
ებრაელთა მიმართ 9:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,
ებრაელთა მიმართ 9:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 9:13
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აი, მსჯელობა: ‘ვინაიდან, თუ ხარების და თხების სისხლი და მოზვრის ნაცარი, მწიკვლის მოსხურებით, წმიდა ჰყოფს შებილწულთ ხორცის განსაწმენდად, მით უფრო ქრისტეს სისხლი. Სულიწმიდით უბიწო თავი შესწირა ღმერთს, განწმენდს თქვენს სინიდისს მკვდარი საქმეებისაგან, ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებისათვის’ (ებრ. 9:13-14).”
მთელი განმარტება
აი, მსჯელობა: “ვინაიდან, თუ ხარების და თხების სისხლი და მოზვრის ნაცარი, მწიკვლის მოსხურებით, წმიდა ჰყოფს შებილწულთ ხორცის განსაწმენდად, მით უფრო ქრისტეს სისხლი. Სულიწმიდით უბიწო თავი შესწირა ღმერთს, განწმენდს თქვენს სინიდისს მკვდარი საქმეებისაგან, ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებისათვის” (ებრ. 9:13-14).
თუკი ხარების სისხლს ძალუძს ხორცის განწმენდა, განა ქრისტეს სისხლი ვერ შეძლებს სულის უწმინდურებისგან განბანას? ნუ იფიქრებ, რომ სიტყვა “წმიდა ჰყოფს” რაიმე დიდ მნიშვნელობას შეიცავს. ავტორი განმარტავს და გვიჩვენებს ამ ორგვარი განწმენდის განსხვავებას: ერთი უაღრესად ამაღლებულია, მეორე კი, მიწიერი. სამართლიანია, რადგან იქ ხარების სისხლი იყო, აქ კი, ქრისტესი.
თუმცა, მხოლოდ ქრისტეს სახელით როდი შემოიფარგლება, არამედ იმ მსხვერპლშეწირვის გზასაც გვიხსნის, რომლითაც მან თავი შესწირა: “სულიწმიდით უბიწო თავი შესწირა ღმერთს”. ეს უბიწო მსხვერპლი ცოდვებისგან სუფთა იყო. გამოთქმა “სულიწმიდით” იმაზე მიუთითებს, რომ მსხვერპლი არ შეწირულა ცეცხლის ან რაიმე სხვა საშუალებით.
“განწმენდს თქვენს სინიდისს მკვდარი საქმეებისაგან”. მართებულად ბრძანებს, რადგან როგორც მიცვალებულთან შეხება ბილწავდა ადამიანს, ასევე მკვდარ საქმეებთან შეხება სინდისს აბინძურებს. “ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებისათვის”. ამ სიტყვებით ავტორი გვიჩვენებს, რომ მკვდარი საქმეების მოქმედი ვერ ემსახურება ცოცხალ ღმერთს. სამართლიანად ბრძანებს: “ღმერთს ცოცხალსა და ჭეშმარიტსა”, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისთვის შეწირულიც ასევე უნდა იყოს. მაშასადამე, ჩვენ მიერ შეწირული ცოცხალი და ჭეშმარიტია, იუდეველთა მიერ შეწირული კი, მკვდარი და ცრუ.
ნურავინ მოვა აქ მკვდარი საქმეებით. თუკი მიცვალებულთან შეხებულს ეკრძალებოდა შესვლა, მით უფრო, მკვდარი საქმეების მქონეს. ეს ყველაზე საძაგელი შეებილწებაა. მკვდარი საქმეები კი ის საქმეებია, რომლებშიც სიცოცხლე არ არის და რომლებიდანაც სუნი ამოდის. როგორც მკვდარი სხეული არ არის რაიმე შეგრძნების უნარის მქონე და შემაწუხებელია მის მახლობლად მყოფთათვის, ასევე ცოდვაც მალე აზიანებს გონით შესაძლებლობას და არ ასვენებს სულს, არამედ აწუხებს და ტანჯავს მას.
ამბობენ, რომ ინფექცია, როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე აზიანებს სხეულებს. ასეთია ცოდვაც: იგი ინფექციას ჰგავს, ოღონდ ჯერ ჰაერს კი არ აზიანებს და შემდეგ სხეულებს, არამედ პირდაპირ სულში იჭრება. განა ვერ ხედავ, როგორ იწვებიან ინფიცირებულები, როგორ ბორგავენ, რა სუნი ამდით, რა საძაგელია მათი სახე, რა უწმინდურები არიან? ასეთები არიან ცოდვილებიც, თუმცა ამას ვერ ხედავენ.
მითხარი, ნუთუ ყოველგვარ ცხელებით შეპყრობილზე უარესი არ არის ვერცხლისმოყვარეობის ან ვნებით შეპყრობილი? განა იგი ყოველ ასეთზე უწმინდური არ არის, როდესაც ყველაფერ სამარცხვინოს სჩადის და უშვებს? რა შეიძლება იყოს ვერცხლისმოყვარეზე უფრო საძაგელი? რაზეც მეძავები ან სანახაობებზე გამომსვლელები თანხმდებიან, იმაზე ისიც დათანხმდება. და შეიძლება იმათზე უფრო ადრეც კი დათანხმდეს. რას ვამბობ, დათანხმდება-მეთქი? ის მონად ექცევა იმათ, ვისაც არ უნდა ექცეოდეს, და თავხედობს იქ, სადაც არ უნდა თავხედობდეს. Არასოდეს იქცევა თანაბრად: ხშირად მანკიერ, ბოროტგანზრახულ, გარყვნილ ადამიანებს, რომლებიც მასზე ბევრად უარესები და უმნიშვნელოები არიან, სიამოვნებს და ეპირფერება, ხოლო სხვებს, კეთილშობილ და სრულიად სათნო ადამიანებს, ლანძღავს და შეურაცხყოფს. ხედავ ამ ორ შემთხვევაში მის უკეთურებასა და უსირცხვილობას? იგი ზომაზე მეტად თავმდაბალიცაა და ამპარტავანიც.
მეძავები სახლში რჩებიან, დამნაშავენი იმაში, რომ ფულზე ყიდიან თავიანთ სხეულს; მაგრამ ისინი თავიანთ გამართლებად სიღარიბესა და უკიდურეს შიმშილს ასახელებენ, თუმცა ამას სულაც არ შეუძლია მათი გამართლება, რადგან შრომითაც შეიძლება ირჩინო თავი. ვერცხლისმოყვარე კი სახლში არ რჩება, არამედ ქალაქის შუაგულში დადის და არა სხეულს, არამედ სულს უთმობს ეშმაკს; ერწყმის და უერთდება მას, როგორც მეძავს, და სრულად დაიკმაყოფილებს რა თავის ვნებას, მიდის; და ამას ხედავს არა ორი ან სამი ადამიანი, არამედ მთელი ქალაქი. მეძავები ჩვეულებრივ ყველას უთმობენ თავს, ვინც ოქროს აძლევს; ვინც არ უნდა შესთავაზოს მათ საფასური, მონა თუ თავისუფალი, ერთმებრძოლი თუ სხვა ვინმე, ისინი იღებენ; ხოლო იმათ, ვინც არაფერს სთავაზობს, თუნდაც ისინი ყველაზე კეთილშობილები იყვნენ, ფულის გარეშე არ უშვებენ თავისთან. იმავეს აკეთებენ ვერცხლისმოყვარეებიც; წმინდა აზრებს, როდესაც მათ ფული არ მოაქვთ, არ უშვებენ, ხოლო ბინძურ და ჭეშმარიტად მხეცურ აზრებს ფულის გამო ეჭიდებიან და უსირცხვილოდ ითვისებენ მათ, რითაც ანადგურებენ თავიანთი სულის მშვენიერებას.
როგორც მეძავები არიან უსახურნი, შავგვრემანნი, უხეშნი, მსუქანნი, უსწორმასწორონი, უხეირონი და საერთოდ საძაგელნი, ასევე არიან ვერცხლისმოყვარე სულებიც, რომლებსაც გარეგნული საცხებლებითაც კი არ შეუძლიათ დამალონ თავიანთი უსახურობა. როდესაც უსახურობა უკიდურესობას აღწევს, მაშინ ვერანაირი ხრიკი ვერ დაფარავს მას. უსირცხვილობა წარმოშობს მეძავებს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: “შუბლი მეძავისა გქონდა, სირცხვილი გადააგდე” (იერ. 3:3). იმავეს თქმა შეიძლება ვერცხლისმოყვარეზეც: არ შეგრცხვება არავისი, არც ამისი და არც იმისი, არამედ არავისი. როგორ? მას არ რცხვენია არც მამის, არც შვილის, არც ცოლის, არც მეგობრის, არც ძმის, არც კეთილისმყოფელის და საერთოდ არავისი. რას ვამბობ, მეგობრის, ძმის და მამის-მეთქი? მას არ რცხვენია თვით ღმერთისაც, არამედ ყველაფერი ზღაპრად მიაჩნია, ყველაფერზე იცინის, რადგან ძლიერი ვნებითაა გალეშილი, არ სურს მოისმინოს არაფერი, რაც შეიძლება მისთვის სასარგებლო იყოს, და კიდევ, ოჰ, სიგიჟევ! ამბობს: ვაი შენ, მამონა, და შენ რომ არ გყავს. აქ სიბრაზისგან ვიხევი: ვაი იმათ, ვინც ამას ამბობს, თუნდაც ხუმრობით ამბობდნენ. ნუთუ ღმერთი არ იმუქრებოდა ასეთი მუქარით: “ვერავინ შეძლებს ორი ბატონის მონობას” (მათ. 6:24)? შენ კი მის მუქარას ასუსტებ და ბედავ ამის თქმას საკუთარი ზიანისთვის. განა პავლე არ ამბობს, რომ (მექრთამეობა) კერპთმსახურებაა, და განა მექრთამეს კერპთმსახურად არ მოიხსენიებს (კოლ. 3:5; ეფ. 5:5)? შენ კი დგახარ და იცინი, როგორც საჯარო ქალები, და სცენაზე მოთამაშეების მსგავსად ხარ გართული სიცილით. ამიტომ ყველაფერი დაემხო და დაეცა; სასაცილოდ იქცა ჩვენთან ყველაფერი, ურთიერთობა, ზრდილობა; არაფერია საფუძვლიანი, არაფერია მტკიცე. ამას მხოლოდ ერისკაცებთან მიმართებაში კი არ ვამბობ, არამედ ვიცი, ვისაც ვგულისხმობ, და ეკლესიაც ხომ სიცილით ივსება. ერთი იტყვის მახვილ სიტყვას და სიცილი მაშინვე ვრცელდება მსხდომთა შორის; და გასაკვირია, თვით ლოცვის დროსაც კი ბევრი არ წყვეტს სიცილს; ეშმაკი ყველგან ზეიმობს, ყველანი შეკრა, ყველას ეპატრონება; ქრისტე შეურაცხყოფილია და განდევნილი; ეკლესია არაფრად ითვლება. ნუთუ არ გესმით პავლეს სიტყვები, რომელიც ამბობს: “უწმაწურობა და ცუდი ლაპარაკი და ხუმრობა არ შეგფერით თქვენ, არამედ მადლიერება” (ეფ. 5:4)? ღვთის გმობას იგი უწმაწურობასთან ერთად აყენებს: შენ კი იცინი? რა არის “ცუდი ლაპარაკი”? ის, რაც არანაირ სარგებელს არ მოაქვს. შენ კი მაინც იცინი? და შენ, ბერო, იღრეჭ სახეს? ჯვარცმულო (სამყაროსთვის), გოდებისთვის მიცემულო, მითხარი, რაზე იცინი? გსმენია, რომ ქრისტეს ოდესმე გაეკეთებინოს ეს? არასოდეს, პირიქით, ხშირად წუხდა იგი. როდესაც იერუსალიმს უყურებდა, ტიროდა; როდესაც წარმოიდგენდა გამცემს, აღშფოთდებოდა; როდესაც ლაზარეს აღდგენას აპირებდა, ტიროდა; შენ კი იცინი? თუ ის, ვინც სხვების ცოდვებზე არ წუხს, დასასჯელია, მაშ, როგორ შეიძლება პატიება დაიმსახუროს იმან, ვინც საკუთარ ცოდვებზე არ წუხს და იცინის? ახლანდელი დრო მწუხარებისა და გლოვის, შემუსვრისა და თავმდაბლობის, ბრძოლისა და ღვაწლის დროა; შენ კი იცინი? ნუთუ არ იცი, როგორ ამხილეს სარა? ნუთუ არ გესმის ქრისტეს სიტყვები, რომელიც ამბობს: “ვაი თქვენ, რომელნი იცინით ახლა, ვინაიდან ივაგლახებთ და იტირებთ” (ლუკ. 6:25)? იმავეს გალობ ყოველდღე. მართლაც, მითხარი, რას ამბობ? განა (ამბობ): ვიცინოდიო? არა. აბა, რას? “დავიღალე ჩემი ოხვრით” (ფს. 6:7). მაგრამ, შესაძლოა, ზოგიერთები იმდენად გულმავიწყნი და მსუბუქნი არიან, რომ ამ საყვედურზეც კი იცინიან, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ახლა სიცილზე ვსაუბრობთ; ასეთია გულმავიწყობის თვისება, ასეთია თავაშვებულობა, რომ საყვედურიც კი უგრძნობია. ღვთის მღვდელი დგას და ლოცვას აღავლენს ყველასთვის, შენ კი, არაფრის მრცხვენია, იცინი? ის შიშით აღავლენს ლოცვებს შენთვის, შენ კი ზიზღს გამოხატავ? ანუ არ გესმის წმინდა წერილის სიტყვები, რომელიც ამბობს: ვაი მოძულეთა? ნუთუ არ ძრწი და არ კანკალებ? როდესაც სამეფო პალატებში შედიხარ, იცავ ზრდილობას ტანსაცმელშიც, მზერაშიც, სიარულშიც და ყველაფერ დანარჩენშიც; აქ კი, სადაც ჭეშმარიტი სამეფო პალატებია, ისეთივე, როგორიც ცაშია, იცინი? რა თქმა უნდა, ამას ვერ ხედავ; მაგრამ იცოდე, რომ ანგელოზები ყველგან აქ არიან და განსაკუთრებით ღვთის სახლში უდგანან მეფეს, და ყველაფერი სავსეა ამ უხორცო ძალებით.
იმავეს ვეტყვი ქალებსაც, რომლებიც ქმრებთან თანდასწრებით ამის გაკეთებას მალე ვერ ბედავენ, ხოლო თუ აკეთებენ, მხოლოდ მხიარულების დროს; აქ კი (აკეთებენ) ყოველთვის. შენ, ქალო, თავს იფარავ და რაზე იცინი, მითხარი, ეკლესიაში მჯდომარე? შენ აქ მოხვედი შენი ცოდვების აღსარებლად, ღმერთთან დასაცემად, სათხოვნელად და სალოცავად შენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო, და ამას სიცილით აკეთებ? როგორღა შეძლებ მის გულის მოგებას? მაგრამ იტყვი: რა არის ცუდი სიცილში? სიცილი კი არაა ცუდი, არამედ ცუდია ის, როდესაც ის ზომის გარეშეა, როდესაც ის უადგილოა. სიცილის უნარი ჩვენთვის იმიტომაა მოცემული, რომ გამოვიყენოთ ის, როდესაც დიდი ხნის დაშორების შემდეგ მეგობრებს ვნახავთ, რომ. Დავინახავთ რაიმე დაქანცულს და დაცემულს სულით, გავამხნევოთ იგი ღიმილით, და არა იმიტომ, რომ ვიხითხითოთ და გამუდმებით ვიცინოთ; სიცილის უნარი ჩვენს სულში იმიტომაა ჩანერგილი, რომ სულმა ხანდახან შვება მიიღოს და არა იმიტომ, რომ ის მოდუნდეს. ხორციელ ვნებასაც ჩვენს ბუნებაში უდევს სათავე, მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ აუცილებლად უნდა დავიკმაყოფილოთ ის ან ზომის გარეშე გამოვიყენოთ ის; არამედ უნდა ვმართოთ იგი, და ჩვენ არ ვამბობთ: ის ჩვენშია ჩანერგილი, ამიტომ ჩვენ უნდა დავიკმაყოფილოთ ის.
ემსახურე ღმერთს ცრემლებით, რათა შეძლო ცოდვების ჩამობანა. ვიცი, რომ ბევრი ჩვენზე იცინის და ამბობს: ისევ ცრემლებიო. მაგრამ ამიტომაცაა ცრემლების დრო. ვიცი, ზოგიერთები მნიშვნელოვნად ამბობენ: “ვჭამოთ და ვსვათ, ვინაიდან ხვალ მოვკვდებით” (1 კორ. 15:32). მაგრამ გაიხსენე, რომ “ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა” (ეკლ. 1:2). ამას მე კი არ ვამბობ, არამედ ის, ვინც ყველაფერი გამოსცადა: “სახლები ავიშენე, ამბობს ის, ვენახები გავაშენე, ბაღები და პარკები გავაკეთე და შიგ ყოველგვარი ნაყოფიერი ხე დავრგე” (ეკლ. 2:4-6). და ამ ყველაფრის შემდეგ რას ამბობს ის? “ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა”.
მაშ, ვიტიროთ, საყვარელნო, ვიტიროთ, რათა ჭეშმარიტად ვიცინოთ, რათა ჭეშმარიტად ვიხაროთ ნამდვილი სიხარულის დროს. ნამდვილი სიხარული ყოველთვის მწუხარებასთანაა შერეული და არასოდეს არის წმინდა, ხოლო ის, სიხარული ნამდვილია, მოუჩვენებელი, არ შეიცავს რაიმე არაგულწრფელს, არ აქვს რაიმე მინარევი. ვიხაროთ იმ სიხარულით, ვეცადოთ მის მიღებას; ხოლო მისი მიღება სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა აქ სასიამოვნოს კი არა, არამედ სასარგებლოს არჩევით, და ნებაყოფლობით რაიმე მწუხარების გამოცდილებითაც კი, და მადლიერებით ყველაფრის ატანით, რაც ხდება. ამგვარად ჩვენ შევძლებთ ცათა სასუფევლის ღირსნი გავხდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელთანაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 9:13 კონტექსტში
9:11ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით.
9:12ვაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.
9:13ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,
9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
9:15ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 9:13
- რიცხვთა 19:2აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;
- რიცხვთა 19:21იყოს მათთვის სამარადისო აღთქმად: გამაწმიდავებელი წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს ტანსაცმელი; გამაწმიდავებელ წყალს მიკარებულიც უწმიდურია საღამომდე.
- მოციქულთა საქმენი 15:9ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:22ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
- ლევიანი 16:14აიღოს ხბოს სისხლი და თითით ასხუროს თავსარქველს წინა მხრიდან, თავსარქველის წინ კი შვიდგზის ასხუროს სისხლი თითით.
- ლევიანი 16:16განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის.
- ფსალმუნები 51:7მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
- ნეშტთა შორისა ბ 30:19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 9
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



