნენ, მაშინ იფიქრე, რას დავიტანჯებით ჩვენ. Უფრო დიდი ღვაწლისკენ მოწოდებულნი, თუკი მთელი გულმოდგინებით არ მივაქცევთ საკუთარ თავს ყურადღებას და ბოროტების ნაპერწკალს არ ჩავაქრობთ. Მთელი კოცონი არ აგიზგიზებულა.

    მაგალითად, შენ ხშირად არღვევ ფიცს? არა მარტო თავი შეიკავე ამისგან, არამედ ფიცის დადებასაც თავი დაანებე, მაშინ პირველი უკვე ადვილი გახდება, ვინაიდან მოფიცარისთვის ფიცის არ დარღვევა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე საერთოდ არ დაფიცება. შენ შეჩვეული ხარ შეურაცხყოფის მიყენებას, ლანძღვასა და ცემას? საკუთარ თავს კანონი უბრძანე, არ გაბრაზდე და საერთოდ არ იყვირო; მაშინ ფესვთან ერთად ნაყოფიც აღმოიფხვრება. შენ ხარ ხორციელი და სიამოვნების მოყვარული? წესად დაიდე, რომ ქალებს არ უყურო, თეატრში არ წახვიდე, ბაზარში სხვისი სილამაზის გამო ცნობისმოყვარეობას ნუ გამოავლენ. თავიდან ლამაზი ქალისთვის არ შეხედვა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მისი დანახვისა და ვნების შეგრძნების შემდეგ მის მიერ გამოწვეული ქარიშხლის მოთოკვა. ვინაიდან ღვაწლი დასაწყისში უფრო მსუბუქია, ან უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენ ბრძოლაც არ დაგვჭირდება, თუკი მტერს კარს არ გავუღებთ და მანკიერების თესლს არ მივიღებთ. ამიტომაც განსაზღვრა ქრისტემ სასჯელი ყოველისთვის, ვინც ქალს უსირცხვილოდ უყურებს, რათა უფრო დიდი შრომისაგან გვიხსნას; ბრძანებს, რომ მოწინააღმდეგე სახლიდან მანამ განვდევნოთ, სანამ გაძლიერებულა, მაშინ, როდესაც მისი გაგდება ადვილია. რა აუცილებლობაა საკუთარ თავზე ზედმეტი შრომის აღება და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა, როდესაც შესაძლებელია ბრძოლის გარეშე მოვიპოვოთ გამარჯვების თასი და ბრძოლამდე დავისაკუთროთ ჯილდო? ლამაზი ქალებისთვის არ შეხედვა ისეთი დიდი შრომა არ არის, როგორც მათთვის შეხედვის შემდეგ საკუთარი თავის მოთოკვა; უკეთ რომ ვთქვათ, პირველი საერთოდ არც შეიძლება იყოს შრომა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც შეხედავ, დიდი უსიამოვნება და უბედურება ხდება. მაშ, როდესაც შრომა უფრო მცირეა, ან საერთოდ არ არის საჭირო არც შრომა, არც ძალისხმევა, სარგებელი კი უფრო მეტია, რატომ ვცდილობთ საკუთარი თავის უთვალავი ბოროტების უფსკრულში გადაგდებას? ვინაიდან ქალისთვის არ შეხედვა არა მარტო უფრო ადვილია, არამედ უფრო წმინდა გამარჯვებასაც გვაძლევს აქედან აღმოცენებულ ვნებაზე, მაშინ. Ის, ვინც მას უყურებს, თუკი ზოგჯერ თავისუფლდება კიდეც ვნებისაგან, ძალიან დიდი შრომით და გარკვეული უწმინდურებით საკუთარი თავისთვის. ის, ვინც ლამაზი სახე ვერ დაინახა, წმინდაა მის მიერ აღძრული ვნებისაგან. Ვინც დანახვა მოისურვა, მან, გულისთქმა რომ გაირყვნა და ათასგზის შეაბინძურა, მხოლოდ მაშინ უარყოფს ხორცის სიბილწეს, როდესაც მის მოშორებას მოინდომებს. ამიტომაც ქრისტე, რათა ამისგან არ დავზარალდეთ, კრძალავს არა მარტო მკვლელობას, არამედ რისხვასაც, არა მარტო მრუშობას, არამედ უწმინდურ მზერასაც, არა მარტო ფიცის გატეხვას, არამედ ფიცს საერთოდ. თვით აქაც კი არ ადგენს სათნოების საზომს, არამედ, ამის დაკანონების შემდეგ, უფრო შორსაც მიდის. მკვლელობისაგან გადაგვახვევინა და ბრძანა, რომ რისხვისაგან წმინდანი ვიყოთ, ბრძანებს, რომ მზად ვიყოთ ბოროტების გადასატანად და მოვემზადოთ მისი მოთმენისთვის არა მარტო იმ ზომით, რა ზომითაც ჩვენზე ბოროტების განმზრახველი ისურვებს. Გადავაჭარბოთ მას გაცილებით უფრო დიდი ზომით და მისი მძვინვარების გადამეტებულობა ჩვენი გონიერების სიუხვით დავძლიოთ. მას არ უთქვამს: თუკი ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგირტყას, გულგრილად გადაიტანე და დამშვიდდიო, არამედ დასძინა, რომ შენ მეორეც უნდა მიუშვირო მას, ამბობს: “მიუშვირე მას მეორეც” (მათ. 5:39). აი, ეს არის ბრწყინვალე გამარჯვება, რომ მას იმაზე მეტი მივცეთ, რასაც ის ისურვებს, და მისი ბოროტი სურვილის საზღვრებს ჩვენი სულგრძელების სიმდიდრით გადავაჭარბოთ. ამგვარად შენ მის მძვინვარებას მოათვინიერებ, მეორე საქციელით პირველისთვის ჯილდოს მიიღებ და მის რისხვას დაამცხრალებ. ხედავ, რომ ჩვენზეა ყოველთვის დამოკიდებული, რომ ბოროტება არ დავითმინოთ და არა იმაზე, ვინც ბოროტებას გვიკეთებს? ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ თვითონ გვაქვს ძალა, რომ არა მარტო ბოროტება არ დავითმინოთ, არამედ სიკეთეც კი განვიცადოთ. განსაკუთრებით გასაოცარი კი ის არის, რომ, თუკი ფხიზლად ვიქნებით, არა მარტო შეურაცხყოფას არ დავიტანჯებით, არამედ იმ ადამიანებისაგანაც კი, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებენ, უფრო მეტ სიკეთეს მივიღებთ, ვიდრე სხვებისაგან. ვინმემ შეურაცხყოფა მოგაყენა? შენ გაქვს ძალა, რომ ეს შეურაცხყოფა საკუთარი თავისთვის ქებად აქციო. თუკი შენი მხრიდან შეურაცხყოფას მიაყენებ, მაშინ საკუთარ თავზე სირცხვილს მიიზიდავ, ხოლო თუკი შეურაცხმყოფელს აკურთხებ, მაშინ დაინახავ, რომ ყველა დამსწრე შენ გაქებს და განგადიდებს. გაიგე, როგორ ვიღებთ ჩვენ, თუკი მოვისურვებთ, სიკეთეს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებენ? იგივე შეიძლება ითქვას ფულთან, დარტყმებთან და ყველაფერ დანარჩენთან დაკავშირებითაც. თუკი ამ ყველაფერშიც საპირისპიროთი გადავუხდით, მაშინ როგორც იმით, რომ ბოროტება დავითმინეთ, ასევე იმით, რომ სიკეთე გავაკეთეთ, საკუთარ თავს ორმაგ გვირგვინს დავწნით. ყოველთვის, როდესაც ვინმე შენთან მოვა და გეტყვის: “აი, ამა და ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მოგაყენა და ყველას თანდასწრებით გამუდმებით ცუდად მოგახსენებს”, შენ შეაქე შეურაცხმყოფელი მოსაუბრეთა თანდასწრებით; ამგვარად, შურისძიება რომც გსურდეს, შეგიძლია კმაყოფილება მიიღო. ყველანი, ვინც გაიგონებენ, თუნდაც ძალიან უგუნურნი იყვნენ, შენ გაქებენ, ხოლო შენს შეურაცხმყოფელს შეიძულებენ, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველგვარ მხეცზე უფრო სასტიკია. Მან შენ გაგაღიზიანა, შენ კი მას არანაირი შეურაცხყოფა არ მიგიყენებია, მაშინ, როდესაც შენ ბოროტება დაითმინე და სანაცვლოდ სიკეთე მიაგე. ამგვარად შეგიძლია დაამტკიცო, რომ ყველაფერი, რაც შენზე ითქვა, უსამართლოა. ვინც გულისწყრომას გამოხატავს, როდესაც მასზე ცუდს ამბობენ, ის თავისი მწუხარებით ამტკიცებს, რომ აღიარებს მასზე თქმულის სამართლიანობას, ხოლო ვინც იცინის, ამით აქრობს ყოველგვარ ეჭვს მასზე თქმულთან დაკავშირებით დამსწრეთა შორის. მაშ, შეხედე, რამდენ სიკეთეს იძენ ამით საკუთარი თავისთვის: პირველ რიგში, თავისუფლდები დაბნეულობისა და მოუსვენრობისაგან, მეორეც, ან უკეთესი იქნება, თუ ამას პირველად ჩათვლი, თუკი ცოდვები გაქვს, მათგან განიწმინდები, როგორც მეზვერე. Სულგრძელად გადაიტანა ფარისევლის ბრალდება. ამას გარდა, ამგვარი ვარჯიშით საკუთარ სულს გონიერად აქცევ, ყველასაგან უთვალავ ქებას მოისმენ და გააქრობ ყოველგვარ ეჭვს საკუთარ თავზე თქმულთან დაკავშირებით. თუკი შეურაცხმყოფელის დასჯაც გსურს, ეს უხვად მოჰყვება, ვინაიდან ღმერთი მას იმის გამო დასჯის, რაც მან თქვა, და ამ სასჯელამდე შენი გონიერება მისთვის თითქოს სასტიკი დარტყმა იქნება. ჩვეულებრივ არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს შეურაცხმყოფელებს, როგორც ის, რომ ჩვენ იმ შეურაცხყოფებზე ვიცინით, რომლებიც ჩვენ მოგვაყენეს. და როგორც გონიერება თვით შეურაცხყოფებსაც კი ჩვენდა სასიკეთოდ აქცევს, ასევე ლაჩრობის შედეგი სრულიად საპირისპიროა, საკუთარ თავსაც ვარცხვენთ, დამსწრეებსაც დამნაშავეებად ვეჩვენებით იმაში, რაც ჩვენზე ითქვა. Საკუთარ სულს არეულობით ვავსებთ, და მტერს ვახარებთ, და ღმერთს ვაწყენინებთ, და საკუთარი ცოდვების რიცხვს ვზრდით. ამ ყველაფერზე დაფიქრების შემდეგ, თავი ავარიდოთ ლაჩრობის უფსკრულს, მივეშურებით სულგრძელების ნავსაყუდელს, რათა აქაც ვიპოვოთ სიმშვიდე ჩვენი სულებისთვის, როგორც იწინასწარმეტყველა ქრისტემ. Მივაღწიოთ მომავალ კეთილდღეობას, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელთანაც მამასა და წმიდა სულთან დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. დიდიმე ბრმა4 საუკუნე
  5. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  6. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  7. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  10. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  11. ნეკრასოვი ა. ა., პროფ.19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 7:13 კონტექსტში

7:11რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.

7:12ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

7:13ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.

7:14რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული.

7:15ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 7:13

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 7

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში